- როგორ უნდა გაუფრთხილდნენ თავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები კორონავირუსის დროს. – ამ თემასთან დაკავშირებით, “ზუგდიდელებთან” საუბრობს, ინტერვენციული კარდიოლოგი და კარდიოქირურგი კლინიკა “გულის” ექიმი შოთა ქარჩავა.
-კორონავირუსების ჯგუფი დაავადების გამომწვევი ვირუსების დიდი ოჯახია, რომელთაც სხვადასხვა დაავადების, მათ შორის სასუნთქი გზების ინფექციების გამოწვევა შეუძლიათ ადამიანებსა და ცხოველებში. რა მიმდინარეობა ახასიათებს კორონავირუსს პირველი: ეს არის ხანგრძლივად მიმდინარე ინფექცია, საშუალოდ 14-დან 30-დღემდე, მეორე: ეს არის ტალღისებური მიმდინარეობა, დღე გამოშვებით მაღალი ტემპერატურის ჩანაცვლება სუბფებრილურ ციფრებით.
-როგორ ვრცელდება კორონავირუსი?
-წვეთოვანი გზით: ხველით, ცემინებით, თვალზე, პირზე და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებით. დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით შეხება, ხელის ჩამორთმევა. ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე ახლო მანძილზე ვრცელდება, როგორც სხვა რესპირაციული დაავადებები, მაგალითად გრიპი. ინკუბაციური პერიოდი 2-დან 14 დღემდეა. დაავადების გართულების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან ხანშიშესული ადამიანები, ასევე ისინი, ვისაც სხვა თანმხლები დაავადებები აწუხებთ, როგორებიცაა: ბრონქიალური ასთმა, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა.
-რა სიმპტომები ახასიათებს:
ცხელება (შემთხვევათა 90%), მშრალი ხველა, ან მცირე რაოდენობის ნახველის გამოყოფით (80%), ქოშინი (30%), დაღლილობა (40%), ზოგჯერ ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე, გულმკერდის არეში სხვადასხვა ხასიათის ტკივილის შეგრძნება, თავის ტკივილი, დიარეა, ყველაზე საყურადღებო სუნთქვის გაძნელება, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, გულისფრიალი, კუნთებში ტკივილი, ყნოსვის დაკარგვა და გემოს “ჭეშმარიტი” დაკარგვა როდესაც ადამიანები ერთმანეთისგან ტკბილ და ცხარე გემოებს საერთოდ ვერ არჩევენ და სხვა.
-როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან?
1) ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან გამოიყენეთ სპირტის შემცვლელი ხსნარი
2) ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირსა და პირს დაუბანელი ხელით
3) მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს დაავადებულ ადამიანთან, არ გამოიყენოთ დაავადებული ადამიანის პირადი ნივთები
4) ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი
5) მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცის პროდუქტები და კვერცხი
-როგორ უნდა დავიცვათ გარშემომყოფები დაინფიცირებისგან?
1) თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა ან ხველა, მოერიდეთ გარშემომყოფებთან მჭიდრო კონტაქტს
2) ცხვირსახოცი გამოყენების თანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ
3) ვატაროთ პირბადე ყველგან. ყოველ 2-3 საათში ერთხელ რეკომენდირებულია პირბადის გამოცვლა.
კოვიდ 19-ით დაავადებული პაციენტების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ პაციენტებში, რომელთაც თანხვედრი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აქვთ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. მათ შორის ყველაზე ხშირია ისეთი დაავადებები როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა), გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა, სხვადასხვა სახის არითმიები და ა.შ.
თუ თავიდანვე იცით, რომ გულის პრობლემა გაქვთ და პაციენტს აქვს გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, კარდიომიოპათია, სხვადასხვა სახის არითმიები, ამ შემთხვევაში მომატებული ჟანგბადის მოთხოვნას დაავადებული გულ-სისხლძარღვთა სისტემა ვერ აბალანსებს, განსაკუთრებით COVID 19-ის შემთხვევაში, რომლის დროსაც გვაქვს ისედაც ჟანგბადით სისხლის გაჯერების მკვეთრი დეფიციტი ფილტვების დაზიანების გამო. აგრეთვე ვირუსემიის საპასუხოდ შეიძლება განვითარდეს გულის მძიმე არითმია, ან გულის გაჩერება, გულის კუნთის ანთება – მიოკარდიტი და აქედან გამომდინარე, გულ-სისხლძარღვთა მზარდი უკმარისობა. ამიტომ ასეთი პაციენტების მართვა რთულია და საჭიროა კარდიოლოგების, რეანიმატოლოგების და ინფექციონისტების ერთობლივი მუშაობა. ყველა ზემო აღნიშნულ შემთხვევაში, პაციენტს უნდა ჰქონდეს მუდმივი კონტაქტი თავის მკურნალ კარდიოლოგთან.
გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები, რომ COVID 19 დაავადებული პაციენტები, რომლებიც მაღალ წნევას მკურნალობენ აგფ-ინჰიბიტორების, ან არ-ბლოკერების ჯგუფის პრეპარატებით, შესაძლოა იმყოფებოდენ არასასურველი გამოსავლების მაღალი რისკის ქვეშ, რაც არ დასტურდება. ამიტომ კოვიდ 19-ის პანდემიის დროს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებით პაციენტმა უნდა გააგრძელონ იმ მედიკამენტების მიღება, რომლებსაც იღებდნენ კარდიოლოგის დანიშნულებით. მაქსიმალურად გააკონტროლონ წნევა, პულსის სიხშირე და რითმულობა. ასევე უნდა გაითვალისწინონ, რომ სხვადასხვა პრეპარატები, მათ შორის იმუნოსუპრესანტები, სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, როგორიცაა, მაგალითად: იბუპროფენი, დიკლოფენაკი, ნაპროქსენი და ა.შ. ასევე იწვევენ წნევის მატებას. ასევე წნევის მატებას იწვევს კოფეინის დიდი რაოდენობით მიღება, ყავა და ალკოჰოლი. არტერიული წნევის მატება კი, თავისთავად არის კოვიდ 19-ის დამატებითი რისკ ფაქტორი.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ მათი წნევა იყოს კონტროლირებადი. აგრეთვე თუ პაციენტი ღებულობდა ანტიაგრეგანტებს და ანტიკოაგულანტებს (კარდიო-ასპირინი, პლავიქსი, ქსარელტო, ვარფარინი და სხვა) უნდა გააგრძელონ ამ პრეპარატების მიღება, რადგან კორონავირუსით დაავადებულ ორგანიზმში მატულობს სისხლის შედედება, რაც შეიძლება გახდეს არტერიული, ვენური თრომბოზის და თრომბოემბოლიის მიზეზი. თვითნებურად ამ პრეპარატების მიღება დაუშვებელია ექიმის რეკომენდაციის გარეშე, რადგან ადამიანთა პოპულაციაში არის დაავადებები, რომლის დროსაც ზემო აღნიშნული პრეპარატების მიღება, შეიძლება გახდეს სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენის და სხვა გართულებების მიზეზი.
- გულმკერდის არეში ტკივილის, ან დისკომფორტის (მოჭერითი ხასიათის, წვის, სიმძიმის, ლოდივით შეგრძნების, ან სხვა) გაჩენისას, უნდა დაუყოვნებლივ მიმართონ კარდიოლოგს. სუნთქვის გაძნელების, მაღალი ტემპერატურის, ჰაერის უკმარისობის, ქოშინის და ტუჩების ციანოზის (სილურჯე) შემთხვევაში მიმართონ ოჯახის ექიმს, ან დარეკონ 112-ზე.