გერმანული “ფრიდენსდორფი”, ნანა აბრამია და მისი ცხოვრების ჯერ აუხდენელი ოცნება


  • ზუგდიდს, ზუგდიდს გარეთ, ბევრი შვილი ჰყავს მასზე მზრუნველი, საკუთარ უბეში გაზრდილი შვილი, ვისთვისაც თანამემამულეების დახმარება და მხარდაჭერა მარტო მოვალეობა კი არა, შინაგანი,-გულისა და სულის მოთხოვნილებაა. ექიმი ნანა აბრამია სწორედ რომ ერთ-ერთი მათგანია. ქალბატონი ნანა როცა ზუგდიდზე და ზუგდიდელებზე გესაუბრება, ფიქრობ, რომ ზუგდიდზე კარგი მსოფლიოში არც ერთი ქალაქი არ არის. ფიქრობ, რომ ზუგდიდელებზე გამტანი და მოყვასის მოყვარულიც არ არის არსად არავინ. “მე ჩემი ზუგდიდელებისთვის გავაკეთე”, “მე ჩემს ზუგდიდელებს გავუკეთებ!”- ამბობს. მას შემდეგ კი, რაც ნანა აბრამიამ თავისი საქმიანობა გერმანულ “ფრიდენსდორფს” დაუკავშირა, უპირობო დახმარების ხელს უწვდის,როგორც სრულიად საქართველოს, ასევე ზუგდიდელ ბავშვებს და მათ ჯანმრთელობას მშობელივით აყურადებს.

ნანა აბრამია “ზუგდიდელებთან” საუბრობს საკუთარ თავზე და “ფრიდენსდორფ ინტერნაციონალზე”:

“-1955 წელს დავიბადე. დავამთავრე II საშუალო სკოლა ოქროს მედლით. ჩემი პირველი სამუშაო ადგილი ენგურქაღალდკომბინატის საავადმყოფო იყო. 1981 წელს დავქორწინდი ანზორ ბერულავაზე, ზუგდიდის განათლების განყოფილების გამგეზე, იმ იმედით რომ მამას, ამირან აბრამიას, ცნობილ ზუგდიდელ ექიმს, ყოველდღე ვინახულებდი და ჩემს მშობლიურ ქალაქს ჩემს პროფესიულ დახმარებას გავუწევდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ გადავედით საცხოვრებლად თბილისში, თუმცა ზუგდიდთან არასდროს გამიწყვეტია კავშირი. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე ვზრუნავდი ჩემს ქალაქზე. 11 წლის ვიყავი, ქალაქმა დამაჯილდოვა არტეკის საგზურით და ოქროს 3 მედალი ჩამოვიტანე ცნობილი პიონერთა ბანაკიდან. 70-იან წლებში უდიდესმა ქარიშხალმა დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ბოტანიკურ ბაღს. მე და მამა ყოველ დღე მივდიოდით და სხვებთან ერთად, ვასუფთავებდით, ვალაგებდით იქაურობას.

ანაკლიაში სახლი გვქონდა ზღვის პირას. ნაპირზე უამრავი რკინის ნაკეთობები ეყარა. მე და ჩემმა გამზრდელმა, რამდენიმე დღეში, 2 ტონა ჯართი შევაგროვეთ. სკოლაში ყველაზე მეტ მაკულატურას მე ვაბარებდი მამას დახმარებით. უდიდესი სიამოვნებით ვიხსენებ ჩემს მუშაობას კომბინატის საავადმყოფოში. ჩემი პაციენტებისთვის, რომლებსაც საშუალება არ ჰქონდათ, ვყიდულობდი წამლებს, საკვებს, ტანსაცმელს.
”ფრიდენსდორფ ინტერნაციონალის” წარმომადგენელი საქართველოში ვარ 2005 წლიდან. ინფორმაციისთვის: გერმანიის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “ფრიდენსდორფ-ინტერნაციონალი” 1967 წელს შეიქმნა და 25-ზე მეტ ქვეყანასთან თანამშრომლობს. საქართველოში კი, 1994 წლიდან აქტიურად ახორციელებს ფასდაუდებელ დახმარებას. 26 წელია მეც მათთან ერთად, თავგანწირვით ვემსახურები ავადმყოფ ბავშვებს. შარშან 51-ჯერ ჩავფრინდი გერმანიაში. ერთი წელია პანდემიის გამო ფრენები არ ხორციელდება, მაგრამ სხვა გზა გამოიძებნა და მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს კვლავ შევძელით საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარება, მით უფრო რომ საიუბილეო თარიღი გვაქვს.

