- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, “აფხაზეთობის კვირეული“ 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აღინიშნება. კვირეულის ფარგლებში, დღეს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში ღონისძიება მიმდინარეობს.
ღონისძიება აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების პლენერით გაიხსნა. მოეწყო ფოტოგამოფენა – „კადრები აფხაზეთიდან“.
დადიანების სასახლის საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობა. ასევე, სპეციალურად მოწყობილ საინფორმაციო სივრცეში სტუმრები ეცნობიან აფხაზეთის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალს, ხოლო ღია ცის ქვეშ მოეწყობილია ეთნო-სივრცე.
ბავშვებისათვის, გახსნილია სხვადასხვა გასართობი სივრცე.
სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ კულინარიულ მასტერკლასებს და გაეცნონ ტრადიციული კერძების მომზადების პროცესს.
დღის ბოლოს გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „შავნაბადა“, ზუგდიდის ხალხური სიმღერის ანსამბლები „ჩელა“ და „ოდოია“, ასევე აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეთა უფროსი თაობა.
ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
.
