- მსოფლიოს უდიდესმა, “გუგლის” კულტურულმა ინსტიტუტმა თავის პლატფორმა დადიანების სასახლეებს დაუთმო. ზუგდიდი ხელოვნების სასახლის შემდეგ მეორე ქართული მუზეუმია, რომლის კოლექციაც მრავალმილიონიანი მსოფლიო აუდიტორიის წინაშე გამოიფინა-ამის შესახებ ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.
“დაახლოებით ოთხი თვის წინ ზუგდიდის დადიანების სასახლეების მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარედ დავინიშნე. ხელოვნების სასახლის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ამ უნიკალური ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის თვისობრივად ახალ მუზეუმად გარდაქმნა და მისი საგანძურის პოპულარიზაცია დავისახეთ მიზნად! ძალიან ცუდი პერიოდი დაგვემთხვა, თუმცა არ გავჩერებულვართ და შეიძლება, ითქვას, შეუძლებელი შევძელით! მსოფლიოს უდიდესმა, “გუგლის” კულტურულმა ინსტიტუტმა თავის პლატფორმა დადიანების სასახლეებს დაუთმო! ზუგდიდი ხელოვნების სასახლის შემდეგ მეორე ქართული მუზეუმია, რომლის კოლექციაც მრავალმილიონიანი მსოფლიო აუდიტორიის წინაშე გამოიფინა”, – წერს გიორგი კალანდია.
მისივე ინფორმაციით, გამოფენა, სახელწოდებით “დადიანების სასახლეების საგანძური” წუხელ, ღამის 01:00 საათზე ჩაიტვირთა.
“ნიუ იორკში ამ პროცესს ჩვენი წარმომადგენელი მერი ხარაიშვილი უწევდა კოორდინაციას, რისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა. გამოფენა ლილი ბერაიას ნაშრომისა და ტექსტის საფუძველზე ხელოვნების სასახლის თანამშრომელმა მარიამ კიკვაძემ მოამზადა, თანაც ზედმიწევნით. ამ გამოფენას ორმაგი მნიშვნელობა აქვს: პირველი, მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნოს ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი წარსული და ამასთანავე კულტურის, პირუთვნელი ფაქტების ენით მსოფლიოს დაანახოს ჩვენი ტერიტორიული ერთიანობის ისტორიული საფუძვლები. სწორედ ამიტომაც დამთვალიერებელი აქ იხილავს აფხაზეთიდან: ილორის, მოქვის უძვირფასეს ოქროს ხატებს დამშვენებულს ქართული წარწერებითა და ქართველ ისტორიულ მოღვაწეთა სახელებით. მხოლოდ აქ, მხოლოდ გუგლის ტექნოლოგიების წყალობით უმცირეს დეტალებამდე შეგიძლიათ, დაათვალიეროთ სამეგრელოს განძი, რომელიც ასე ბრწყინვალედ, ასე პომპეზურად მთელი მსოფლიოს გასაოცებლად და გასაოგნებლად პირველად გამოიფინა! ვულოცავ საკუთარ თავს, ხელოვნებისა და ზუგდიდის სასახლეების თანამშრომლებს!”, – წერს გიორგი კალანდია “ფეისბუქზე”.
გიორგი კალანდია, ასევე ავრცელებს “გუგლის” პლატფორმის ბმულს, რომელზეც დადიანების სასახლის კოლექციის ნახვაა შესაძლებელი.