“დეას” მორიგი პროექტი “შშმ პირთა უფლებების დაცვასა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა”


  • აპრილის თვეში, ასოციაციამ “დეა”, დაასრულა მუშობა პროექტზე: “შშმ პირთა უფლებების დაცვასა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა”, რომელიც განხორციელდა 2021 – 2022 წლებში ფონდის “პური მსოფლიოსთვის პროტესტანტული განვითარების სამსახური” (BFDW) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით. “ზუგდიდელებთან” საუბრობენ: ქრისტინე ქაჯაია, პროექტის ოფიცერი, ნინო ყუფუნია, ასოციაცია „დეას“ იურისტი და მადონა ხარებავა, პროექტის დირექტორი.

ქრისტინე ქაჯაია, პროექტის ოფიცერი: -“პროექტის მიზანი იყო შშმ პირთა უფლებების დაცვასა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა შშმ პირთა  თვითშეფასების დონის ამაღლებით და დისკრიმინაციის შემცირების გზით. პროექტი  განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, თუმცა რიგ საქმიანობებში მონაწილეობას ღებულობდნენ თბილისისა და სხვა რეგიონების წარმომადგენლებიც.  

პროექტის მიზნის მისაღწევად დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახის აქტივობები, როგორიცაა: ტრენინგები, დისკუსიები, საჯარო შეხვედრები, სტატიები, თუ რადიოგადაცემები. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ტრენინგები ოთხი სამიზნე ჯგუფისთვის: მედია, ადგილობრივი ხელისუფლება, სამართალდამცავი სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად, ამ ჯგუფების წარმომადგენლები ნაკლებად არიან გათვითცნობიერებული შშმ პირთა უფლებებსა და საჭიროებებზე, სუსტია თანამშრომლობა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებებზე და განსაკუთრებით, ქალთა დაცვის უფლებებზე მომუშვე ორგანიზაციებს შორის. ტრენინგის შედეგად, მათ მიიღეს საჭირო ინფორმაცია ამ მიმართულებით, შეუძლიათ პრობლემების იდენტიფიცირება, აანალიზებენ შშმ პირთა გამოწვევებს და ათვითცნობიერებენ თავიანთ კომპეტენციებს. აქვე ვიტყოდი იმას, რომ ნაკლებია მედიის ინტერესი (გარდა გახმაურებული შემთხვევებისა)  შშმ პირთა საკითხებზე, რაც ძირითადად, განპირობებულია იმით, რომ შშმ პირთა თემა კვლავ არარეიტინგულად მიაჩნიათ და ხშირად არ არის პრიორიტეტული მედიისთვის.

აღსანიშნავია, რომ პროექტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საზოგადოების, განსაკუთრებით იმ სტრუქტურების ინფორმირებასა და გააქტიურებაში, რომლებიც უშუალო კომუნიკაციაში არიან შშმ პირებთან და მშობლებთან. თითოეულ ჯგუფთან ტრენინგებისა და სადისკუსიო შეხვედრების საშუალებით, უფრო ნათელი გახდა ის საჭიროებები, პრობლემები და გამოწვევები, რასაც შშმ პირები აწყდებიან, განსაკუთრებით კი, უფლებათა დაცვის მიმართულებით. სადისკუსიო შეხვედრებზე გაზიარებული გამოცდილებები და შემუშავებული რეკომენდაციები პოზიტიურად უნდა აისახოს სამომავლო პრაქტიკაზე თითოეული მონაწილის მხრიდან.

ჩვენი მოსაზრებით, არსებული გამოწვევების საზოგადოებისთვის გასაცნობად, პროექტის ფარგლებში, შექმნილმა რადიოგადაცემებმა და სტატიებმა დიდი გავლენა მოახდინეს. განსაკუთრებით, სტატია სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ სერვისებზე დიდ ყურადღებას იპყრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან. აქვე, აღსანიშნავია, რომ სოციალური ვიდეორგოლი “დადექი ჩემს გვერდით“ ძლიერ მესიჯს უგზავნის ქალებს და მიზნად ისახავს მათ მოტივირებას ისწავლონ და დაიცვან თავიანთი უფლებები. ვიდეორგოლი გავიდა საზოგადოებრივი   მაუწყებლისა და “ევრონიუს- ჯორჯიას” არხებზე. ვიდეორგოლი შეგიძლიათ იხილოთ, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.

ერთ-ერთმა ჩვენმა აქტივობამ ცხადჰყო, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და იმ ადამიანებისგან მაგალითის აღება, ვინც გაიარეს ის გზა, რასაც ახლა საქართველოში მცხოვრები შშმ პირები გადიან. ამერიკელ სამოქალაქო აქტივისტთან და შშმ პირების უფლებადამცველ ბრუს კურტისთან შეხვედრამ გამოიწვია დიდი დაინტერესება. შეხვედრის პროცესში დამსწრეთა კითხვების დიდმა რაოდენობამ აჩვენა, მსგავსი ტიპის შეხვედრების აუცილებლობა და მნიშვნელობა. სადისკუსიო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში შშმ პირთა საკითხებში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სოაციალურმა მუშაკებმა და შშმ პირთა საკითხებით დაინტერესებულმა პირებმა. ამგვარად, პროექტმა მიაღწია ყველა დასახულ მიზანს იმ საინტერესო აქტივობებით, რაც განხორციელდა და იმავდროულად, განსაკუთრებით, ბიძგი მისცა შშმ პირებს უფრო აქტიურად დაიცვან საკუთარი უფლებები.

ნინო ყუფუნია, ასოციაცია „დეა“-ს იურისტი: -“პროექტის მიმდინარეობის პერიოდში, ხორციელდებოდა უფასო იურიდიული კონსულტაციები შშმ პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. მიუხედავად ასოციაციის მხრიდან გამართული საინფორმაციო კამპანიისა, იურიდიული კონსულტაცია განხორციელდა დაგეგმილზე ნაკლები რაოდენობით. გამომწვევ მიზეზად შესაძლოა დასახელდეს პანდემია, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ნაკლები აქტიურობა, რასაც ხელს უწყობს რეგიონის მოსახლეობის გათვითცნობიერების დაბალი დონე.

კონსულტაციებზე დაფიქსირებული საკითხების უმრავლესობა დაკავშირებული იყო მატერიალურ ბენეფიტებთან, ქვეყნის მასშტაბით და ადგილობრივ დონეზე არსებულ ფულად და სხვა სოციალურ დახმარებასთან. ნაკლებად გვხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან, ძალადობასთან, დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები. თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხშირად არ არიან დაინტერესებული საკუთარი მონაწილეობით, ჩართულობით, შეიცვალოს არსებული მდგომარეობა. ამის მთავარ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხშირ შემთხვევაში, არ ფლობენ, ინფორმაციას საკუთარი უფლებების შესახებ, გამოირჩევიან დაბალი თვითშეფასებით. მათ მიმართ ძალადობა, უფლებების და თავისუფლებების განხორციელების შეუძლებლობა არ აღიქმება დარღვევად და ძალადობად, არც საზოგადოების და არც თვით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხრიდან. ამას ხელს უწყობს ის ფაქტორიც, რომ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი აცნობიერებენ დარღვევას, ან ძალადობას, არ აქვთ მოლოდინი არსებული სიტუაციის შეცვლის, საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობის არსებობის. ძალადობის ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, აქვთ შიში უფრო მეტი იზოლაციის ოჯახისგან, საზოგადოებისგან. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისგან დაფიქსირდა შშმ პირების ნაკლები აქტიურობა, ნაკლები ერთიანობა საკუთარი უფლებების დასაცავად, შშმ პირთა დისკრიმინაციის ფაქტების, კანომდებლობაში არსებული დისკრიმინაციული ნორმების აღმოსაფხვრელად.

მადონა ხარებავა, პროექტის დირექტორი: – “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირები ერთ-ერთი ყველაზე უხილავი და გარიყული სოციალური ჯგუფია ქვეყანაში. ისინი ხშირად არიან დისკრიმინაციისა და არათანაბარი მოპყრობის სამიზნე. ეს განსაკუთრებით თვალში საცემია შშმ ქალებისა და გოგონების შემთხვევაში. შშმ ქალთა წინაშე, სულ მცირე, ორმაგად მაინც იზრდება რისკი იმისა, რომ ისინი დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას,  ძალადობას, რადგან ერთი მხრივ, როგორც ქალები მიეკუთვნებიან გენდერული ნიშნით ძალადობის რისკ-ჯგუფს, მეორე მხრივ, შესაძლებლობათა შეზღუდვის ნიშნის გამო იზრდება მათი მოწყვლადობა.  

აქედან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების განსხვავებულ საჭიროებებზე.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ შესაძლებლობის შეზღუდვის საკითხები და გენდერი     2010-იან წლებამდე ერთიან კომპლექსურ კონტექსტში არ განიხილებოდა. გენდერი ვერ ხედავდა შესაძლებლობათა შეზღუდვის საკითხებს და პირიქით. ეს ორი თემა “აცდენილი წრფეები” იყო.  დღეს უკვე დამტკიცებულია, რომ  გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობის ეს ორი სოციალური კატეგორია, პირდაპირ კორელაციაშია გენდერული უთანასწორობის ერთ – ერთ უმძიმეს ფორმასთან გენდერული ნიშნით ძალადობასთან.

შესაბამისად, საერთაშორისო თუ ეროვნული საკანონმდებლო ბაზები და პოლიტიკური  დოკუმენტები, ბოლო წლებამდე, ნაკლებად აღიარებდა შშმ გოგონებისა და ქალების    სხვებისგან განსხვავებულ საჭიროებებს. შშმ პირი, როგორც ქალი უხილავი იყო და არ აღიქმებოდა “ქალად” სახელმწიფოს, არა შშმ ქალების, ქალთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ქალთა ორგანიზაციების, თუ  საზოგადოების მხრიდან, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი მათ მოწყვლადობას .

