ხუთდღიანი გაფიცვის შემდეგ, ზუგდიდელმა მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. როგორც მათ “ზუგდიდელები.გე”-სათან საუბარში აღნიშნეს, მძღოლების მთავარი მიზანი, არ შემოვიდეს “მეტრო+”-ის ავტობუსები ზუგდიდის ავტოსადგურში, უკვე მიღწეულია-ხელშეკრულება, რომელიც შპს “ავტოსადგურსა” და “მეტრო+”-ს შორის იყო გაფორმებული, გაუქმდა.
ხვალიდან, ხუთშაბათიდან, მძღოლები მოემსახურებიან მგზავრებს თბილისისა და სხვა ქალაქების მიმართულებით, მაგრამ გაურკვევლობაში არიან “მეტრო+”-ის თანამშრომლები. მათ არ აქვთ ინფორმაცია ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, არც ბილეთებს ყიდიან და არც წინასწარ შეკვეთებს იღებენ ბილეთების სამომავლო გაყიდვაზე. რაც შეეხება კომპანიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელს დავით დიდიშვილს, მისი პირადი ტელეფონის ნომერს მისი თანამშრომლები ასაიდუმლოებენ, ხოლო ის ნომერი, რომელიც ჟურნალისტებისთვის ცნობილია – გამორთულია. ერთ-ერთი ადგილობრივი მედია კი, ავრცელებს ინფორმაციას, რომ “მეტრო+”-ის ხელმძრვანელობას ჯერ არ მიუღია წერილობითი შეტყობინება “ავტოსადგურთან” დადებული ხელშეკრულების ცალმხრივი გაუქმების შესახებ.
აქციის საკითხების მოგვარებაში ჩაერთო საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტი ლავრენტი ალანია, რომელმაც გამოთქვა მზაობა, ნებისმიერ დროს დაეხმაროს ტრანსპორტელებს პრობლემების მოგვარებაში.