- საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება.
მინისტრმა მასწავლებლების ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით და გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის შექმნის მიზნით იცვლება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა, რის შედეგადაც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდა მოხდება. მისი თქმით, 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით.
გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ მასწავლებლის პროფესიის დაფასება სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს – ამის ნათელი მაგალითია მასწავლებლის ეროვნული დღისა და ეროვნული პრემიის დაწესება, რომლის ფარგლებშიც 2023 წელს უკვე 11 პედაგოგი დაჯილდოვდა.