- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი გადაამზადა.
“პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალურად შეიმუშავა გადამზადების სწრაფი ტრენინგ-კურსი “Covid-19” ჰიბრიდული ფორმით (როგორც ონლაინ, ასევე არადისტანციურად).
გადამზადების პროგრამის მთავარ მიზანს სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზის შექმნა წარმოადგენს. გადამზადებულ სტუდენტებს კოვიდ-სიტუაციის მართვის პროცესში საჭიროების შემთხვევაში მედპერსონალის დახმარების მზაობა აქვთ.
სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემურად გაგრძელდება. ამ მიმართულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უნივერსიტეტებისთვის შემუშავდა ჩარჩო პროგრამა – „Covid-19-ის ზედამხედველობისა და მართვის პრინციპები“, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თავად უზრუნველყოფენ სავალდებულო შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგ-კურსის ჩატარებას მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მაღალკურსელებისთვის. აღნიშნული კონტიგენტის გათვალისწინებით, უნივერსიტეტები ადგენენ იმ სტუდენტთა სიებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, ჩაირიცხონ სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზაში.
ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი სრულად მორგებულია პანდემიის მართვის პროცესში სამედიცინო პერსონალის დამხმარე მოხალისე სტუდენტთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე. პროგრამა მოიცავს კორონავირუსის მართვის კუთხით სხვადასხვა მიმართულებებსა და თემატურ ლექციებს, მათ შორის, მედპერსონალის პირად უსაფრთხოებას, Covid-19-ის შემთხვევების მართვას, პანდემიის პირობებში ეფექტურ კომუნიკაციას, ინფიცირებულთა ფსიქო-სოციალურ დახმარებასა და ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენას”.-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.