- ზუგდიდის წმიდა გიორგის სახელობის სკოლა გიმნაზიის დირექტორი მანანა ნაჭყებია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მასთან შეხვედრას იხსენებს.
“მისი უწმინდესობისთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი ყოველთვის იყო განათლება. სურდა ისეთი სკოლები, სადაც ცოდნა რწმენასთან და ზნეობრივ აღზრდასთან ერთად იქნებოდა მიწოდებული და ჩვენც ენთუზიაზმით შევუდექით პატრიარქის ამ მოწოდების აღსრულებას. ჩვენს ეპარქიაში მაშინ ყველაზე მძიმე პერიოდი გვედგა, მაგრამ 1996 წელს, მთელი ქალაქის თანადგომით 12 მოსწავლით გავხსენით ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზია. რა თქმა უნდა, არ გვქონდა არანაირი გამოცდილება, მაგრამ იყო პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, მისი ქადაგებები, რომლებიც ორიენტირად ვაქციეთ. სწორედ გიმნაზიის არსებობის მე-12 წლისთავზე, 2009 წლის 19 სექტემბერს გიმნაზიას ესტუმრა მისი უწმინდესობა… საოცარი სიხარულისა და ზეიმის დღე გაგვითენდა გიმნაზიელებს. წინა ღამე თითქმის არ გვიძინია. გიმნაზიამდე ამოსასვლელ გზაზე ორმოებს ვავსებდით, რომ უწმინდესის მანქანა არ შეფერხებულიყო, ბოლო წუთამდე არ ვიყავით დარწმუნებულნი…. მაგრამ ღვთის შეწევნით შედგა ეს დიდებული დღე… გიმნაზიელები გალობით შეეგებნენ, მოხევური სიმღერებიც შეუსრულეს… მანამდე ეზოში სახელდახელო სცენაზე ცეკვებითა და ქართული საბრძოლო ხრიდოლის ორთაბრძოლით მოაწონეს თავი. საჩუქრებზე როცა ვფიქრობდით, გადავწყვიტეთ ჩვენი შრომით შექმნილი რამ მიგვერთმია. როცა ჩვენმა პედაგოგმა ხათუნა როგავამ ლექსი მიუძღვნა პატრიარქს, დანარჩენებმა ეს ხუთსტროფიანი ლექსი ოქრო მკერდით ამოუქარგეს აბრეშუმზე, გაიხარა ჩვენმა პატრიარქმა და სამადლობლად ბრძანა, მადლობა ასეთი თბილი კი არა, ცხელი დახვედრისთვისო. დაუტევნელი სიხარულისა და ბედნიერების წუთები გვაჩუქეთ თქვენო უწმინდესობავ, ჩვენო სიყვარულის პატრიარქო.

დაუვიწყარი იყო 2009 წლის 19 სექტემბერი გიმნაზიელებს ცხოვრებაში. ამ დღეს ჩვენთან მობრძანდა მისი უწმინდესობა, ჩვენი საყვარელი პატრიარქი. გიმნაზიელებმა უმღერეს, უგალობეს, უცეკვეს, ყველანაირად ეცადნენ მის გახარებას, როცა ჯერი ჩემზე მიდგა, აღელვებულმა დავიწყე… რა თქმა უნდა სიტყვა მოფიქრებული მქონდა, მაგრამ მოძალებულმა ემოციებმა, დაუტევნელმა სიყვარულმა და მადლიერებამ სულ სხვა რამ მათქმევინა… დიახ, ეხლაც იგივე აზრზე ვარ თქვენო უწმინდესობავ… თქვენ მთელი საქართველო გყავდათ გულში ჩაკრული.ყოველ ქართველს ეიმედებოდით და აწიც გვჯერა, რომ ჩვენი მეოხი იქნებით ღვთის წინაშე… და დადგა ის დაუვიწყარი წუთები….პატრიარქმა საჩუქრად გადმომცა ოქროს ბეჭედი.ყველაზე ამაღელვებელი ის იყო, რომ თავისი ხელით გამიკეთა ეს ბეწტ,რომელსაც აქვს წარწერა… “ღმერთმა დაგლოცოთ. ილია //.იმ წუთების მღელვარება აქამდე მომყვება… ძლივს გავითავისუფლე თითი და როცა ბეჭედი წამომაცვა, საზოგადოებას მოახსენა…ზუსტად მოერგოო.. დიახ, განუზომელია უფლის მოწყალება… ჩვენმა პატრიარქმა ერისა და ცალკეული ადამიანების ცხოვრებაში შექმნა მნიშვნელოვანი პერიოდები აღსავსე ქრისტეს მიერი სიყვარულით, მოწყალებით, სასოებით, სიკეთით…”
