- სოციალურ მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ მიუსაფარი ძაღლების ჯგუფურად გადაყვანასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრი და გაურკვევლობა გამოიწვია, მიუსაფართა დამცველები მიანიშნებდნენ იმ საშიშროებებზე, რომელიც ცხოველებს შეიძლებოდა დამუქრებოდათ. საკითხთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:
“ზუგდიდის ცენტრიდან აყვანილ მიუსაფარ ძაღლებს ჩაუტარდებათ შესაბამისი ვეტერინარული მანიპულაციები და ვაქცინაცია, რის შემდეგაც ეკიპაჟები მათ უკან დააბრუნებენ.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მერიასთან კოორდინაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, ქალაქ ზუგდიდის ცენტრიდან (დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია) მიუსაფარი ძაღლები აიყვანეს.
ცხოველები გადაყვანილია ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მათ, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდებათ პროგრამით გათვალისწინებული მანიპულაციები:
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, კვლევები, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და კასტრაცია-სტერილიზაცია.
ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ცხოველებს ეკიპაჟები ისევ ქალაქ ზუგდიდში დააბრუნებენ.”- ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.




