ზუგდიდში ცოცხალი სკულპტურა გაჩნდა?


არ შევეჩვიოთ ღამის ქოთნიან და ცელოფნიან ცოცხალ სკულპტურებს .

ევროპა ბევრ სხვა რაღაცასთან ერთად, ცოცხალი სკულპტურებით იწონებს თავს,-მიდიხარ,  ჩერდები, როგორ ბრწყინავს… რა ნატიფია, დახვეწილი, ხელის შევლება გინდება,  ინსტიქტურად  სწევ ათრთოლებულ ხელებს, რომ ხელოვნების უმშვენიერეს ქმნილებას მიესათუთო და… სკულპტურა თვალს გიკრავს… შენ შეშდები ხელაწეულ პოზაში და თვალები გიფართოვდება, სკულპტურა მეორე თვალს გიკრავს და გიღიმის,  ხვდება, რომ დაიბენი… აი, თურმე რა… მერე სკულპტურა ხელს გადაგხვევს და ფოტოს იღებ მასთან… მეორე დღესაც გარბიხარ მისკენ. ის დგას, დგას გაუნძრევლად და ახლა სხვას, მისი სილამაზით მოხიბლულს,  მის შეხებას მოწყურებულს ნუსხავს და ასე შემდეგ… მეც ასე დამემართა კრაკოვში. ძველი კრაკოვის მოედანზე. რამდენი ხანიც ვიყავი იქ, ყოველდღე მივდიოდი და ვუცქერდი, როგორ მოდიოდა გოგონა და როგორ „სკულპტურდებოდა“, „იყინებოდა“… გამვლელები, ადგილობრივები ყურადღებას არ აქცევდნენ. მარტო ჩამოსულები ვიდექით და ვუცქერდით… ადგილობრივი გამვლელები შეჩვეული იყვნენ ცოცხალი სკულპტურის ცხოვრებას, მის გაყინულ სილამაზეს, რომელიც დრო და დრო ისვენებდა – ჭამდა, სვამდა, ჩამოჯდებოდა მიფარებულში, რა თქმა უნდა, და მერე ისევ უბრუნდებოდა თავის ადგილს…

ხშირად მიფიქრია ცოცხალ სკულპტურებზე –  რა ნებისყოფა აქვთ მეთქი. რა უნდა გადაუხადონ, რომ დილიდან საღამომდე,  ერთ ადგილას, გაყინული მზერით, უძრავად იდგნენ მეთქი. მიოცნებია კიდევ, იქნებ ჩვენს ქალაქშიც გამოჩნდნენ მეთქი ხელოვნების ცოცხალი ნიმუშები. იმაზეც ვფიქრობ, როგორ შეეჩვეოდნენ მას ზუგდიდელები, – შორიდან ცქერას დასჯერდებოდნენ თუ… ახლოს, აააახლოს მივიდოდნენ და შეეხებოდნენ. ან დაუდარაჯდებოდნენ და მისი რეალური ცხოვრებით დაინტერესდბოდნენ… ან რავი, ან… ან…

