- N1 სამუსიკო სკოლის დარბაზში, ამავე სკოლის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს საფორტეპიანო და საორკესტრო მიმართულების ლაურეატებმა.
N1 სამუსიკო სკოლის შესახებ საუბრობს სკოლის ხელმძღვანელი მზია მატკავა:
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანებაში შემავალი N1 სამუსიკო სკოლა მდიდარია ტრადიციებით. იგი აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით, მუსიკალურ- ესთეტიკური აღზრდის პრინციპებითა და საკონცერტო ცხოვრების მრავალფეროვნებით, ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენს, რომელმაც აღზარდა მრავალი ნიჭიერი და სახელოვენი თაობა და შემოქმედებითი მიღწევებით სახელი გაითქვა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ რესპუბლიკის და საერთაშორისო მასშტაბითაც. სკოლის ისტორია 1932 წელს იწყება და წელს, ჩვენს დიდებულ სკოლას, დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა.
სკოლას ყოველთვის შესანიშნავი მუსიკოსები ხელმძღვანელობდნენ. მათ შორის, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ბრწყინვალე ვოკალისტი და იურისტი -ბატონი ალექსანდრე ძიძიგური. სასულე საკრავების, საყვირისა და ტრომბონის შესანიშნავი პედაგოგი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული- ბატონი შალვა სიჭინავა.
1987 წლიდან, კი სასწავლო ნაწილის რანგში 12 წლიანი შემოქმედებითი მუშაობის შემდგომ, სამუსიკო სკოლის დირექტორი გავხდი მე, ასევე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ფორტეპიანოს სპეციალობით, აგრეთვე საფორტეპიანო კლასის ახალგაზრდა მასწავლებველთა I რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი და ამავე სკოლის აღზრდილი და კურსდამთავრებული.
90 წელია სკოლა დღემდე ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს. ბედნიერებაა რომ ეს თარიღი მნიშვნელოვანი წარმატებით, საზეიმოდ აღინიშნება. მადლობა სათითაოდ ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს, თავდაუზოგავი შრომისა და ერთგულებისთვის”.