- შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ პროცედურების განხორციელება დაიწყო.
“პირებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით საფასური ზედმეტად ან შეცდომით გადაიხადეს, შესაძლებლობა აქვთ, 2026 წლის 14 მაისიდან 14 ივნისის 18:00 საათამდე თანხის დაბრუნების მოთხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართონ.
განცხადების წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად – https://online1.naec.ge/oapp/, ასევე მატერიალურად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფისში (მისამართი: ქ. თბილისი, ელიზბარ მინდელის ქ.№9), ხოლო რეგიონებში საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
საფასურის დაბრუნების მოთხოვნით ცენტრისთვის მიმართვა შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც რეგისტრაციის საფასური განსაზღვრულზე მეტი ოდენობით გადაიხადეს, საფასური გადაიხადეს, თუმცა სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში არ გაიარეს რეგისტრაცია და ასევე იმ აპლიკანტებს, რომლებმაც რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გამოცდაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
იმ შემთხვევაში, თუ პირმა რეგისტრაციის საფასური გადაიხადა, თუმცა არ გაიარა რეგისტრაცია, ვალდებულია შეავსოს ამობეჭდილი განცხადების ფორმა და წარადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ხოლო რეგიონებში შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ყურადღებით გაეცნონ პროცედურებს და განცხადებები დადგენილ ვადებში წარადგინონ”.-აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტების, ასევე განცხადების ფორმის შესახებ, იხილეთ ბმულზე – https://www.naec.ge/#/ge/post/3564



