ხატებით მეტყველი შემოქმედი


დიდი კონსტანტინე გამსახურდია ბრძანებდა, „შემოქმედი ხატებით მეტყველიაო“. ეს ხატოვანება შექმნის მანერაში, სტილში მჟღავნდება თავის მხრივ კი სტილი პიროვნების ბუნებასა და ხასიათს,მის შინაგან სამყაროს და კულტურას ააშკარავებს. ამიტომაც ამბობენ, სტილი თვითონ ადამიანიაო. კაცი, რომელზეც მოგითხრობთ და რომელსაც მთელი ზუგდიდი იცნობს,  თავისი ცხოვრების წესითა და სტილით თხემით ტერფამდე შემოქმედი და სამაგალითოა. ჯანსუღ ჭურღულიაზე მოგახსენებთ. ბატონი ჯანსუღი 22 წელია ზუგდიდის სამხატვრო სკოლის დირექტორია. მისი ცხოვრება მუდმივ ძიებასთან, ახალ ხედვასთან, ახალი პიროვნების აღმოჩენა – ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული. რას ფიქრობს, რა აწუხებს, რას საქმიანობს, როგორია კაბინეტში ან სახლში, ყველაფერ ამაზე “ზუგდიდელებთან” ჯანსუღ ჭურღულია საუბრობს.

– საიდან  მოდის ჯანსუღ ჭურღულია?

– დავიბადე 1960 წელს, დავამთავრე ახალსოფლის საშუალო სკოლა, 1978 წელს ჩავირიცხე თბილისის თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, რომელიც  1980 წელს დავამთავრე ფერწერ-დეკორატორის სპეციალობით. ვიყავი ახალსოფლის, ტყაიის, ინგირის სკოლებში ხატვა-ხაზვის მასწავლებელი, იმავე წელს ჩავირიცხე თბილისის ალ. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში სახვითი ხელოვნებისა და ხაზვა მხატვრული შრომის სპეციალობაზე. პირველი პერსონალური გამოფენა 1981 წელს მქონდა თბილისის ხელოვნების მუშაკთა სახლში. 1984 წელს ვმონაწილოებდი მხატვართა სახლში მხატვართა კავშირის ახალგაზრდული სექციის მიერ მოწყობილ გამოფენაში, 1984  წლიდან 1990 წლამდე კიდევ 7 გამოფენაში მივიღე მონაწილეობა.

1990 წელს და 1995 წელს ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში მქონდა პერსონალური გამოფენები, მიღებული მაქვს მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენებში (ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი, სოხუმი, საფრანგეთი).

1994 წლიდან ვარ სამხატვრო სკოლის დირექტორი.

ჯანსუღ ჭურღულიას დღემდე პედაგოგობის 38  წლის სტაჟი აქვს და როცა ვკითხე, თუ  როგორ უთავსებს ერთმანეთს ხატვასა და მასწავლებლობას დამაჯერებელი ტონით თქვა – მე ძალიან მიყვარს ბავშვები და მთელი გულით მინდა,  რომ ისწავლონ მხატვრობაო.

ისე, მხატვარი  ხარ თუ   მიწის მუშა, მთავარია, შენი ქვეყნის სუნთქვით სუნთქავდე და შენი საკეთებელი საქმე უხმაუროდ, დაუყვედრებლად და მარილიან-მადლიანად უნდა აკეთო, – მითხრა ჯანსუღიმ და თუ  გსურთ  რომ დაიჯეროთ, რომ ეს ასეა, მობრძანდით მხატვარ ჯანსუღ ჭურღულიას სახელოსნოში და აღტაცებული იტყვით – ოღონდ ნიჭი იყოს და…

ჯანსუღ ჭურღულია სულით ძლიერია და იმარჯვებს კიდეც ამას თვალნათლივ შეიგრძნობთ მის სახელოსნოში, რომელიც მდიდარია ფერწერულ ტილოებთან ერთად მშვენიერი ესკიზებით, პორტრეტებით.

– ამ სახელოსნოს შექმნის მერე ვიგრძენი  თავი მხატვრად,- მბობს ჯანსუღი. გარდა ამისა ჯანსუღის ძალიან უყვარს ხელსაქმე. მან თავისი ხელით, თავისი გემოვნებით ააგო თავისი სახლი. მისი ხელი ატყვია ყველა ოთახის კუთხე-კუნჭულს, ოთახების კედლებს მისი ნამუშევრები ამშვენებს.

ჯანსუღ ჭურღულია მეუღლესთან, ქალბატონ ანჟელა დანელისთან ერთად სამშობლოს ორ ვაჟკაცს უზრდის. უფროსი ირაკლი  ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის   I  კურსის სტუდენტია (არქიტექტურული ფაკულტეტის),  ხოლო უმცროსი ნიკოლოზი (ნუკრი) მე-12 კლასელია. ჯანსუღის დედა, ჭურღულიების ლამაზი  ოჯახის უფროსი დიასახლისი ქალბატონი გული, რომელმაც მეუღლე ახალგაზრდობაში დაკარგა და ობლობაში გამოზარდა ქალ-ვაჟი ფაქიზო და ჯანსუღი, დღეს უბედნიერესი ქალბატონი ბრძანდება. ეფერება შვილიშვილებს და ეიმედება, რომ ისინიც მამის კვალს გაჰყვებიან ბედნიერია ჯანსუღიც, რომელიც თავის ლამაზ, შინაარსიან ცხოვრებას ფერებით წერს ტილოზე.

უმრავლოს სოფელ ახალსოფელს, ზუგდიდს, საქართველოს ჯანსუღის მსგავსი „ღვთის ნაკოცნი“ შემოქმედი

როზა როგავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!