თაობა


“ეტალონი-მედია“- ს ინიციატივითა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრით, გაიმართა  მედიაპროექტ „ეტალონის“ რეგიონალური ტური. ტურნირში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის 13 სკოლის 13-მა მოსწავლემ.

 ტურნირში გაიმარჯვა ზუგდიდელმა კოკა ჯალაღონიამ, რომელიც პირველი საჯარო სკლის მე -11 კლასის მოსწავლეა. კოკა „ზუგდიდელებთან“ საუბრობს პირველ ემოციებზე,განწყობებზე და შთაბეჭდილებებზე.

-კოკა ,რატომ გადაწყვიტე პროექტში მონაწილეობის მიღება?

-თითქმის ყველა სასწავლო  ოლიმპიადაში ვიღებ მონაწილეობას,მაგრამ მსგავს პროექტში ბედი არასოდეს მიცდია.ეტალონში მონაწილეობდა  ზუგდიდის საჯარო სკოლების 13 საუკეთესო მოსწავლე და მათ მართლაც ღირსეული მეტოქეობა გამიწიეს. პროექტში მონაწილეობით მსურდა საკუთარი შესაძლებლობების შემოწმება და მინდოდა გამეგო საჯარო სიტუაციაში ჩემი ცოდნის  გამოვლენას შევძლებდი თუ არა.

-რამდენად რთული იყო კითხვები?

-არ იყო დასმული გამორჩეულად რთული კითხვები, მაგრამ თითქმის ყველა სასწავლო  დისციპლინას მოიცავდა და ასევე ითხოვდა მონაწილისაგან მრავალმხრივ ცოდნას.

-რამდენად ელოდი მოგებას და ვის მიუძღვენი შენი გამარჯვება?

-ალბათ ყველა მონაწილეს ქონდა გამარჯვების იმედი და  მათ შორის, რა თქმა უნდა მეც. გამარჯვება მივუძღვენი დედას და ბაბუას, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობში  აქტიურად მგულშემატკივრობდნენ.

-რა პრიზები გადმოგცეს?

– „ეტალონმა“ დიპლომით დამასაჩუქრა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზუგდიდის მერიას არ აღმოჩნდა თანხები, რომ გამარჯვებულისთვის პრიზი დაეწესებინა. ვიცი, რომ გამარჯვებულს ყველა ქალაქში გადასცეს  პრიზი და მე ცოტათი ბავშურად დამწყდა გული, მაგრამ მთავარია გავიმარჯვე.

-მომავალი პროფესია თუ აირჩიე?

– ჯერჯერობით არა…

-ენებს თუ ფლობ?

-დიახ, ინგლისურს, გერმანულს და რუსულს, მაგრამ მომავალში, ვაპირებ, უფრო მეტად გავაუმჯობესო დონე.

-კითხვა თუ გიყვარს?

-დიახ, კითხვის პროცესი, ზოგადად, ძალიან მიყვარს, მაგრამ დრო… გაკვეთილები…  მომწონს ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება და ხშირად ვკითხულობ.

-შენც ხომ არ  წერ?

-სამწუხაროდ, არა და არც მიცდია.

-რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე ხომ არ უკრავ?

-ფორტეპიანოზე, მაგრამ არც ისე კარგად.

-გავიგე ძალიან ბევრს მეცადინეობ , ერთი სიტყვით გადარბენებზე ხარ. თავისუფალი დრო თუ გაქვს?

-დიახ, ძალიან ბევრს ვმეცადინეობ, მაგრამ მეგობრებთან ურთიერთობისთვის დრო ყოველთვის მრჩება, მათთან  ერთად ფეხბურთსაც  ხშირად ვთამაშობ. სხვათაშორის, „ბარსელონას“ ვგულშემატკივრობ. ასევე ძალიან მიყვარს თხილამურებზე სრიალი.

-მშობლებზეც მომიყევი…

– მამა – მალხაზ ჯალაღონია თერაპევტია და “ჩემი რეპეტიტორი” ფიზიკაში,  დედა – დარეჯან გაბედავა, რეპეტიტორის მოვალეობას „ითავსებს“ ბიოლოგიაში.  მყავს და ელენე, რომელიც სწავლობს თსუ- ში, პირველ კურსზე და დასახელებულ იქნა 2015 წლის  ერთ-ერთ საუკეთესო სტუდენტად.

-შენ რა გეგმები გაქვს?

– ვემზადები საატესტატო და ეროვნული გამოცდებისათვის, ვიმედოვნებ,  შევძლებ უცხოეთში განათლების მიღებას.

და ბოლოს, როგორ ფიქრობ, ვისი დამსახურებაა შენი გამარჯვება?

-უპირველეს ყოვლისა ჩემი მშობლების, შემდეგ სკოლისა და ჩემი თავის.

საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!