გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ


  • გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება – საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. იცით, რომ რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა, შესაბამისად, შევეცადეთ, გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო მაქსიმალურად გამარტივებული სასკოლო საზოგადოებისთვის.

მშობელთა უმეტესობა უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებენ პირველი კლასისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში სასკოლო ასაკთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა. მისი თქმით, არაერთი დისკუსიის შედეგად, საქართველოს მთავრობამ მშობელთა პოზიცია და მათი საუკეთესო ინტერესები გაითვალისწინა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დავიწყეთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, სკოლებში განათლების ხარისხის ზრდისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. მათ შორის, ერთ-ერთი ინიციატივა შეეხება სასკოლო ასაკს. კერძოდ, იმას, რომ რეფორმის ფარგლებში ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ჩვენი ეს ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო პროცესში ჩართვისთვის ბავშვის სოციალურ-ემოციურ მზაობასა და მისთვის მინიმალური კომპეტენციებისა და საჭირო უნარების განვითარებას.

ბოლო პერიოდში აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში იქცა განხილვის საგნად. გვქონდა აქტიური დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით – სხვადასხვა რეგიონში შევხვდი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის მშობლებს, რომელთა მხრიდან, სასკოლო ასაკის გარდა, არაერთი აქტუალური გამოწვევის შესახებ მივიღე ინფორმაცია. ამასთან, სისტემატურად ვეცნობოდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, არაერთ მომართვასა და განცხადებას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მსურს, აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ განათლების ხარისხის ზრდას და პროცესები მაქსიმალურად იყოს საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული. არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველთვის საინტერესოა განსხვავებული პოზიციების მოსმენა, მათ შორის, კრიტიკულისაც, თუ ის არგუმენტებით გამყარებული და დასაბუთებულია.

ჩვენ რეფორმის უმთავრეს მიზნად დავსახეთ სკოლებში მოსწავლეზე და მის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა. ამის შესაბამისად, კვლავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას სასკოლო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, მშობლებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან, რათა ყველა გადაწყვეტილება ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ იყოს მიმართული და ეფუძნებოდეს პროფესიულ ანალიზს,“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!