ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა


  • ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურისთვის სპეციალურ სიაში 4 095 ამომრჩეველია, მათ შორის არიან როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირები, ასევე სპეციალური ჯგუფების წევრები, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების  წარმომადგენლები, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურ სიაში შეყვანილი პირები ტერიტორიულად  იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იმყოფებიან, სადაც არიან რეგისტრირებული.

20 ნოემბერს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მიიღებენ ტექსტურ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას.

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 80  სპეციალური საარჩევნო უბანი ამომრჩევლებს 145 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს  2 360 – მა მოქალაქემ მომართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმყოფებიან თვითიზოლაციაში. მათგან 985 მოქალაქის მოთხოვნა შეესაბამებოდა გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს და ისინი სპეციალური უბნებისა და მისამართების მიხედვით გადანაწილდნენ იმ მაჟორიტარული ოლქების მიხედვით, სადაც პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი ყუთის მოთხოვნა თვითიზოლაციაში მყოფ იმ ამომრჩევლებს შეეძლოთ, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული.

ცესკოს განკარგულებით დამტკიცდა ამომრჩეველთა სპეციალური სიები და აღნიშნული ამომრჩევლების რაოდენობის შესაბამისად დაიბეჭდება ბიულეტენები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე საქართველოს მასშტაბით ყველა სპეციალურ უბანს მიეწოდება.

თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში დარეკვის და გადასატანი ყუთის მოთხოვნის შესაძლებლობა 15-17 ნოემბერს ჰქონდათ. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობდა და მოქალაქეების მოთხოვნებს 30 ოპერატორი აფიქსირებდა.

ამასთან, ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო კამპანია აწარმოა სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით; შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 15 647 ამომრჩეველს, რომელთაც მითითებული ჰქონდათ საკონტაქტო ინფორმაცია, ცესკომ გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები და მოუწოდა დაეფიქსირებინათ გადასატანი ყუთის მოთხოვნა; ხოლო  სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ მოქალაქეებს დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები მათი არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!