- ზურაბ გუგუჩია, – შვეიცარიაში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, მეცნიერებათა დოქტორი, პაულ შერერის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი და ზეგამტარობის და მაგნეტიზმის ჯგუფის ხელმძღვანელი, ციურიხის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და პრინსტონის უნივერისტეტის მიწვეული მეცნიერი, დააჯილდოვეს ICSM 2026-ის საერთაშორისო ჯილდოთი ზეგამტარობის დარგში.
“დიდი სიხარულით მინდა გაგიზიაროთ, რომ დამაჯილდოვეს ICSM 2026-ის საერთაშორისო ჯილდოთი ზეგამტარობის დარგში, ჩემი მთელი კარიერული სამეცნიერო მიღწევების აღიარების ნიშნად. ეს აღიარება უკავშირდება ჩემს კვლევებსა და აღმოჩენებს, რომლებიც ეხება კვანტურ მასალებში ეგზოტიკურ ზეგამტარობასა და მაგნეტიზმს შორის რთული ურთიერთკავშირის მექანიზმების დადგენას, მათ შორის ექსპერიმენტული მეთოდების განვითარებასა და დახვეწას, და გამოქვეყნებულია წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.
დიდი პატივია ჩემთვის, რომ ამ ასაკში ეს აღიარება მივიღე პროფესორ Ivan Božović-თან ერთად (Brookhaven National Laboratory, აშშ. 45 წლიანი წარმატებული კარიერით), რომელსაც მიენიჭა ჯილდო ზეგამტარობის მიმართულებით, ხოლო მე ზეგამტარობასა და მაგნეტიზმის სფეროში.
International Conference on Superconductivity and Magnetism წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას ამ სფეროში, რომელიც 2008 წლიდან აერთიანებს მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს. კონფერენცია ტარდება Fethiye-ში, თურქეთის ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში, სადაც ყოველწლიურად იკრიბებიან დარგის წამყვანი მეცნიერები. წლების განმავლობაში იგი ჩამოყალიბდა ძლიერ პლატფორმად, სადაც განიხილება უახლესი აღმოჩენები, იბადება ახალი იდეები და ყალიბდება მეცნიერების განვითარების მომავალი მიმართულებები ზეგამტარობისა და მაგნეტიზმის სფეროში.
ამ ჯილდოს ვუძღვნი ჩემს გოგოებს – მაგდას , მარიამს და ანასტასიას – რომელთა მხარდაჭერის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, ასევე დედაჩემის ხსოვნას და მამაჩემს, რომელსაც ჩემი ყოველი წარმატება ბავშვივით უხარია”,- დაწერა ზურაბ გუგუჩამ სოციალურ ქსელში.


