TI: ზუგდიდში ყინულის ჯერაც დაუსრულებელი მოედნის მოწყობაზე 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯა


  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენებლობისა და შენახვისთვის გაწეული ხარჯის შესახებ კვლევა მოამზადა.

“ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენელობის პროცესი, რომელიც 2007 წელს დაიწყო, დღემდე არ დასრულებულა. ამ პერიოდში მოედანი ორჯერ აშენდა და ორჯერ მოხდა მისი დემონტაჟი, მიმდინარე წელს კი მოედანი მესამედ უნდა აშენდეს. გაწეულმა ხარჯებმა ჯამში 7,996,496 ლარი შეადგინა.

პირველად ყინულის მცირე ზომის მოედანი ზუგდიდში 2007 წელს აშენდა, რაზეც 1.4 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა იგი 2011 წელს დაშალეს და საჩუქრად ქუთაისის მუნიციპალიტეტს გადასცეს.

ახალი, ამჯერად ოლიმპიური სტანდარტების ყინულის მოედნის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო, მის მშენებლობა/რეაბილიტაციაზე, მოვლა-პატრონობასა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 2011 წლიდან დღემდე  6,381,796 ლარი დაიხარჯა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოედნის მშენებლობა 2015 წელს დასრულდა, იგი სხვადასხვა ხარვეზებისა და დაზიანებების გამო 2019 წლის თებერვლამდე ვერ გაიხსნა, ამ პერიოდში კი მოედანს რეაბილიტაცია ორჯერ – 2016 და 2018 წლებში ჩაუტარდა.

2020 წლის ივლისში დაიწყო ყინულის მოედნის დემონტაჟის პროცესი, რაზეც 214,700 ლარი იხარჯება, მოედნის დემონტაჟი კი მას მერე გახდა საჭირო, რაც ტერიტორია, სადაც იგი იყო განთავსებული, აუქციონზე გაიყიდა.

ყინულის მოედანი ამჯერად სხვა ტერიტორიაზე – ყოფილი “კომკავშირის პარკში” აშენდება, თუმცა მისი მშენებლობის ზუსტი ღირებულება მუნიციპალიტეტს ჯერ არ დაუანგარიშებია.

ყინულის მოედნის მშენებლობა და რეაბილიტაცია სხვადასხვა დროს როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდებოდა.

2018 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით ყინულის მოედანთან არსებობდა “ფიგურული სრიალის და ჰოკეის განვითარების განყოფილება”, რომელშიც 11 საშტატო ერთეული იყო გათვალისწინებული, თუმცა განყოფილება კადრებით არ დაუკომპლექტებიათ. ვინაიდან   სპორტის ამ სახეობის მოყვარულთა ჯგუფები ვერ ჩამოყალიბდა, განყოფილება 2019 წლის თებერვალში გაუქმდა, მის მაგივრად კი შეიქმნა “ფიგურული სრიალის სასპორტო სკოლა”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით, მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდის ყინულის მოედნის მშენებლობის პროცესი შეისწავლონ შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა და დაადგინონ, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის დანაშაულს.

ასევე აუცილებელია, ამჯერად მაინც ხარისხიანად აშენდეს ყინულის მოედანი და გამოირიცხოს ფინანსური რესურსების არაეფექტური ხარჯვა. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მოედნის სათანადო მოვლა-პატრონობა”,-ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!