არ ვიცი, სად, ვის, რა და როგორ, მაგრამ პატიოსან ზუგდიდელებს, ზუგდიდში ჩამოსულ სტუმრებს, ქართველებს თუ არაქართველებს, ოღონდ მხოლოდ პატიოსნებს, ალბათ უფრო მოკრძალებულებს, ან მორიდებულებს, ერთი ფრიად პიკანტური თემა აწუხებთ,- ტუალეტი, ღამის ზუგდიდის ტუალეტი!
სიამოვნებით გაისეირნებდით ალბათ, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, იუსტიციის სახლის უკან მდებარე სკვერში ფერად შადრევნებთან… გვიან საღამომდე დარჩებოდით, კიდეც გაგრილდებოდით, კიდეც ნაცნობ – მეგობრებს შეხვდებოდი, მაგრამ… რამე რომ იყოს, აი, რამე რომ იყოს, რომ დაგწირდეს, ათასში ერთხელ რომ დაგჭირდეს, საპირფარეშოს ვერ იპოვი. ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაც ეს არის,- აქ საპირფარეშო არის? იუსტიციის სახლის პირველ სართულზე საპირფარეშოა, მაგრამ დაცვას არ აქვს უფლება ღამის საათებში იქ მოქალაქე შეუშვას. იქვე, ახლო ,,საშაურემეს” კი საპირფარეშო ალბათ არ აქვს. ბოტანიკური ბაღის, უფრო სწორად მუზეუმის ახლოს მდებარე ტუალეტი კი, ადრე იკეტება, ყოველ შემთხვევაში 10 საათზე უკვე ჩარაზულია იქაურობა. მამაკაცებისათვის გამოსავალი ადვილი მოსაძებნია, ქალებისთვის ცოტა ჭირს… მერე მორიდებული და მოკრძალებული თუ ხარ, თან ზუგდიდის პატრიოტი… რახან ჩაბნელებული ადგილებია ალაგ-ალაგ-ხომ არ წაბილწავავ იქაურობას.
ლონდონში, ქალაქის ცენტრში, სარკის ტუალეტებია თურმე. ცოტა უხერხულში გაგდებს, ასე გგონია, რომ შედიხარ, ყველა შენ გიყურებს მაგრამ ასეა არაა. საპირფარეშო იმავდროულად ხელოვნების ნიმუშია – შიგნიდან გამჭვირვალეა, გარედან კი სარკისებური ეფექტის. გამვლელ-გამომვლელები სარკესთან თავსაც იწონებენ თურმე.
ერთი სიტყვით, ღამის განათებული ზუგდიდის სკვერებისათვის საპირფარეშოები გამორჩენიათ. ამ ზაფხულს რამენაირად აიტანს და გაიტანს ადამიანი, მაგრამ იმ ზაფხულისთვის არ დაგვავიწყდეს.
,,ზუგდიდელები”