26 წლის განმავლობაში, გერმანიის კლინიკებში, 600-ზე მეტმა პაციენტმა ჩაიტარა ძირითადად ოპერაციული მკურნალობა, რამდენიმე ასეულმა პაციენტმა მიიღო დაზუსტებული დიაგნოზი. რამდენიმე ათასი პაციენტი გასინჯულ იქნა “ფრიდენსდორფის” სამედიცინო ჯგუფის მიერ, რომლებიც წელიწადში 2-3 ჯერ სტუმრობენ საქართველოს.

2017 წლამდე, ყოველი წლის ბოლოს, 30-40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი (საკვები პროდუქტები, ტკბილეული და პირველადი მოხმარების საგნები) უნაწილდებოდა საქართველოს შეჭირვებულ მოსახლეობას. სმენადაქვეითებული ბავშვები ღებულობენ სმენის აპარატებს. ზემოთაღნიშნული დახმარება მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს, მაგრამ მე, როგორც გულმხურვალე ზუგდიდელი შევეხები და შევეცდები მოკლე ანგარიში ჩავაბარო ჩემს უსაყვარლეს ზუგდიდელებს (ეს ადრეც გამიკეთებია), ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩემი საქმიანობა სითბო, შრომა, ფიქრები, ყველაფერი რაც ჩემი თანაქალაქელებისთვის გამიკეთებია მოკლედ გაგაცნოთ. 26 წლის განმავლობაში, ზუგდიდიდან, სამკურნალოდ, წავიყვანეთ რამდენიმე პატარა პაციენტი, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე პაციენტი, რომლებიც ზუგდიდში ცხოვრობენ. წავიყვანეთ ბავშვები ჭითაწყარიდან, ახალსოფლიდან, კახათიდან, ჭაქვინჯიდან, ჯიხაშკარიდან, ხურჩადან. პატარები გაიზარდნენ თავს კარგად გრძნობენ. 4-6 შშმ პირს გადავეცით სამედიცინო ეტლი. რამდენიმე პაციენტი, ეპილეფსიით დაავადებული, წლობით ღებულობს საჭირო მედიკამენტებს, დიაბეტით დაავადებულები კი, გლუკომეტრებს. რამდენიმე ათეული პაციენტი გაისინჯა გერმანელი მედიკოსების მიერ. ორი პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია, ამჟამად დასამუშავებლად “ფრიდენსდორფშია”. 2017 წლამდე, ტრადიციულად, დეკემბერში, საახალწლო საჩუქრები ნაწილდებოდა ზუგდიდში.

პანდემიის პერიოდშიც ჩვენ შევძელით დავხმარებოდით 50 პაციენტს მიეღო საჭირო მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა, რაც მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ძალიან მიხარია, რომ მცირედ, მაგრამ მაინც დავეხმარეთ რუხის კლინიკას. გადავეცით მაღალი ხარისხის ახალი სამედიცინო ეტლი. ვიმედოვნებ, რომ “ფრიდენსდორფი” მომავალში უფრო მეტი სიკეთის გაღებას შეძლებს და მეც შევძლებ ჩემს მშობლიურ ზუგდიდს და ზუგდიდელებს მოვეფერო, დავეხმარო იმას, ვისაც ჩემი დახმარება დასჭირდება. რაც შეეხება “ფრიდენსდორფ ინტერნაციონალის” საქართველოში დამკვიდრებას,- 90-იან წლებში, გერმანელი პარტნიორები, საქართველოში ჩამოიყვანა ცნობილმა ქართველმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ ხუტა ბერულავამ, რომელიც იყო საქართველოს, აკაკი წერეთლის სახელობის საბავშვო ფონდის “ჯანმრთელი ბავშვების” თავმჯდომარე და საკავშირო საბავშვო ფონდის გამგეობის წევრი. მან საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ, შესძლო დამოუკიდებელი მოლაპარაკება “ფრიდენსდორფის” დირექტორთან, ბატონ რონალდ გეგენფურტნერთან, რომელიც მოგვიანებით საქართველოს საპატიო მოქალაქეც გახდა.

წლების მანძილზე, ზუგდიდში, ჰუმანიტარული აქციების ჩატარებაში მეხმარებოდნენ, აწგარდაცვლილი, ცნობილი ზუგდიდელი, ტარიელ ქანთარია და მისი მეუღლე მათუთა უბილავა. ტვირთის გადაზიდვაში დამეხმარა ჩემი უახლოესი მეგობარი, აწგარდაცვლილი, თემურ ყორშიაც. მან გამოყო ტრანსპორტი და ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოს საზეიმო ვითარებაში გადავეცით გერმანიიდან გამოგზავნილი შესახვევი მასალა, მედიკამენტები, სამედიცინო აღჭურვილობა. მათ შორის, დღენაკლულ ჩვილთათვის ინკუბატორი, ტუბდისპანსერის მედიკამენტები და ა.შ.
შეხვედრაზე, საჯაროდ გამოცხადდა, რომ ჩემი საჩუქარი იყო, თუმცა ამის გაცხადება არ იყო ჩემი სურვილი. ჩემთვის მთავარი იყო, მე, ჩემი ზუგდიდელების ჯანმრთელობის დაცვაში შემეტანა ჩემი პატარა წვლილი, ჩვენს დიდი პარტნიორთან, “ფრიდენსდორფათან” ერთად.

