ზუგდიდელი “კოვიდგასტუმრებულების” განწყობები


  • გამხნევებას დიდი ძალა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ადამიანი გამხნევებს, ვინც შენი გზა, შენი ტკივილი და შიში გამოიარა. ბევრი ზუგდიდელი სოციალურ მედიაში, საჯაროდ, წერს, როგორ გაიმარჯვა კოვიდვირუსზე, ვინ დადგა მის გვერდით, რა და ვისი რჩევები გაიზიარა და ამ რჩევებს არც სხვებისთვის იშურებს.

ასმათ ხუბულავა: “17 დღე, სახლის პირობებში, ორივე ფილტვზე ანთებით, ვებრძოდი საშინელ ვირუსს, ღმერთი მყავდა გვერდით. მე -17 – ე დღეს, მძიმე მდგომარეობაში მყოფმა, უფლის შთაგონებით მივმართე უჭკვიანეს ექიმს, ზუგდიდელთა სიამაყესა და იმედს, ბატონ გოჩა სალიას, კლინიკა NLI – ში, რომელმაც ხუთ დღეში მომიხსნა კოვიდთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და მყარად დამაყენა ფეხზე, მადლობა უფალს, მადლობა ბატონ გოჩას სიცოცხლის შენარჩუნებისათვის, მე კი, კვლავ გავაგრძელებ ზუგდიდელებზე ზრუნვას, მიყვარხართ, ჩემო ძვირფასებო“.

 

ეკა მინჯორაია:  „შინაურ მღვდლებს შენდობა არ აქვთო, რომ არ გამომივიდეს,  მინდა მადლობა ვუთხრა წალენჯიხის ჰოსპიტალის სასწრაფო ბრიგადას, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს, სადაც ტოქსიკური ჩვენებებით, პირღებინებით და ძლიერი თავბრუსხვევებით მიმიყვანეს. ძალიან რომ მეგონა შემწვარი თევზით მოვიწამლე, თურმე, კოვიდი ყოფილა. სამწუხაროდ, ყველა პაციენტი ტესტების დეფიციტის გამო არ იტესტება. მაგრამ ჩემი ოჯახის ძვირფასი მეგობარი და ექიმი  ქეთევან წყაროზია ტყვილა არ არის ცეცხლი ტოქსიკოლოგი. ქეთი, მადლობა შენ! მადლობა იელი კაკულიას, მაია სარიას რეანიმობილის ექიმს, არაჩვეულებრივ პიროვნებას.

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი: სატურაცია 98 დამიფიქსირდა. შალვა ექიმმა, სანამ “სვეშჩამი”- ს დაიძახებდა, მკითხა, ვინ გყავს სახლშიო. კოვიდიანი მეუღლე, რომელსაც ჩემი დახმარება ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სჭირდება -მეთქი. წადი და ერთმანეთს დაეხმარეთო.

10 ქულიან სკალაზე 10 ქულით ვაფასებ ექიმებს და ყველა სამედიცინო პერსონალს, რომლებმაც მძიმე თავბრუსხვევები დამირეგულირეს. მიყვარხართ, თავს გაუფრთხილდით. აქვე მოვეფერები ჩემს თანაპალატელ კოვიდ გოგონებს, უკვე ჩემს სამუდამო ქუთაისელ მეგობარ მანდილოსნებს, ერთად გამოტარებული გაჭირვების კვირა მე თქვენ ძალიან გამიადვილეთ. მიყვარხართ. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდით და მამხნევებდით.“

თეიმურაზ ბასილაია: “როგორც იქნა დავამარცხეთ COVID 19 ! ამ ვერაგ ვირუსთან ბრძოლაშიც ვნახეთ მთავარი… ყურადღების, მეგობრობის და სიყვარულის ფასი. მადლობა ყველას , NLI, ირაკლი თორდია, ლიკა თაკალანძე, კლინიკა “გული”, მედეა ჯალაღონია, ზაზა ანდრიაძე… მადლობა მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს… უწყვეტი ყურადღებისათვის, თანადგომისათვის, ზრუნვისათვის ! არ ვიცი, რითი დავიმსახურეთ, საოცარი გრძნობით ვაგრძელებთ ცხოვრებას!”

 

ედიტა კოდუა: „ძვირფასო მეგობრებო, თქვენი ლოცვით და დიდი სიყვარულით, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობდი თქვენგან, დავამარცხე კოვიდ 19. ეს არ იყო ადვილი, ძალიან რთული გზა გამოვიარე, ბევრჯერ სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში მაგრამ მიხარია, რომ დღეს თქვენ გვერდით ვარ, რომ ისევ შემიძლია კეთილი საქმეები ვაკეთო, კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფს მამაომ დამირეკა და მითხრა: “ჯერ შენ კიდევ იმდენი კეთილი საქმე გაქვს გასაკეთებელი, ჩვენს გვერდით უნდა იყოო”, ეს სიტყვები ჩემთვის მოტივაცია აღმოჩნდა, რომ მებრძოლა სიცოცხლისთვის, გადამარჩინა უფალმა იმისთვის, რომ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ვიყო ხალხის სამსახურში, თითოეული ადამიანის გვერდით, ვისაც ეს დასჭირდება, განურჩევლად, ვინ არის ის, მთავარია ჩემი თანადგომა სჭირდებოდეს. მადლობა უფალს, მადლობა თითოეულ თქვენგანს, ამდენი სითბოსთვის, სიყვარულისთვის და ლოცვისთვის”.

მაია კალანდია: “მიუნჰაუზენს რომ ამოჰყავს საკუთარი თავი, ქეჩოში ხელის წავლებით, ხომ გახსოვთ, ჰოდა ეს გვჭირდება ზუსტად ახლა. მეგობრებო, რაც არ უნდა გიჭირდეთ, ადექით, გადით გარეთ, იარეთ, იფიქრეთ კარგზე, სასიამოვნო დღეები გაიხსენეთ. ვეგდე მთელი დღე, მეზარებოდა ყველაფერი, ვეცადე, წავავლე ქეჩოს ხელი რამდენჯერმე… ნწუ! ბოლოს კარგად წავავლე და ვიარე, ველოთი 8 კილომეტრამდე, ფეხით 3. ბევრად უკეთ ვარ ახლა…”

 

მთავარი ფოტო აღებულია მაია კალანდიას ფეისბუქგვერდიდან

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!