- 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზევით მყოფი პენსიონერებისთვის 25 ლარით გაიზრდება.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მიხედვით, 70 წლამდე პირთა პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშულო მაჩვენებლის, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაცია 6,4%-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მაჩვენებლით პენსიის ზრდა ნაკლებია კანონით განსაზღვრულ მინიმალურ 20 ლარზე, კანონის შესაბამისად იანვრიდან პენსია 20 ლარით 260 ლარამდე გაიზრდება.
ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციის და ბოლო 6 კვარტლის მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით.
იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი ფორმულით პენსიის ზრდა ნაკლებია კანონით განსაზღვრულ მინიმალურ 25 ლარზე, ამ შემთხვევაშიც კანონის შესაბამისად პენსია 25 ლარით, 300 ლარამდე გაიზრდება. მთლიანობაში, ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის საპენსიო უზრუნველყოფა – 2, 885 მილიარდი ლარი გაიწერა.