92 წლის ფელიქს ჭურღულია ძველით ახალ წელს გილოცავთ


  • ზუგდიდელების” სტუმარი 92 წლის ფელიქს ჭურღულია ახალი წლის ტრადიციებზე, კუჩხაზე, ოჯახზე, ახალ თაობაზე გვესაუბრება.

ბატონო ფელიქს, თქვენ ბრძანდებით არა მარტო თქვენი დიდი ოჯახის, არამედ დიდი ისტორიის მქონე სოფლის მახვში…

-ორი საუკუნის ცვლილებებს შევესწარი. ხან ძველი მეტკბილება, ხან ახალი. მე კოლმეურნე ვიყავი. ცხოვრება შრომაში გავატარე. იყო სიღარიბე, არ იყო გაზი, შუქი, სახლები ისლით იყო გადახურული. ძალიან გვიჭირდა. მიუხედავად, ამისა, მე მაინც ის დრო მიყვარს, იმ დროს ვაფასებ და მენატრება. ახლა ქვეყანა ორად არის გახლეჩილი, ერთმანეთს ლანძღავენ და ვერ უგებენ. თანდათან ქრება სიყვარული ერთმანეთისადმი. ძველად თუ ვინმე იჩხუბებდა, შემრიგებელი წუთში შეარიგებდა. ახლა კი, ერთმანეთს კლავენ და მიტევების გრძნობა არ გააჩნიათ.

ცხოვრებაში იმდენი ტანჯვა გამოვიარე – შვილი თამაზი, მეუღლე ვაკოშა, რძალი ლუარა უდროოდ დავკარგე. ისეთი კარგი რძალი მყავდა… ძალიან განვიცდი მის არყოფნას. მამაკაცივით მედგა მხარში. სიმინდის მოსავლის მოყვანაშიც მეხმარებოდა. ოჯახის ბურჯი იყო. ძალიან დაგვაკლდა. ნატვრა მაქვს, ჩემი შვილიშვილი დაქორწინდეს მალე და მოვესწრო შვილიშვილისშვილს.

–ბატონო ფელიქს, ახალი წლის დღეებია, თქვენს ოჯახში დარწმუნებული ვარ იქნება მეკვლის („მაკუჩხურის“) ტრადიცია. ვინ არის თქვენი ოჯახის ტრადიციული მეკვლე?

–წინა წლებში, ჩემი მეუღლე, ვაკოშა ბერია იყო ჩვენი ოჯახის მეკვლე, მას უყვარდა ტრადიციების დაცვა. ახლა ჩემი მეკვლე არის ჩემი შვილი ზურიკო. წელსაც, ჩემი და ჩემი ვაჟის მეკვლე ზურიკო იქნება. იმედია, ზუსტად დაიცავს რიტუალებს და წელიც ბედნიერი გვექნება. გამრავლდება და გაიღიმებს ჩვენი ოჯახი.

ბატონო ფელიქს, მიუხედავად ასაკისა, ვიცი, ისევ ძველებურად შრომობთ…

-რა თქმა უნდა, ისევ ვშრომობ. შეშას ვამზადებ, რვა სული საქონელი მყავს და მათ ვუვლი. როცა დაღლას ვიგრძნობ, ვისვენებ, მერე ისევ შევუდგები საქმიანობას. შრომას ვატან ჩემს დარდს, ის მაძლიერებს. სხვათაშორის, ჯერჯერობით, არ გამომიყენებია ყავარჯენი, მოძრაობა არც მიჭირს და არც მეზარება, თან მინდა, ოჯახს არ შეეტყოს, რომ ამ სახლში „კაბიანი“ არ ცხოვრობს.

რა გახარებთ?

-მახარებენ ჩემი შვილები, 3 შვილიშვილი და 3 შვილთაშვილი. შვილიშვილები და შვილთაშვილები. მათი ცხოვრება, საქმეები, წარმატებები. მაგრამ ახლა, როგორც გითხარით, ოჯახის შვილიშვილთან მაქვს დიდი თხოვნა, რომ დროზე დაქორწინდეს და გამახაროს მისი ბედნიერებით.

თქვენი საყვარელი ადგილი თქვენს სახლში რომელია?

-მიყვარს ჩემი ძველებური ოდა სახლი. აქ მყუდროდ ვგრძნობ თავს. აქ მძინავს.

–როგორ ფიქრობთ, ოჯახურ  ურთიერთობებში ყველაზე მთავარი რა არის?

-პატივისცემა, სიყვარული და რაც მთავარია, ურთიერთგაგება.

ადამიანის თვისებაში რას აფასებთ ყველაზე მეტად?

-უპირველეს ყოვლისა, სინდის და ნამუსს.

და ბოლოს

-და ბოლოს მინდა ჩემს საყვარელ ქალაქს, თანასოფლელებს მივულოცო შობა ახალი-წელი. მშვიდობა, ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული გვქონოდეს. ერთიან, ძლიერ და გამთლიანებულ საქართველოში გვეცხოვროს.

საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!