- დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ტერიტორიაზე კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკების მოპარვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 183-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლებას გულისხმობს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
ინფორმაციისთვის, ამ დილით, ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს. მუზეუმის დირექტორის, ანზორ ოყუჯავას ინფორმაციით, ქანდაკების გაუჩინარება დილის 9 საათზე აღმოაჩინეს, როდესაც უსაფრთხოების სამსახური ეზოში შემოვლას აკეთებდა.