ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებების ცენტრის ხელმძღვანელთან მარინა კვიკვინიასთან ერთად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალტეტის საბავშვო ბაღების გამგეებს შეხვდნენ. შეხვედრა ქალაქის ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიმართა და მას საკრებულოსა და მერიის წარმომადგნლებიც დაესწრნენ.
შეხვედრაზე მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ ქალაქის თვითმმართველობა დაინტერესებულია ბაღებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებით და 2015 წლის ქალაქის ბიუჯეტში მაქსიმალურად აისახება ბაღების კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციის საკითხი. ,,ჩვენ ვიცით რომ ბაღებში არსებული მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ვფიქრობ, უმთავრესი ამოცანაა სველი წერტილების, სამზარეულოების, სახურავების კეთილმოწყობა და მოწესრიგება. ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა უკვე დაწყებული, თუმცა მინდა ვთქვა, რომ 2015 წლიდან ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს რათა ბავშვებს ქონდეთ ღირსეული პირობები“-განაცხადა მერაბ ქვარაიამ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი გოგოხიას თქმით ზუგდიდში არცერთ სფეროში ისეთი სავალალო სიტუაცია არაა, როგორიც საბავშვო ბაღებშია. ,,მნიშვნელოვანია მოხდეს ბაღების არა ფასადური და კოსმეტიკური რემონტი, არამედ კაპიტალური რეკონსტრუქცია. ასევე, მთავრობის შესაბამისი უწყებების დახმარებით ვგეგმავთ ბაღებიდან დევნილი მოსახლეობის გასახლებას და მათთვის ბინების გადაცემას“-განაცხადა ქალაქის მერმა.
საბავშვო ბაღების გამგეებთან შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ბაღების უმრავლესობას ინდივიდუალურთან ერთად საერთო პრობლემებიც აქვთ, რომელთა მოგვარებაზე მუშაობა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით უახლოეს პერიოდში დაიწყება.