“ნესტიანი და გაბზარული კედლებიც, ეტყობა, ჩვენთვის ფუფუნებაა…”


ყოფილი  საკონსერვო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში 23წელია 7 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. დევნილთა თქმით, უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, შენობა ამორტიზირებულია და სახცხოვრებლად უვარგისია.2012 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ შენობის  ჭერი გადხურა, როგორც დევნილები ამბობენ, შემდეგ  მათთან არავინ მისულა და არ დაინტერესებულა მათი პრობლემებით. მათ პრეტენზიები აქვთ დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელობასთან-უყურადღებობაში და გულგრილობაში ადანაშაულებენ მათ.

დევნილი თამუნა ყოლბაია ორ მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ყოფილი  საკონსერვო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში. ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. მისი  და მისი შვილების მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა. „ნეტავ, რა ნახა სოციალურმა აგენტმა ჩვენს საცხოვრებელ ოთახში ისეთი, რომ სოციალური დახმარება მოგვეხსნა, ნესტიანი და გაბზარული კედლებიც, ეტყობა, ჩვენთვის ფუფუნებად ჩათვალა. ხომ  ხედავთ, აქ როგორი მდგომარეობაა, ფანჯარას ძველი ტილოს ნაჭერი გადავაკარით,- , გარედან რამე შემოძვრეს და ბავშვები დამიზიანოს. სად გაქრნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, დევნილების თემებით რომ იგებდნენ გარანტებს და თავად ყიდულობდნენ საცხოვრებლებს ზუგდიდსა და თბილისში. რატომ არ მოდიან ჩვენთან, რატომ არ ინტერესდებიან ჩვენი ამბებით. გავიგეთ წელს ბინების გაცემის დროს პრიორიტეტული იქნება ის დევნილები, რომლებიც ბაღებში ცხოვრობენო, ჩვენ რა დავაშავეთ, სხვა კომპაქტურებში მცხოვრებლებმა? მოვიდეს დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელი და ნახოს აქ როგორი სიტუაციაა.“

მარჩენალდაკარგული, დევნილი ლია ჯინჯოლია წლებია ინვალიდ დედასთან ერთად ცხოვრობს ამ შენობაში. ქალბატონი ლია ამბობს, რომ მისი შემოსავალი მხოლოდ დევნილთა დახმარება და დედამისის  პენსიაა, რომელიც, ძირითადად, წამლებზე ეხარჯება. „სოციალური აგენტი რომ მოვიდა და ნახა ჩვენი მდგომარეობა გაუკვირდა,- მითხრა, აქ როგორ ცხოვრობო,   არ მუშაობო? რომ ვიმუშავო, ავადმყოფი დედაჩემი ვის დავუტოვო? თქვენ წარმოიდგინეთ, მაღალი ქულები მივიღეთ და სოციალურიც მომიხსნეს. რა ნახეს აქ? კედლებზე შპალერიც  არ მაქვს გაკრული,  წყალი ჩამოდის, ჭერიდან ბათქაში ცვივა, სინესტეა. სველ წერტილებზე ხომ არაფერს ვამბობთ, საშინელებაა. ჩვენთვის არც შეშა მოუტანიათ და არც ერთჯერადი დახმარებები. უპატრონოდ ვართ. განცხადებით მივმართეთ  დევნილთა სამმართველოს, შენობისთვის ექსპერტიზა ჩაეტარებინათ, მაგრამ ჩვენს განცხადებას არავინ გამოხმაურებია. საერთოდ იცის სამმართველომ ჩვენი პრობლემების შესახებ? დევნილთა მინისტრი რამდენიმეჯერ იმყოფებოდა ზუგდიდში და რატომ არ მოვიდა ჩვენთან? თუ საჭიროა, ჩვენც უკიდურეს ზომებს მივმართოთ. ასეთ ადგილას ადამიანი ვერ იცხოვრებს, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, წელს მაინც მოხდეს  ჩვენი ბინებით უზრუნველყოფა.“ ანალოგიურ პრობლემებზე საუბრობს  აფხაზეთიდან დევნილი ომეხი სიჭინავა, მასაც სოციალური დახმარება  მოუხსნეს მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო. „სამოცდაათი ათასი ქულა მომივიდა. ერთი საწოლი, ერთი მაგიდა და კარადა გაუკვირდათ? იატაკს  დახედეთ, ხომ ხედავთ,რა მდგომარეობაა. გადაუღეთ, გადაუღეთ ყველაფერს. რამდენი ხანია აქ ვცხოვრობ და ჩვენთან არავინ მოსულა, არავინ დაინტერესებულა ჩვენი მდგომარეობით, მოვიდეს ვინმე და გვითხრან  რა გველოდება, რას გვიპირებენ.“

დევნილები ამბობენ, რომ წლებია მოთმინებით იტანენ არსებულ მდგომარეობას, ადრე, დევნილთა სამმართველომ მათ საცხოვრებლად გადასვლა ფოთში შესთავაზა, მაგრამ უარი განაცხადეს გარკვეული მიზეზების გამო. დევნილი თამზირა ქირთბაია ამბობს, რომ თავის დროზე,  მათი შვილები აქ სწავლობდნენ, ლუკმა პურს წვალებით აქ შოულობდნენ, საფლავები აქ ქონდათ და  იმედით, რომ  სამინისტრო მათ აქ, ადგილზე, ზუგდიდში დააკმაყოფილებდა, აქ დარჩნენ. დევნილები ამბობენ, რომ ყველაფერი, რაც  აქვთ,  მათი შეძენილია, რომ დახმარების ხელი მათთვის არავის გაუწვდია. მათი ძირითადი მოთხოვნაა წელს მაინც მოხერხდეს ზუგდიდში,  ბარამიას ქუჩაზე მშენებარე სახლში, მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა.

ეკა ფარულავა

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!