- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწარმოებს. ასევე, მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და კერძო ლაბორატორიების მხრიდან ახალი შტამის დადასტურების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა.
ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის EG.5 შტამი არ იწვევს „ომიკრონის“ ამჟამად გავრცელებული შტამისგან განსხვავებული სიმპტომების ან მძიმე დაავადების განვითარებას. ამდენად, იგი არ საჭიროებს განსხვავებულ რეაგირებას და სტანდარტული პროტოკოლებით იმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.