„თავისუფალი საქართველოს“ ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა გურამ (ცაცა) შელიამ, დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჟურნალისტებს წარუდგინა კორცხელის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა ქარდავა.
შელიას თქმით, ის გახლავთ უკომპრომისო მებრძოლი, რომელსაც უკან დახევა არ სჩვევია. „ეს ქალბატონი გახლავთ „ბოევიკი“ ალალი სულითა და გულით აკეთებს ყველაფერს. როცა ვუყურებ მაია წყნეთელი მაგონდება“.
ქარდავამ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თავისუფალი საქართველოს ხელმძღვანელს კახა კუკავას. ის ამბობს რომ მოგების, ან წაგების შემთხვევაშიც კორცხელელების პრობლემებს აუცილებლად გაიტანს საკრებულოს სხდომებზე განსახილველად. „მე ვიცი, რომ კორცხელში წყლის, გაზის პრობლემებია. პრობლემები აქვთ იქ მცხოვრებ სტუდენტებს. მე ვპირდები მათ ამ პრობლემების მოგვარებას.“ ქარდავამ ასევე მოუწოდა კორცხელში მცხოვრებ მოსახლეობას: ,,ნუ მოგატყუებთ ნურავინ, ადამიანი რომელიც წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“, იცით რომ ნაციონალური მოძრაობის გადმონაშთია, შესაკრებელთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ამიტომ ხმა მიეცით ახალს, სიახლეს, რომელიც დღეს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის სჭირდება.“
თეონა ქარდავას, ოფიციალურად, კორცხელში, მაისის თვეში წარადგენენ. ის შეხვდება ადგილობრივ მცხოვრებლებს და გააცნობს პარტიის ხედვებს.