“ჩვენი კუთხის ექვთიმე”-დილარ დაგარგულია


  • ღვაწლმოსილი ადამიანების მოფერება მათ სიცოცხლეშივე თუ დაგვეზარება, თაობები გულს აიცრუებენ საქვეყნო საქმეებზე, თავიანთ ნაჭუჭში ჩაიკეტებიან, ამაოებად ჩათვლიან ღვაწლს. მაგალითის ძალის უარყოფა არ შეიძლება. ცნობილმა მწერალმა, ჟურნალისტმა და მოღვაწემ ლაშა გვასალიამ, თავის პირად გვერდზე ჟურნალისტური პორტრეტი გამოაქვეყნა სათაურით “ჩვენი ექვთიმე“. “ზუგდიდელები“ ფიქრობს, ყველა თაობა სიამოვნებით წაიკითხავს და გაიცნობს ამ ნამუშევრიდან 85 წლის ზუგდიდელს, დილარ დაგარგულიას, რომელიც როგორც ლაშა გვასალია ამბობს, “ქურუმივით კვლავაც აგრძელებს ღვაწებასა და ბრძენკაცობას”.

დილარ დაგარგულია წინა საუკუნის ადამიანია, პირველი ნახევრის. 85 წლისა მოყრილა და ქურუმივით კვლავაც აგრძელებს ღვაწებასა და ბრძენკაცობას. მასწავლებლები ხომ უბერებლები არიან, მათ უფლისგან ეწინდებათ ეს ჯილდო და უხდებათ კიდეც ამ სიამაყით თავმოწონება. თუმცაღა ბატონი დილარი ჩემთვის პირველყოვლისა, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული კალმოსანია, დიდებული პუბლიცისტი და ესეისტი. ამ გამოკვეთილად საჭირო და უნიკალურ ჟანრში მნიშვნელოვანია მისი, როგორც პედაგოგის, მკვლევარისა და მოქალაქის პოზიციიდან დანახული პრობლემების აქტუალურად წარმოჩენა და მაღალ ინსტანციებამდე მიტანა.

ასე, რომ მისი, როგორც მასწავლებლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწეობის მენტალობა უნივერსალური სულიერი კონტექსტებითაა ინსპირირებული. რამეთუ ის ერთ- ერთი გამოკვეთილი ფიგურა გახლდათ თავისი დროის უსაჩინოესი თაობისა, რომელიც მაღალკულტურული ზნეობითა და შესაბამისი ცოდნით აშენებდა ზუგდიდს და ქმნიდა მის ასერიგად გამორჩეულ სახეს.

როგორც თხემით-ტერფამდე პედაგოგისთვის, ყოველი მოქმედების აქტი, ონტოლოგიური მგრძნობელობის იმ აქცენტებითაა რეალიზებული, წიგნიერების საკრალური ნიშნებით რომ იმპულსირდება.

დრო-ჟამის აღქმის ფორმალური თუ რიტორიკული მოდუსის უარმყოფელი მისი პუბლიცისტური მონოლოგები, ესეისტური ნიმუშები-ასე ხშირად რომ გვხდებოდა და გვხდება, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბეჭვდით ორგანოებში, სწორედაც იმ ტრადიციული ჩვეულებების ერთგულია, ურომლისოდაც ჩვენი, როგორც ერისა და ნაციის არსებობა და კულტურული სიმაღლე ვერც შედგებოდა. მისთვის, როგორც მართალი ადამიანისთვის წარსული ისევე კორექტირდება აწმყოთი, როგორც აწმყო-წარსულით, ამიტომაცაა ის მუდამ საინტერესო თანამედროვე გაგებით, მასთან დღევანდელი მკითხველისთვის!

თხრობის მანერა, დახვეწილი სტილი და თემის აქტუალობა წარმოაჩენს მის სიმაღლესა და ღირსეულებას.

აღსანიშნავია ბატონი დილარის როგორც სისხლისმიერი, ასევე სულიერი ნათესაობა სოლომონ და სარგის ცაიშვილებთან. „ცაიშვილი“- ფსევდონიმია, ნამდვილი გვარი ამ ღისსახსოვარი ადამიანებისა დაგარგულია გახლდათ.

ბატონი სოლომონი დაბადებულა სოფელ ურთაში, 1900 წელს, მისი თაოსნობით გახსნილა ურთაში ოთხ წლიანი დაწყებითი სკოლა, სადაც თავადვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. პარალელურად, ლიტერატურული მოღვაწეობის კვალდაკვალ წერდა წერილებს: დანიელ ჭონქაძის, ბესარიონ ღოღობერიძის, თედო რაზიკაშვილის, ვასილ ბარნოვის, კონდრატე თათარაშვილის (“უიარაღოს”) და სხვა გამოჩენილ მამულიშვილთა ღვაწლის შესახებ. დიდი ამაგი დასდო იონა მეუნარგიას ლიტერატურული მოღვაწეობის შესწავლას. ის გახლდათ ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის უბადლო მცოდნე. მანვე გამოაქვეყნა უიარაღოს ნაწარმოებთა კრებული-ვრცელი შესავლითა და მეტად მნიშვნელოვანი კომენტარებით.

მისი ვაჟი-სარგის ცაიშვილი გახლდათ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, რუსთველოლოგი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. სწორედ ამ დიდებული ადამინების, ვისი სახელებიც წარუშლელია ქართული ლიტერატურის იტორიაში, სახლ-მუზეუმის გახსნის ინიციატივა და მასთან მოთავეობაც უკავშირდება ბატონი დილარის სახელს, იგივე ითქმის იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმზეც.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ასეთი სისხლისმიერი სიახლოვისა, როგორც ბატონი დილარი თავის ბიოგრაფიულ ესეში ბრძანებს, პროტექტორი არასდროს ჰყოლია, ყველაფერს საკუთარი ნიჭისა და ჯაფის ფასად მიაღწია.

ფართოა ბატონი დილარის კვლევისა და ინტერესების დიაპაზონი, რომელიც მისი მშობლიური ზუგდიდის ისტორიული „გრაგნილებიდან“ იწყება და სწვდება ყველა სფეროსა თუ მიმართულებას. მასზე, როგორც უაღრესად განათლებულ და წიგნიერ ადამიანზე თანაქალაქელები ასე იტყვიან: “დილარ ბატონმა ყველაფერი იცის, მის თვალ-ყურს არაფერი გამოეპარება“. ბატონებმა ოთარ ჭითანავამ და რაულ ჩილაჩავამ “ჩვენი კუთხის ექვთიმე“ უწოდეს. ასეცაა, რუდუნებით ჩაჰკირკიტებს ყოველ ასოსა თუ ბგერას, სიტყვასა თუ ფრაზას, ყველაფერს რაც მის ქვეყანასა და სამშობლოს, მის საყვარელ კუთხეს შეეხება… არიქა, რამე არ დაიკარგოს, არიქა, რამე არ გამოგვრჩესო…

დიდი კაცია, დიდი კოლხი!..

ბიოგრაფიულ ეტიუდებში წერს: “დავბადებულვარ 1938 წლის 24 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღის ცისკრისას და მთელი დღე წითელი კვერცხი მეჭირა თურმე. ხანდაზმულ მეზობლებს უთქვამთ, ბიჭს “თანაფია“ დავარქვათო, მაგრამ მამას დილარი დაურქმევია და დღემდე ამ სახელით ვცხოვრობ…“

ცხოვრობს და მოღვაწეობს დილარ დაგარგულია, უძღვება თავის დიდ და ბედნიერ ოჯახს, ემზევება უძვირფასეს მეუღლეს, წარმატებულ ვაჟებს, ქალიშვილებს, რძალს, სიძეებს, შვილიშვილებს და ებედნიერება სამყარო ესე და რატომაც არა, იშვიათობაა ასეთი წიგნიერი შვილები, მათი მეუღლეები და შვილიშვილები, რომლებიც ღვთივნათლიანად აგრძელებენ საყვარელი ბაბუისა და ბებიის გზას. როცა ბატონ დილარს წარმოვიდგენ თავის მდიდარ ბიბლიოთეკაში, წიგნით ხელში, უნებლიედ გივი გეგეჭკორის ლექსი „მამა“ მახსენდება:

“…იჯექ დიდხანს,

და ღამითაც გრძელდებოდა ჯადოქრობა,

აბაჟურთან იხრებოდი

სპეტაკი და მელოტი,

და თაროდან წიგნი ისე

მოწიწებით გადმოგქონდა,

თითქოს ფრთხილად-

ქალს ცხენიდან გადმოსვლაში შველოდი!..“

ვულოცავ დაბადებიდან 85 წლის იუბილეს, უფალმა დიდხანს ამყოფოს ჯანმრთელად და ასე გონნათლად…

მისი დარი ღირსეული მამულიშვილები აშენებდნენ ამ ტრადიციებით გამზევებულ ქვეყანას და ნერგავდნენ სიყვარულს უსასრულოდ და უკიდეგანოდ…

მრავალჟამიერ დიდო ადამიანო, ჩვენო ექვთიმევ!..


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!