- 40-ჯერ გათენდა და დაღამდა უშენოდ…ვაი, რომ განვლილმა დღეებმა მცირედი ნუგეშიც ვერ მოგვიტანა…მოუშუშებელი ტკივილი დაგვიტოვე მეგობრებს, თქეშად მოიყოლე ცრემლის ნიაღვარი…როგორ გვაკლიხარ, ალბათ ასე უეცრად წუთისოფლიდან გასვლა რჩეულთა ხვედრია…გარეგნული თუ შინაგანი ხიბლით, გულისხმიერებით, სიკეთით, სიყვარულითა და თავაზიანობით გამორჩეულს სიკვდილიც გამორჩეული გერგო.
უფლისთვის მიგვინდია შენი სული და იმის განსჯა, უსამართლობაა ეს თუ ამაღლებულთა ხვედრი… რითი ვანუგეშოთ უშენობით ჩაფერფლილი კერა, ამაოდ იქცა შენი ყოველი ოცნება, ნალოლიავები მიზნები…მაგრამ ჟამთასვლა ვერაფერს დააკლებს შენს ხსოვნას, ვერ გაახუნებს შენს ღიმილს, შენს ნათლით სავსე სიცოცხლეს. მუდამ გვეყვარები და ვიამაყებთ, რომ გვყავდა გამორჩეული დირექტორი, ზუგდიდსა და ზუგდიდელებზე შეყვარებული.
გთხოვთ, უფალს შეავედრო შენი სასახლე და მისი აღსაზრდელები, ახლობლები, სამშობლო…შენგან დათესილი სიკეთე სინათლის სხივად დაგადგება სულთა სავანეში, დაგიფარავს ნათელი უფლისა და შუქი კელაპტრისა, შენი სახით მარად, რომ ანთია ჩვენს გულებში… ღმერთო, სამოთხეში კუთვნილი ადგილი დაუმკვიდრე შენს მხევალს ნინო- ნინელის და განუსვენე მართალთა თანა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლე