ბავშვთა პოლიკლინიკის დირექტორი ბატონი ზაურ შეროზია 76 წლისაა, პროფესიით ექიმ-პედიატრია, უყვარს თავისი პროფესია, ბავშვები, თავისი ქალაქი,-ზუგდიდელები. საახალწლოდ მისი დალოცვა დავიბედეთ – მშვიდობას, ჯანმრთელობას გვისურვებს.
-ექიმობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ერთ სახლში ვცხოვრობდით ორი ოჯახი: ჩვენი და ბიძაჩემის – ამირან ნინუასი, რომელიც საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგედ მუშაობდა მაშინ. მამაჩემი კი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. როცა ბიძაჩემი ღებულობდა ავადმყოფებს, მეც ვესწრებოდი. მე-4 კლასში ვიყავი, ინფექციური დაავადებების უმრავლესობას კარგად ვიცნობდი. სწორედ ჩემი ბავშვობისდროინდელი “პრატქიკიდან” გამიჩნდა სურვილი ექიმი გავმხდარვიყავი და რა თქმა უნდა, ბიძაჩემის მხარდაჭერით ჩავირიცხე სამედიცინო ინსტიტუტში.
ექიმს უნდა უყვარდეს თავისი საქმე. ავადმყოფის გარშემო უნდა ტრიალებდეს და ისე აფასებდეს რა ხდება მის ორგანიზმში. სწორედ ასეთი დაკვირვების შედეგად უნდა გადაწვიტოს მან როგორ და რითი უნდა უმკურნალოს პაციენტს. ეს თვისებები ექიმს თუ არ გაჩნია, მას ექიმი არ უნდა ერქვას. ხუთ ათეულ წელზე მეტია ექიმი ვარ და ჯერ არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, ბავშვის, ანუ პაციენტის მშობლები უკმაყოფილო ყოფილიყო ჩემზე, არც დიაგნოსტიკაში, არც ორგანიზაციულ საკითხში და არა მარტო ჩემზე, საერთოდ, დაწესებულებაზე, რომელსაც ვხელმძღვანელობ. ბავშვთა პოლიკლინიკის დირექტორობასთან ერთად, წლების განმავლობაში, ვიყავი ქალაქის მთავარი პედიატრი. 1964 წლიდან დავიწყე მუშაობა ქ. ზუგდიდის ბავშვთა პოლილინიკაში უბნის ექიმ-პედიატრად. შემდეგ გადამიყვანეს ამავე პოლიკლინიკის პედიატრიული განყოფილების გამგის თანამდებობაზე. 1975 წელს ადგილობრივი ჯანდაცვის განყოფილების ბრძანებულებით გადამიყვანეს ამავე პოლიკლინიკის მთავარ ექიმად, 1975 წლიდან დღეის ჩათვლით, ვარ ამ თანამდებობაზე.
ბავშვებთან ურთიერთობა რთულია. მათ ყოველთვის უნდა მოეფერო, გაუღიმო. ბავშვი გრძნობს ამ სიყვარულს. მე ზოგადად, მიყვარდა და მიყვარს პატარა ბავშვები, როცა ჩემს ძმასთან სტუმრად მივდივარ, ჩემი ძმის შვილთაშვილი მოფერებით მეძახის მის მიერ შეთხზულ უცხო სახელს და უხარია, რომ მხედავს,-მეთამასება. იქნებ, ჩემი პროფესიის დამსახურებაცაა – გასაკვირად ვუგებთ ერთმანეთს.
– მედიცინა – სპეციფიკური სფეროა, კიდევ რა გიტაცებთ ცხოვრებაში?
– მე მიყვარს ბუნება, დავდივარ ფეხით, რამდენჯერმე შემოვუვლი ქალაქს, რაც გადაღლის ფონზე დიდი განტვირთვაა. ამით კომპენსაციას უკეთებ შენს ორგანიზმს, ათავისუფლებ ყოველგვარი ზედმეტი ემოციიებისგან. თქვენც გირჩევთ – იარეთ ფეხით.
– თავისუფალ დროს როგორ და ვისთან ერთად ატარებთ?
– თავისუფალ დროს ვატარებ ჩემს მეგობრებთან, ერთმანეთს ვუზიარებთ საერთო აზრს ქვეყნისა და ქალაქის შესახებ. ჩვენი პრობლემისა თუ სიხარულის შესახებ.
– ახალ წელს სად ხვდებით და რა საახალწლო ტრადიცია გაქვთ ოჯახში, რა არის თქვენი ტრადიციული სადღეგრძელო?
– ახალ წელს , უცვლელად ვარ ჩემი ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად. მიყვარს საქართველოს და წინაპრების სადღეგრძელო.
-როგორ შექმენით ოჯახი გარიგებით თუ სიყვარულით? – ეს ჩემი ტრადიციული შეკითხვაა.
– ადრე, ჩვენი პოლიკლინიკა იყო იქ, სადაც ახლა ილია ჭავჭავაძის ბიუსტი დგას. ორსართულიან შენობაში, ზედა სართულზე იყო სტომატოლოგიური კლინიკა, მაშინ ამირან აბრამია იყო მისი უფროსი. ქვემო სართულზე ვიყავით ჩვენ, ბავშვთა პოლიკლინიკის კოლექტივი. სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა ჩემი მეუღლე ლაბორანტად, სწორედ იქ შევხვდით ერთმანეთს და დიდი სიყვარულით შევქმენით ოჯახი. მაშინ ვიყავი 31 წლის. მყავს ორი ქალიშვილი. ეთერი მუშაობს რაიონის გამგეობაში, მთავარ სპეციალისტად. თამარი კი, საკრებულოში, მთავარი საქმის წარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების მთავარ სპეციალისტად.
– ბატონო ზაურ, როგორი უნდა იყოს ადამიანი, რა თვისებას აფასებთ ადამიანში?
– ჩემი აზრით, ადამიანი უნდა იყოს სპეტაკი, არ უნდა ტყუოდეს. ადამიანი უნდა იყოს განათლებული. ბაბუაჩემმა სერგო ნინუამ, რომელიც გერმანიაში სწავლობდა და დაამთავრა ორი უმაღლესი, 9 ენა იცოდა და განათლებას დიდ პატივს სცემდა, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩვენი, ძმების მომავალზე.
-თქვენი საახალწლო სურვილები?
-პირველ რიგში, ვუსურვებ ზუგდიდელებს მშვიდობას, ჯანმრთელობას და ყველა ოჯახში ყოფილიყოს წინსვალა-წარმატება.
ესაუბრა როზა როგავა