ხელშეკრულებები ხმაურის თემა “წითელქუდაში”


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ-ების თანამშრომლებთან დადებული მიმდინარე წლის შრომითი ხელშეკრულებები, რომელიც ზოგიერთისთვის 1 თვეს და ზოგიერთისთვის კი, 6 თვეს მოიცავს, ხმაურისა და მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა.

ერთ-ერთი ასეთი ხმაურიანი ფაქტი იყო ბაღში „წითელქუდა“, რომელიც ინგირში, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში 20 წელია ფუნქციონირებს დევნილი, მოწყვლადი ჯგუფისა და ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობის მიზნით, 22 თანამშრომლით, მათ შორის 16 დევნილით და სოციალურად დაუცველი ქალბატონებით.

ხათუნა გოგუა, ბაღის დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, რომ ბაღში 75 მოზარდი ირიცხება. 2024 წლის 24 დეკემბერს, 9 თანამშრომელთან და მათ შორის მასთან, ბაღების ცენტრმა, თითოთვიანი ხელშეკრულებები დადო, რომელსაც დღეს, 2025 წლის 31 იანვარს ამოეწურა ვადა და თანამშრომელთა და მშობელთა ნერვიულობისა და პროტესტის საფუძველი გახდა. მშობლებმა გადაწყვიტეს ბავშვები გაეყვანათ ბაღიდან და გაფიცულიყვნენ. 9 თანამშრომელმა, ვისაც ერთთვიანი ხელშეკრულება ჰქონდა, დღეს, 31 იანვარსვე, მიიღო განახლებული ორთვიანი ხელშეკრულებები, რომელიც ბაღში მიიტანეს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორის მოადგილემ ელისო ჩემიამ და ცენტრის იურისტმა თამარ ქირიამ.

ხათუნა გოგუა, თანამშრომლებთან ერთად, ხელშეკრულებების ამ სახით დადებას მედიასთან, აპროტესტებს და ასე განმარტავს: 2023 წელს ფონდი „სოხუმი“ს ინტენსიური ადვოკატირების პროცესის ფარგლებში, მიღწეულ იქნა „წითელქუდას“ მშებნებლობის საკითხის დადასტურება. ბაღის მშენებლობა დასრულებულია, საჭიროებს მხოლოდ ავეჯით უზრუნველყოფას. 28 წლიანი სანუკვარი ნატვრა, ბაღის მშენებლობის მიღწეულია, ვიყავით ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საბავშვო ბაღში გადასვლის მოლოდინში და ამ დროს ხდება იმდენად შემაშფოთებელი და გამაოგნებელი ამბავი, რაც არცერთ ომს არ დაუდებს ტოლს… 28 წლის განმავლობაში, ეს პირველად ხდება… ჩვენს ბაღს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან აკავშირებდნენ. მე ღიად ვამბობ, რომ ჩვენს ბაღს არანაირი პოლიტიკური მიმართულება არასდროს არ ჰქონია და არც უნდა ჰქონდეს, ბაღში პოლიტიკაზე არ უნდა მუშაობდნენ, მაგრამ სხვა რა უნდა დავარქვა ამას.

მერიამ კი მედიას უთხრა, რომ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მიერ ბაღებთან დადებული ხელშეკრულებები თანამშრომლებთან, კანონის სრული დაცვითაა გაფორმებული.

ხათუნა გოგუას თქმით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მიერ, დღეს, მათთვის შეთავაზებულ ორთვიან ხელშეკრულებებს არცერთი თანამშრომელი არ მოაწერს ხელს და აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას სამართლებრივი მეთოდებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!