ახალი თაობა წერს 9 აპრილზე


  • ცხრა აპრილი ახალი თაობისთვის ისტორიის არაჩვეულებრივი ფურცელია,- “როდიონოვის ღამე”, “შავლეგო”, “ტიტები”, თავისუფლებას შეწირული 21 ქართველი,-ლამის თანამედროვე წმინდანები.  მათთვის თავისუფლება 9 აპრილის მონაპოვარია. “ზუგდიდელები” დაინტერესდა, რას წერენ 9 აპრილზე, თავიანთ ფეისბუქგვერდზე,ზუგდიდელი ახალგაზრდები დღეს, 9 აპრილს, როცა ქვეყანას და მსოფლიოს ახალი განსაცდელი აქვს კოვიდვირუსის სახით, როცა თითქმის ყველა მნიშველოვანი თემა გაუფერულდა, როცა სამშობლოს შეწირულებისთვის პატივის სათანადოდ მიგებაც კი შეუძლებელია საგანგებო მდგომარეობის გამო:

ლუკა ჩანგელია, აფხაზეთის N11 საჯარო სკოლის მოსწავლე: “და მაინც, რა იქნებოდა საქართველო, რომ არა ის გმირები, რომლებიც მას ჰყავს, რომ არა ხალხი, ვინც 9 აპრილს სიკვდილს სიმღერით შეეგება?!

….და ნეტავ, როგორი იქნებოდა დღეს საქართველო რომ არა ის ყველა უბედურება რამაც მის თავზე გადაიარა?!
ალბათ ისეთი, როგორც მაშინ, უძველეს მე-12 საუკუნეში!
და რა მოხდებოდა, რომ საქართველო, არა რუსეთის არამედ, რომელიმე ევროპული ქვეყნის მეზობლად ყოფილიყო?! სასწაული, რადგან ეს პატარა ქვეყანა ბრძოლისთვის და ტანჯვისთვის არის გაჩენილი, მაგრამ ვფიქრობ, დადგა დრო იმისა, რომ დაისვენოს ამ ქვეყანამ, ამოისუნთქოს და ერთხელ და სამუდამოდ, მარადიულად გაბრწყინდეს! დიდება გმირებს!”

გურამ ბაძაღუა, სტუდენტი: “ამერიკელებისაგან ხშირად გაიგონებთ – ერად 11-მა სექტემბერმა ჩამოგვაყალიბაო. ჩვენ 9 აპრილმა გამოგვიყვანა საბოლოოდ 300 წლიანი ლეთარგიიდან და შეგვახსენა, რომ ერი ვართ და ერთნი ვართ. ამ თარიღის შემდეგაც არაერთხელ დაგვვიწყნია ეს ყველაფერი, თუმცა ამაზე არ მინდა საუბარი, ისედაც ბრაზი მაღრჩობს. რომ იცოდეთ, როგორ მშურს იმ 21 ადამიანის – ჩვენი თავისუფლების შემმოქმედების. მარადიული ხსოვნა დაღუპულთა სულებს და ღმერთს ვთხოვ, სიმწრის გარეშე განგვეხორციელებინოს ის, რასაც ეს ადამიანები შეეწირნენ, – იდეა, რომელსაც საქართველო ჰქვია. ”სიმბოლურია დამოუკდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, რადგან დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. გარდაცვლილთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!” – ზვიად გამსახურდია”

ნანა თოლორაია, კორცხელის საჯარო სკოლის მოსწავლე: “ცხრა აპრილი იყო, ქართველი ერის ერთად დგომის, ერთიანობის, სიხარულის, ერთმანეთის სიყვარულის და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. იყო ტრაგედია, მაგრამ ეს ტრაგედია, ქართველი ერის ისტორიაში, ქართველი ერის ისტორიის დიდი ზეიმი იყო! რუსთაველზე იყო ათიათასობით ადამიანი, საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ ჩამოსული. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, სანთლებით ხელში იდგა, მთელი ღამე, ქართველი ერი! ვაიმე, რა ბედნიერება იყო… ერთად მღეროდნენ, ერთად ცეკვავდნენ და ერთად გლოვობდნენ. “ეს იყო სიყვარული, სიხარული ქართველთა ერთად დგომა! ეს იყო ქართველთა ტირილიც და ზეიმიც! აი მაშინ ვიყავით მართლა ბედნიერები. მთელი საქართველო ერთად იყო!” -ზვიად გამსახურდია.

ლუკა მებონია, პირველის საჯარო სკოლის მოსწავლე: “9 აპრილი- ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში. ამ სისხლიანი ღამიდან 31 წელი გავიდა და ჩვენ “ისევ გვტკივა მორჩენილი იარა”, თუ ამას “მორჩენილი” ჰქვია. დღე, როდესაც საქართველომ დაკარგა ხალხი, რომლებიც თავისუფლებას შენატროდნენ. იმ ღამით მომიტინგეებს ყურში ჩაესმოდათ აკაკი წერეთლის სიტყვები “სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი”. იმ ღამით, მშვიდობიანი მომიტინგეები მხოლოდ ერთ “სასჯელზე” ფიქრობდნენ, რომელიც არის თავისუფლება! იმ ღამით თბილისში, თითოეული მათგანი იყო საქართველო!
სწორედ, ამ ხალხის და კიდევ ბევრის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო, ასე თუ ისე, დამოუკიდებელია.
გვახსოვდეს ჩვენი გმირები და გვჯეროდეს იმის, რომ ტყვიას მიზანში აუცილებლად მოვარტყამთ და საქართველო იქნება ერთიანი აფხაზეთთან, ოსეთთან და სხვა დაკარგულ ტერიტორიებთან ერთად!
“ძლივს, ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის, ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია!”

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!