- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო და კერძო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ინტენსიური ტესტირების შედეგად, 2 კვირის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით Covid-19 მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა 0,5%-ს დაუდასტურდა.
უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევაში, ინფიცირებულ მასწავლებელთან შეთანხმებით, მისი საგანი დისტანციურ ფორმატში გადადის.
გარდა ამისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.