შშმ ქალების “უხილავობამ” განაპირობა ის, რომ  წლების განმავლობაში, გენდერული თანასწორობის მიმართულებით, საერთაშორისო, თუ ეროვნულ საკანონმდებლო ბაზაში,   შეტანილმა პოზიტიურმა ცვლილებებმა, გენდერის კუთხით გატარებულმა მრავალმა ღონისძიებამ, ხელი ვერ შეუწყო შშმ გოგონებისა და ქალების გაძლიერებას და სხვა ქალების თანასწორად, მათი უფლებების წარმოჩენას და დაცვას.

მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო იმ სპეციფიკურ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც არსებობს განათლებისა და დასაქმების სფეროში შშმ ქალებისთვის

განათლება

დღემდე, საერთაშორისო თუ ეროვნული კანონები, პოლიტიკა და პროგრამები, ადეკვატურად ვერ/არ ითვალისწინებს საგანმანათლებლო ბარიერებს, რომლებსაც აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები.

მიუხედავად იმისა, რომ შშმ გოგონებს იგივე უფლებები აქვთ განათლებაზე, როგორიც შშმ  ბიჭებს და მათ სხვა არა შშმ თანატოლებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და  გოგონები ყველაზე გარიყულ ჯგუფს წარმოადგენენ განათლების სისტემის ყველა საფეხურზე – სკოლამდელი აღზრდიდან უწყვეტი განათლების ჩათვლით. კვლევები აჩვენებს, რომ ხარისხიანი განათლების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებსა და ქალებს, შშმ ბიჭებთან შედარებით, მეტი ბარიერის გადალახვა უწევთ. ეს ძირითადად, განპირობებულია ორმაგი დისკრიმინაცით, რომელიც დაფუძნებულია გენდერზე და შეზღუდულ შესაძლებლობაზე. შშმ გოგონებისთვის განათლების მიღების პროცესში, მნიშვნელოვანი ბარიერია გენდერული ნიშნით ძალადობის მაღალი მაჩვენებელი, რამაც  შეიძლება გამოიწვიოს ტრავმა, ორსულობა და აივ/შიდსისადმი მიდრეკილება. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ასევე, სპეციალურ საგანმანათლებლო სერვისებზე და დახმარებაზე წვდომა სასწავლო გეგმებში გენდერული და შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით არსებული სტერეოტიპები. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გოგონები უფრო მეტად განიცდიან ბულინგს და დაცინვას თანატოლების მხრიდან, მათი შეზღუდული შესაძლებლობისა და სქესის გამო, ვიდრე შშმ ბიჭები. ეს ფაქტორი გავლენას ახდენს ემოციურ და კოგნიტურ განვითარებაზე და უარყოფითად აისახება მათ თვითშეფასებაზე, ხარისხიანი განათლების მიუწვდომლობა გრძელვადიან გავლენას ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების დასაქმებაზე.

დასაქმება

მიუხედავად, ბოლო პერიოდში შრომით და დასაქმების სფეროში გატარებული პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებებისა, დასაქმება წარმოადგენს შშმ პირთათვის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხს. შშმ პირები არ განიხილებიან პოტენციურ კონკურენტებად შრომის ღია ბაზარზე, მათ შორის საჯარო სექტორშიც. საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2020 წლისათვის, საჯარო სტრუქტურაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიონალი საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა მხოლოდ 51-% ( 0,13% ) 39,392-დან. მათ შორის 61% კაცია და 39% – ქალი.

კანონები და მხარდამჭერი  სერვისები არ ითვალისწინებენ, იმ დამატებით სპეციფიკურ  ბარიერებს, რომელებსაც, შშმ  მამაკაცებისგან განსხვავებით, აწყდებიამ შშმ ქალები დასაქმების სფეროში. მათ შორისაა სექსუალური შევიწროება, არათანაბარი ანაზღაურება, კომპენსაციის მიღების სირთულე. შშმ პირთა დასაქმების თვალსაზრისით, კვლავ    მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს დამსაქმებელთა სტერეოტიპული და დისკრიმინაციული დამოკიდებულებები, განსაკუთრებით ფსიქო-სოციალური და   ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირების მიმართ. შშმ პირების დაბალი თვითშეფასება, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპი და სტიგმა, “არაკეთილგანწობილი” ფიზიკური და სოციალური გარემო და სხვა”.

დონორი: ფონდი “პური მსოფლიოსთვის პროტესტანტული განვითარების სამსახური“ (BFDW) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

სტატია მომზადდა ასოციაცია “დეას“ პროექტის “შშმ პირთა უფლებების დაცვასა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა”  ფარგლებში, ფონდის “პური მსოფლიოსთვის პროტესტანტული განვითარების სამსახური“ (BFDW) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ  ასოციაცია “დეა”. გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

(R)


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!