- საქართველოს რეგიონებში იზრდება კორუფციული შემთხვევები. პარლამენტის დეპუტატები ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ „ფეოდალებად“, აქვე არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ინფორმაციას აქვეყნებს სახელწოდებით „კორუფციის რუკა“.
“კორუფციის რუკის განახლებულ ვერსიაში, დატანილია თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ის კომპანიები, რომლებმაც 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 3 მილიარდ 280 მილიონ ლარზე მეტი მსხვილი კონტრაქტები მიიღეს სახელმწიფო შემსყიდველებისგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ამ თანხის თითქმის მესამედი – მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი მათ მხოლოდ 2024 წელს დაერიცხათ.
კორუფციული ფაქტების სიმრავლე და მასშტაბები აჩენს განცდას, რომ პრივილეგირებული ადამიანებისთვის ხალხის ხარჯზე გამდიდრებას მწვანე შუქი აქვს ანთებული ქვეყანაში. დოკუმენტში თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები, რომლებსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იკვლევდა სხვადასხვა დროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდა რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა. რეგიონების მიხედვით კორუფციის ნიშნების შემცველი შესყიდვების სურათი ასე გამოიყურება:
აჭარა: 933 060 894 ლარი; სამცხე – ჯავახეთი: 841 145 309 ლარი
შიდა ქართლი: 427 245 670 ლარი; კახეთი: 442 000 000 ლარი
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი: 500 131 038 ლარი
სამეგრელო – ზემო სვანეთი: 138 371 368 ლარი.
კონკრეტული კომპანიების მონაწილეობა მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში და შემდგომ მათი მხრიდან მმართველი პოლიტიკური ძალის დაფინანსება, ქმნის სახელმწიფოს მიტაცებისა და კლეპტოკრატიული მმართველობის სისტემას ქვეყანაში. საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციული შემთხვევები, რაც უკონტროლო სახეს იღებს, ვინაიდან მათზე შესაბამისი სტრუქტურები ან საერთოდ არ რეაგირებენ, ან საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას ამ საქმეებით დაინტერესების შესახებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციის სრული ვერსი იხილეთ აქ.