ეს ჩემი პოზიტიური ფიქრებია, რომელიც ჩემი ქალაქის ერთი არაპოზიტიური ფრაგმენტიდან ამომეწვერა… ცოცხალ სკულპტურად ექცა ზუგდიდს 78 წლის ციალა ჯოჯუა, თავისი ცელოფანგადაფარებული საწოლით და ჯარისკაცის მუნდირით. ზუგდიდელები შეეჩვივნენ მას, – ისე აუვლიან და ჩაუვლიან, როგორც იქ, კრაკოვში ულამაზეს, ოქროფერ, ცოცხალ სკულპტურას უვლიდნენ. რიგითი ამვლელი და ჩამვლელი ფიქრობს, რომ ამ ქალბატონს ვიღაცამ უნდა უშველოს, გამოიხსნას ამ მდგომარეობიდან, ან საერთოდ, არც ფიქრობს, რომ მას რაღაც უჭირს… ვიღაცას ეღიმება მასზე, ვიღაც ვიშვიშებს.  თვეზე მეტია ასაკოვანი ქალი გამგეობის შენობის წინ, ზუგდიდდასუფთავების ოფისის ფანჯრებთან ცელოფანგადაფარებულ ლოგინში არის შეყუჟული, გატრუნული და არის და არის… აქვს კონკრეტული თხოვნა და მოთხოვნა, რომელიც უსაშველო აღმოჩნდა. პირველი თვე ყველამ გავიკვირვეთ, თავს მაინც ვაბრუნებდით და ვაკვირდებოდით მართლა ქალი იწვა თუ… თუ იწვა და რა მდგომარეობაში იყო… ახლა ზედაც არავინ უყურებს. პირველი დღეები ოფიციალური ხელისუფლებაც რიგ-რიგობით ახორციელებდა ვიზიტებს, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი დღეები. „დამნაშავეა ის!“, „დამნაშავეა ეს!“, „მე რა შუაში ვარ?“, „ის რა შუაშია?“, „ასე იყო!“, „ისე იყო!“…-კითხვების რაოდენობა იზრდება და მეტი არაფერი. ქალბატონი ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის ბებიად იქცა, შეეჩვია მას ეს პატარა ქალაქი, შეეჩვია მის ცელოფანგადაფარებულ საწოლს წვიმის გუბეებით, თავის მხარე დაორთქლილს, მორყეული, უშველებელი ქოლგით, იქვე დრო და დრო მდგომი კეპკიანი მამაკაცითა და მოვლილი, მაკიაჟიანი, სამკაულებიანი, ფერ-ხორციანი ქალბატონით, რომელიც დედას მიფარებულად, მალვით აჭმევს, ასმევს, ბანს, თეთრეულს, ღამის ქოთანს და პამპერსებს უცვლის… მიფარებულად, ხალხის თვალისგან დაფარულად  მეთქი! თუმცა ხალხი რამეს იტყვის და რამე გაუკვირდება? – ის უკვე შეეჩვია ბებიას, რომელიც თავისი პროტესტით მიზანს თუ არა,  “გინესის წიგნში” მოხვედრას მაინც შესძლებს მსოფლიოში ერთ-ერთი უხანგრძლივესი პროტესტისათვის გამოჩენილი გაუგონარი ნებისყოფის გამო… თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ბებიას შვილი აიძულებს გააგრძელოს პროტესტი, არ აკარებს სამედიცინო პერსონალს, ვაითუ, საავადმყოფოში მთხოვონ მისი გადაყვანაო… ამბობენ, ამბობენ, ამბობენ მეთქი, – მე ხომ არ ვამბობ!

…და ყველაზე საინტერესო, როგორ შეეჩვია  78 წლის ციალა ბებიას პროტესტს ადგილობრივი ხელისუფლება. მან ვერ გამონახა ვერანაირი გზა, რომ ეს ქალბატონი ცოცხალ სკულპტურად არ ექცია,- ვერ გამონახა, ვერ იპოვა, ვერ მოიაზრა გამოსავალი! თუ არ, არ, არ?!

უკვე ჩუმად სვამენ შეკითხვას – ქალაქის “პირველებს“ როგორ სძინავთ ღამე თბილად და მშვიდად, როცა იციან, რომ მათი მოქალაქე, ასაკოვანი ქალბატონი ქუჩაში წევს,- წვიმაში, ყინვაში…

დასაჭერია? -დაიჭირეთ!  ექიმი სჭირდება?-ექიმი მოუყვანეთ… იქნებ ფსიქიატრია საჭირო,-რას ელოდებით?! და თუ გასაკეთებელია მითვის რაღაც -გაუკეთეთ, გა- უ- კე -თეთ, გაუკეთეთ! – გადაუწყვიტეთ!

შევეჩვიეთ?… შევეჩვიეთ, შევეჩვიეთ 78 წლის ქალის პროტესტს – იჯდეს რა, უკაცრავად, იწვეს რა!

მაგრამ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება სადაა?

ხალხზე თავგადაგებული ოპოზიცია სადაა? – ციალა ჯოჯუას პრობლემის მოხსნის, მისი ცელოფანგადაფარებული, დატბორილი საწოლის სანაცვლოდ თბილი სავარძლები არ ილანდება?

სად ბრძანდებით სასულიერო პირებო , მოწამეობრივობა და მარტვილობა მეტი რა იქნება თანამედროვე ცხოვრებაში,-78 წლის ქალი ქუჩაში წევს და იღვენთება, მთელი ქალაქის თვალწინ ნელ-ნელა ქრება სიცოცხლე, – მოეფერეთ. იქნებ უთხრათ, რომ ამაოა მისი ღვაწლი  სულის საცხონებლად და არ ღირს მატერილურს შეწირვა.

არ შევეჩვიოთ, არ შევეჩვიოთ, არ შევეჩვიოთ ცელოფნიან და ღამისქოთნიან ცოცხალ სკულპტურებს, ზუგდიდელებო!

ნანი მოსიძე


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!