ბატონი ტარიელ ქანთარიას მერობის დროს, ზუგდიდში ჩავიდნენ იაპონული ჟურნალისტები, რომლებიც წლების მანძილზე აშუქებენ “ფრიდენსდორფის” საქმიანობას. მათ გადაიღეს ფილმი ჩვენს ორგანიზაციაზე და ზუგდიდელ გოგონაზე, ვინც მკურნალობა ჩაიტარა გერმანიაში. ეს იყო საოცრად თბილი ფილმი, რომელმაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი მოწონება დაიმსახურა.
“ფრიდენსდორფი” ძალიან ყურადღებიანი პარტნიორია. მას შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩემი გულისხმიერი დამოკიდებულება მინდობილი საქმისადმი და ჩემი საიუბილეო მიმართვა, რადგან მე კოვიდვირუსით კლინიკაში ვმკურნალობდი და ვერ გავემგზავრე სიუბილეო საერთაშორისო კონფერენციაზე, მთელი მსოფლიოდან მოწვეულ სტუმრებს მოასმენინა. ვიდეომიმართვამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ანგელა მერკელმა თავის გამოსვლაში მასზე ყურადღება გაამახვილა და მე გამოჯანმრთელება მისურვა.
იმ დიდ საქმეში, რასაც ჰქვია გერმანულ “ფრიდენსდორფთან” ურთიერთობა, მარტო არ ვყოფილვარ. ჩემს გვერდით იდგა ჩემი მეუღლე ანზორ ბერულავა. ანზორს კარგად იცნობენ ზუგდიდელები. ის იყო პროფესიით ფილოლოგი, იურისტი (მაგისტრი), ჟურნალისტი (ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი. პედაგოგიკის დოქტორი, პროფესორი, ღირსების ორდენოსანი, წლების მანძილზე, ზუგდიდის განათლების განყოფილების გამგე. ანზორი “ჯანმრთელი ბავშვების” თანათავმჯდომარე გახლდათ წლების განმავლობაში. 2014 წლის დასაწყისში გახდა ავად. 6 წელი თავგანწირვით ვიბრძოლე მისი გადარჩენისთვის. მეორე წელია ამ ქვეყნიდან წავიდა, მაკლია მისი თანადგომა, გამჭრიახობა, თუმცა არც ახლა ვარ მარტო ამ დიდ საქმეში. ჩემს გვერდით დგას ჩვენი ერთადერთი ქალიშვილი, ექიმი ანა ბერულავა.
ანამ “ფრიდენსდროფში” გაიარა 6 თვიანი პრაქტიკა. უკავია თანათავმჯდომარის პოზიცია და ქართულ ტრადიციას ღირსეულად აგრძელებს “ფრიდენსდორფთან” ურთიერთობაში. ჩემს გვერდითაა ჩემი შვილიშვილი, 18 წლის ლევანი. შეიძლება ითქვას, ის ჩემი თანაშემწეა ტექნიკურ ნაწილში და რაც მთავარია, აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა იმ საქმისადმი, რასაც აკეთებს.
“ფრიდენსდორფმა”, ჩემს ოცნებას, შემძლებოდა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ბევრ შემთხვევაში შეასხა ფრთები. მაგრამ ჯერჯერობით, განუხორციელებელი დამრჩა ჩემი დიდი ხნის ოცნება, ბავშვობის ოცნება- შემექმნა ბავშვთა ცენტრი. ამჟამად, ქართული “ფრიდენსდორფი” 26 წლისაა და მეც, 26 წელია ვიბრძვი, რომ 1000 მ2 მიწის ნაკვეთი გამოგვიყონ, რომ გერმანელებმა, საქართველოში, თბილისში, ააშენონ ბავშვთა პალიატური ზრუნვის ცენტრი. ისინი ამისთვის მზად არიან, მაგრამ… მოვიარე ყველა ინსტანცია დაწყებული საპატრიარქოდან- პარლამენტი, ჯანდაცვის სამინისტრო, ყოფილი და ახლანდელი პრეზიდენტი. სამწუხაროდ, უშედეგოდ. ცენტრი მინდა გარდაცვილი დირექტორის რონალდ გეგენფურტნერის სახელობის იყოს. ეს ის პიროვნებაა, რომელმაც 1994 წელს, პირველი ქართველი პაციენტი წაიყვანა გერმანიაში.
იმედია, ბრძოლაში არ დავიღლებით. ახდება ჩემი ოცნება, რომელიც უფრო ჩემი ხალხისთვის მინდა, ვიდრე პირადად ჩემთვის.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!