დღეს, მოქალაქე ლალი ცირდავამ, თავისი საცხოვრებელი ბინის კარი ჩამოხსნა და ქალაქ ზუგდიდის მერიასთან, პროტესტის ნიშნად დადო შემდეგი წარწერით: “აი კარი, რომლითაც მამუკა ციმინტია, 79 წლის მწოლიარე ავადმყოფს, ციალა ჯოჯუას დაეხმარა. არ გაინტერესებთ, რა დაუჯდა ციმინტიას წარმოდგენილი კარი? – 4800 ლარი, მოხუცისათვის შემოწირული”.
ცირდავა ამბობს, რომ დედამისის, 79 წლის ციალა ჯოჯუას საცხოვრებელი ოთახის გასარემონტებლად, ქალაქ ზუგდიდის მერიამ გადარიცხა ოთხი ათას რვაასი ლარი. არადა, ამ თანხის სარემონტო სამუშაოები მათ საცხოვრებელ ბინაში, როგორც აღნიშნავს, არ გაკეთებულა. ცირდავას ინფორმაციით, 7 კვადრატული მეტრის სიდიდის ფართს, მუშები, ოთხი თვის განმავლობაში არემონტებდნენ, მაგრამ ამ ეტაპისთვის, თითქმის არაფერია გაკეთებული და თავისი სახსრებით უწევს რემონტის გაკეთება. “ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა აფრთხილებდა კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელს, რომ ჩემთვის ნორმალურად შეესრულებინათ სამუშაოები. ბატონი გიორგი ბევრჯერ დაგვიდგა გვერდში. როცა ის შეეხმიანა ბატონ ციმინტიას, მან განაცხადა, რომ გადმორიცხული თანხის შესაბამისი სამუშაოები შესრულებულია ჩვენს ბინაში. დღეს, ამ ფორმით მინდოდა საზოგადოებისთვის მეჩვენებია ეს ძვირადღირებული კარი. ჩვენზე ხომ ამბობენ, ყველაფერი გავუკეთეთო, მოვიდნენ და ნახონ რა გააკეთეს.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ynt1oZlhiZs[/embedyt]
zugdidiebi.ge მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ამ დრომდე, ვერ დაუკავშირდა მამუკა ციმინტიას.
ლალი ცირდავას დედა, ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ, 64 დღე იწვა. მან აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მისი საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა.