“ლაივპრესის” ინტერვიუ ზუგდიდის მერთან


საინფორმაციო პორტალი ,,ლაივპრესი” აქვეყნებს ინტერვიუს ქალაქ ზუგდიდის მერთან, ბატონ ირაკლი გოგოხიასთან. ,,ზუგდიდელები” გთავაზობთ ამ ინტერვიუს. რა ეტაპზეა პროექტები, რომელთა განხორციელების პირობაც არჩევნების შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ  ქალაქის არჩეულმა მერმა დადო.

 

„ლაივპრესი“: ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ზუგდიდელებმა ქალაქის მერად აგირჩიეს. როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს. რა სირთულეებთან იყო ის დაკავშირებული, და რა არის ის, რითაც დღეს შეგიძლიათ იამაყოთ.

ირაკლი გოგოხია: რთული წელი იყო. მთელი ერთი წელი ძალიან მძიმე იყო, იმიტომ, რომ თვითონ მერია არ იყო შექმნილი. სტრუქტურები გავმართეთ. ხედავთ, რემონტიც არ არის დასრულებული მერიაში. ნაწილი მერიის თანამშრომლების სხვა შენობაში არიან. სტრუქტურულად გავმართეთ. ძალიან რთული იყო, იმიტომ, რომ თვითმმართველი ქალაქი გახდა ზუგდიდი და მერია არ არსებობდა. აქედან გამომდინარე მზა პროექტებიც არ გვქონდა. დავსახეთ პრიორიტებები. პირველ რიგში გამოვაცხადეთ ტენდერები, საპროექტო დავალება შევასრულეთ. ამის შემდეგ დავიწყეთ პროექტების განხორციელება წლევანდელი წლის მეორე ნახევარში. მაგრამ მინდა აღვნიშნო,რომ ქალაქის მერია უკვე მზად არის, რომ 2016-2017 წლის პროექტები გვაქვს და დასახულია გეგმა 2021 წლამდე. ესე იგი, ჩვენ უკვე მზად ვართ, რომ 2016 წლის თებერვლიდან დავიწყოთ სამშენებლო სამუშაოები და 2017-ში, ასე შემდეგ. ყველა დაპირება, რომელიც გავეცით წინასაარჩევნოდ, ფაქტობრივად ყველაფერი სრულდება. რითი შეიძლება იამაყოს ქალაქის მერიამ და მათ შორის მე? ჩვენ როცა მოვედით ხელისუფლებაში, განათებული იყო ქალაქის 220 ქუჩა. შარშან და წელს უკვე ვანათებთ 70 ქუჩამდე. 2016-შიც ვაპირებთ 70 ქუჩას და გვინდა, რომ 2017-ში არ დაგვრჩეს არცერთი ქუჩა გარეგანათების გარეშე. თან ავირჩიეთ ჩვენ და გადავედით LED-ის სანათებზე, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დავზოგოთ ელექტროენერგია და ეკონომია მივიღოთ, სადღაც დახარჯული ელექტროენერგიის 50-70% მინიმუმ.

„ლაივპრესი“: ეს ყველა ქუჩას მოიცავს?

ირაკლი გოგოხია: კი, ყველა ქუჩას მოიცავს, რომელიც ჩვენ წელს დავიწყეთ. 23 ქუჩაა. ერთი ეტაპი ჩვენ გავანათეთ და ახლა 20 ქუჩას ვანათებთ. პლიუს დამატებით ადგილობრივი ძალებით დავამატეთ, გამოვაცხადეთ ტენდერი. ჩვენ ავიღეთ აქცენტი გარეგანათებაზე, იმიტომ, რომ სექტემბრის თვეში იწყება წყალმომარაგების ძალიან დიდი პროექტი. მიწისქვეშა კომუნიკაცია იცვლება მთლიანად ზუგდიდში. ყველა მოსახლეს ექნება წყალმომარაგება. საკანალიზაციო სისტემები ძალიან დიდი პრობლემა იყო. არჩევნების დროს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობა გვთხოვდა, რომ პირველ რიგში ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. ეს არის ძალიან დიდი პროექტი, და ალბათ მიახლოებით დაიხარჯება 200 მილიონი ლარი. ტენდერი გამოცხადებულია. სექტემბერში გამოვლინდება გამარჯვებული. საკანალიზაციო სისტემებზე ეს არის საერთაშორისო ტენდერი. გამოცხადდება აგვისტოს ბოლოს და ერთობლივად სექტემბერში დაიწყება როგორც წყალმომარაგების სისტემების, ასევე წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია. აგრეთვე დაემატება გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ზუგდიდში არ არსებობს. ამას შეიძლება საუკუნის პროექტი დავარქვათ.

„ლაივპრესი“: როდის უნდა დაიწყოს გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა?

ირაკლი გოგოხია: სექტემბრის ბოლოს დაიწყება. ჩვენ აგრეთვე ავღნიშნეთ, რომ სტადიონი არ გვქონდა ზუგდიდში. წინა ხელისუფლების დროს დაინგრა და ქალაქში არ გვქონდა. გამოვაცხადეთ ტენდერი, დაიდება პროექტი. ოთხშაბათს ალბათ თქვენც მოგიწვევთ. ოთხშაბათ და ხუთშაბათს გვექნება „ღია კარის დღე“, იქნება განხილვა. პოტენციური მშენებლები იქნებიან მოწვეული, ვინც მიიღებს ტენდერში მონაწილეობას, რომ პროექტი გავაცნოთ, და თვითონაც თუ რამე შენიშვნები აქვთ, გავითვალისწინოთ, სანამ სატენდეროდ დაიდება ეს დოკუმენტაცია. ვფიქრობთ, რომ ტენდერი გამოცხადდება სექტემბრის დასაწყისში, და ალბათ 10-15 სექტემბრისთვის გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდება, რომელიც დაიწყებს უკვე სტადიონის მშენებლობას. წელს გათვალისწინებულია ერთი მილიონი ლარის დახარჯვა. 2016 წელს ჩვენ მივიღებთ ერთ სტადიონს, დამხმარე სტადიონი ხელოვნური საფარით, და 2017 წლის სექტემბრისთვის მივიღებთ ორივე ახალ სტადიონს.

„ლაივპრესი“: სტადიონთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. მახსოვს თქვენი პირველი ანგარიშის წარდგენისას მოსახლეობისთვის, გაჟღერდა, რომ 2016 წელს ზუგდიდს უკვე ექნებოდა სტადიონი. ხომ არ გადაიწია ამ პროექტის განხორციელებამ?

ირაკლი გოგოხია: არაფერი, ჩვენ ახლა ავაშენებთ ერთ სტადიონს. მე შემეძლო ერთი სტადიონი 2016 წელს დამემთავრებინა, მაგრამ უკეთესია ქალაქისთვის, ორი სრულფასოვანი სტადიონი. ერთი იქნება სარბენი ბილიკებით. დასავლეთ საქართველოში არ არის ასეთი სტადიონი, რომ მძლეოსნებმაც ივარჯიშონ. ზუგდიდში გვექნება მძლეოსნობისთვის და სპორტის სხვა სახეობებისთვის ერთი სტადიონი, მეორე გვექნება საფეხბურთო სტადიონი 7 300 მაყურებელზე და ერთი 1 300 მაყურებელზე.

„ლაივპრესი“: თქვენ არ ფიქრობთ, რომ ამ პროექტების განხორციელების ვადამ გადაიწია?

ირაკლი გოგოხია: არა, არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ ოთხშაბათ-ხუთშაბათს ჩვენ გვექნება ღია კარის დღე, მოგიწვევთ, და განხილვაზე ნახავთ. ამის შემდეგ ერთ კვირაში ტენდერს გამოვაცხადებთ. წელს ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა ერთი მილიონი ლარით. მთავრობის დადგენილებით გამოგვეყო უკვე ეს თანხა. მაქსიმუმ 15 სექტემბრამდე ჩვენ უკვე გამარჯვებული კომპანია გვეყოლება, რომელიც დაიწყებს მშენებლობას.

„ლაივპრესი“: თქვენ თქვენს საჯარო გამოსვლებში არაერთხელ აღნიშნეთ, რომ ივნისის თვეში პროექტების უმრავლესობა ხელშესახები იქნებოდა. დღეს აგვისტოა. თქვენი ოპონენტები და მოსახლეობის ნაწილიც ფიქრობს, რომ გაჭიანურდა კონკრეტული სამუშაოების დაწყება. ეთანხმებით მათ?

ირაკლი გოგოხია: არ ვეთანხმები. მივყვეთ.. მე ჩამოვაყალიბებ ჩემს აზრს და მერე შეიძლება თქვენც არ გექნეთ კითხვის დასმის სურვილი. ჩვენ აგრეთვე წინასაარჩევნოდ განვაცხადეთ, რომ მიტოვებულია ბოტანიკური ბაღი. ძეგლთა დაცვის სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი, პროექტი დაიდო. გამოყოფილი იქნა 80 ათასი ლარი. საკმაოდ ნორმალური პროექტი დაიდო. ჩვენ გვქონდა შენიშვნები. მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოაცხადებს მალე ტენდერს. გათვალისწინებული იქნება ის შენიშვნები, რაც გვქონდა.

„ლაივპრესი“: რა ტიპის შენიშვნებია, რომ დააკონკრეტოთ?

ირაკლი გოგოხია: მაგალითად, მთლიანად განათება არ იყო, Wife არ იყო გათვალისწინებული ახალგაზრდებისთვის, დაცვის ჯიხურები, სანიაღვრე სისტემა მოსაწესრიგებელი იყო. ტბის რეაბილიტაცია ჩვენ გავაკეთეთ გახსოვთ და იქ ახლა წყალია, მაგრამ 900 მეტრი მილია ისევ გამოსაცვლელი, მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. 16 შენიშვნა გვქონდა და აქედან 15 გაითვალისწინეს. ერთზეც ობიექტური პასუხი გაიცა, თუ რატომ არა. მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოაცხადებს ტენდერს და დაიწყება სამუშაოები..3-4 თვეა საჭირო, იმიტომ, რომ მსოფლიო ბანკის დაფინანსებითაა. ინგლისურად უნდა ითარგმნოს. საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. ვფიქრობთ, ნოემბერში ან დეკემბერში დაიწყება ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია. ორწლიანი იქნება მინიმუმ ეს პროექტი. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არ იყო მუნიციპალურ საკუთრებაში. ჩვენ გვაქვს მოვლა-პატრონობით. რეაბილიტაციის შემდეგ შეთანხმება მიღწეულია და ბოტანიკური ბაღი გადმოეცემა ქალაქ ზუგდიდს და იქნება ქალაქის საკუთრებაში. მინდა მივულოცო ზუგდიდის მოსახლეობას ეს ფაქტი. წინასაარჩევნოდ ბრძანდებოდა ზუგდიდში პრემიერ-მინისტრი, ნიკოს სასახლის რეაბილიტაცია მისი პატრონაჟით დაიწყო უკვე, პროექტი დაიდო. დაიდო აგრეთვე ეკატერინეს სასახლის პროექტი, მილიონ 600 ათასი დოლარის ღირებულებით. ჯერ დავიწყეთ ნიკოს სასახლის რეაბილიტაცია და შემდეგ ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაციაც დაიწყება. ეს არის მთლიანად ბოტანიკური ბაღი, ნიკოს სასახლე, დადიანების სასახლე, ე.წ. გესის ბაღი გახსოვთ თქვენ, ცოტა უსახური შენობაა. მოხდება მისი რეაბილიტაციაც, რომ მთლიანად გამოჩნდეს კარგად და ქალაქის ცენტრი, ქალაქის გული და ფილტვი რომელიც არის ბოტანიკური ბაღი, ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის მიმზიდველი გახდეს.

„ლაივპრესი“: როდის უნდა დასრულდეს ნიკოს სასახლის რეკონსტრუქცია?

ირაკლი გოგოხია: წელს კეთდება მარტო 200 ათასი ლარის ღირებულება, გამაგრებითი პრობლემები ქონდა მაგას. გამაგრება მოხდება, შემდეგ უკვე მილიონ 400 ათასი ლარით დაფინანსდება მომავალ წელს და ეს პროექტიც მთლიანად დასრულდება.

„ლაივპრესი“: ეკატერინეს სასახლე?

ირაკლი გოგოხია: ეკატერინეს სასახლე, უკვე პროექტი გამზადებულია, ამერიკის საელჩომ დააფინანსა. ვიცით, რომ ღირებულება არის მილიონ 600 ათასი დოლარი. ძეგლთა დაცვის სააგენტომ გამოთქვა სურვილი, ისევ დამატებით მომავალ წელს 1 მილიონ 200 ათასი ლარი გამოყო. ჩვენც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოვყოფთ სახსრებს თანადაფინანსების სახით, ფონდებთან ერთად ვითანამშრომლებთ, რომ მოვიძიოთ უკვე სახსრები, რომ მთლიანად ეს პრობლემა მოვაგვაროთ.

პლიუს სანიაღვრე არხი. ყოველი წვიმის შემდეგ ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი პრობლემა. მოსახლეობას აწუხებდა, წვიმის წყალი უვარდებოდათ. საპროექტო დოკუმენტაცია უკვე გამზადებულია. მთლიანად რა პრობლემაც იყო, ყველა წერილზე მოსახლეობის რეაგირებაა გაცემული. გასულია ჯგუფი და სატენდერო შეკვეთა მივეცით. წელს 16 ქუჩაზე ვაკეთებთ სანიაღვრე არხებს. თქვენ შეგიძლიათ უკვე ნახოთ ქალაქის ცენტრში და მიმდებარე ტერიტორიაზე, შეგვიძლია თქვენთან ერთად გავიდეთ და მოსახლეობაც გამოვკითხოთ, და ვნახოთ რა კეთდება, და რამდენი სანიაღვრე არხია მოწესრიგებული.

„ლაივპრესი“: ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არის ქუჩები გადათხრილი. რომ აგვიხსნათ რა ხდება.ირაკლი გოგოხია: პირველ რიგში დავიწყოთ მიწისქვეშა გადასასვლელით. 1979 წელს გაკეთდა და იმის შემდეგ მისი სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა. ამ გადასასვლელით სარგებლობს ზუგდიდის მოსახლეობის მინიმუმ 50-60%. უკვე სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში ზუგდიდი მიიღებს მიწისქვეშა გადასასვლელს ევროპული სტანდარტებით, და მე მგონი მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება. პირველ რიგში ჩვენ დავსახეთ პრიორიტეტები. იქიდან გამომდინარე, თუ რა მოთხოვნები შემოგვდიოდა ქალაქის მერიაში და მოსახლეობა რას ითხოვდა. აღვნიშნე სანიაღვრე არხები და ინტენსიურად ვმუშაობთ, აღვნიშნე წყლის, საკანალიზაციო სისტემები ცალკე და წყალმომარაგების სისტემები. აი ეს პრობლემები გლობალურად მოიხსნება, მაგრამ 425 ქუჩაა, 475 ქუჩა და ჩიხი გამოდის, ერთ წელიწადში ამას რომ ვერ მოვაგვარებთ, ფაქტია. ვფიქრობთ ეტაპობრივად 2017 წლის ბოლომდე, 2018 წლის დასაწყისში ეს პრობლემა სრულად მოგვარდება და ერთხელ და სამუდამოდ ზუგდიდს დაავიწყდება, რომ პრობლემა იყო მიწისქვეშა კომუნიკაციის. ტროტუარების მოწესრიგება კეთდება. 800 ათასიანი ღირებულების პროექტია, ჯერჯერობით ქალაქის ცენტრში, მომავალ წელს გადავალთ უკვე მიმდებარე ქუჩებზე. უკვე გამზადებული გვაქვს პროექტი. ე.წ. კომბინატის დასახლების მოსახლეობას მინდა ვაცნობო, რომ მილიონ 600 ათას ლარიანი პროექტია და ერთი ოცი წელია იქით მხარეს არ გაკეთებულა, არ მოწესრიგებულა ტროტუარები და გზები და შიდა ეზოები. მთლიანად მოვაწესრიგებთ. გამზადებულია პროექტი და მომავალ წელს უკვე ვიწყებთ ოცი მაღლსართულიანი სახლის ეზოების კეთილმოწყობას, თავის განათებით, სკამებით, მოასფალტებით, ბორდიურებით.აგრეთვე, სკვერი კეთდებათ, იცით, ანდრია დადიანის სახელობის, ძალიან ლამაზი სკვერი მინდა გითხრათ და მე მგონი, ზუგდიდელებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილი იქნება.

 მოზარდ-ახალგაზრდობის სასახლეს უტარდება რეაბილიტაცია, და ერთ და სამუდამოდ ქალაქის ცენტრში იქნება უმაღლესი დონის მოზარდ-ახალგაზრდობის სასახლე, განათებით, აკუსტიკით, კონდიცირებით. ეს არის ორწლიანი პროექტი. წელს უნდა დაიხარჯოს 500 ათასი ლარი და მომავალი წლის პირველ ნახევარში დამთავრდება. შეიძლება წელსაც დავამთავროთ და გრაფიკსაც გავუსწროთ, ვნახოთ.

„ლაივპრესი“: მინდა თეატრთან დაკავშირებით გკითხოთ. ვიცით, რომ მოლაპარაკებები იყო დაწყებული. კორეული კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ზუგდიდში. იყო საუბრები, დემონტაჟი მოეხდინათ და ახლის აშენება, თუ ძველის რეკონსტრუქცია. ფასზეც იყო საუბრები. მერე რატომღაც შეჩერდა ამაზე საუბარი.

ირაკლი გოგოხია: არ შეჩერდა, მაგრამ მე მოვლენებს ვერ გავუსწრებ. მოლაპარაკებები უკვე დასრულებისკენ მიდის და ვნახოთ, დაველოდოთ. ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ.

„ლაივპრესი“: ვადები შეგიძლიათ გვითხრათ?

ირაკლი გოგოხია: ნუ არ ვიცი. ალბათ სექტემბრის ბოლოსთვის, ოქტომბრისთვის უკვე ამომწურავი ინფორმაცია გვექნება და იქიდან გამომდინარე განცხადებას გავაკეთებთ.

„ლაივპრესი“: ისევ იმ კორეულ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება?

 ირაკლი გოგოხია: დიახ. ინულის სასახლე. ყინულის სასახლე რომ ჩავიბარეთ, სამუშაოები უკვე დაწყებული იყო. იყო სერიოზული პრობლემები. ჩვენ ეს პრობლემები მოვხსენით, მოვაგვარეთ, იმიტომ, რომ სამი უწყების მიწაზე იყო მშენებლობა დაწყებული – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, განათლების სამინისტრო, კულტურის სამინისტრო. ჩვენ გავაერთიანეთ, მოვითხოვეთ ეს ტერიტორია. მეოთხე ეტაპი დავიწყეთ. ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება წლის ბოლომდე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დეკემბრის ბოლომდე ჩვენ გავხსნით და ახალგაზრდობა მიიღებს ძალიან თანამედროვე, ლამაზ, ევროპული სტანდარტების ყინულის სახლს.

 „ლაივპრესი“: კანალიზაციასთან და წყალთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. იმ ქუჩებზე, სადაც ასფალტი არის ახალი დაგებული, იქ როგორ მოხდება, ასფალტს ხელახლა გადათხრიან თუ..

 ირაკლი გოგოხია: თქვენ ატყობთ, რომ წელს მხოლოდ ორმული სამუშაოები შევასრულეთ. თავი შევიკავეთ ასფალტის საფარის დაგებისგან. ორჯერ უნდა გადაითხაროს. უმეტესწილად, იქ, სადაც შარშან და შარშანწინ დაიგო, იქ საკანალიზაციო სისტემა მოგვარებულია. საკანალიზაციო სისტემა მოგვარებულია სადღაც 150 ქუჩაზე. აქედან გამომდინარე კომპანია იქნება ვალდებული, მერე რეაბილიტაცია მოახდინოს და ამიტომ, რაც ჩვენ მოვედით, არცერთი პროექტი მოასფალტება არ განგვიხორციელებია, თანხები რომ დავზოგოთ.

 „ლაივპრესი“: წყლის შეყვანასთან დაკავშირებით ხელახლა მოხდება გადათხრა?

 ირაკლი გოგოხია: დიახ, რა თქმა უნდა. ამიტომ თავი შეიკავეთ. უკვე 2016 წლის მეორე ნახევარი და 2017 წელი ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება გზების მოასფალტება, როცა მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდება.

 „ლაივპრესი“: მერიის შენობასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ.. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ „მაკდონალდსთან“ მოხდა შეხამება. ვგულისხმობ ვიზუალურ მხარეს.

 ირაკლი გოგოხია: ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით. პროექტმა უფრო ადრე გაიმარჯვა, ვიდრე გადაწყდებოდა „მაკდონალდსის“ მშენებლობის დაწყება. უბრალოდ ეს შენობა დიდია. სექტემბერში ჩავიბარებთ. „მაკდონალდსი“ ხუთ თვეში აშენდა. მე მგონი ვიზუალი ძალიან ლამაზია. თქვენ როგორ ფიქრობთ?

 „ლაივპრესი“: ხომ იყო ცნობილი, რა ტიპის შენობა იქნებოდა „მაკდონალდსი“..

 ირაკლი გოგოხია: ხო ახლა, მაგრამ პროექტი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს შეთანხმებული ქონდა, და დამკვეთი არის მუნიციპალური განვითარების ფონდი, მე არანაირი ბერკეტი არ მქონდა, რომ ვიზუალი შემეცვალა.

 „ლაივპრესი“: თქვენ პირადად თუ მოგწონთ?

 ირაკლი გოგოხია: მე მომწონს. ჩვენ მოსახლეობაში გამოკითხვასაც ვატარებთ. ქალაქის ცენტრიც მგონი სხვანაირი, თანამედროვე გახდა.

 „ლაივპრესი“: ვინ უნდა იზრუნოს ვიზუალურ მხარეზე?

 ირაკლი გოგოხია: არქიტექტურის სამსახურმა და მერიამ თავისთავად. ძალიან ლამაზად ჩაჯდა. „მაკდონალდსი“ როგორც კი გაიხსნა, ეგრევე სურვილი გამოთქვა „დანკინ დონატსმა“. გამოკითხვას ვატარებთ, ცხელი ხაზიც გვაქვს.

 „ლაივპრესი“: თუმცა ბევრისთვის უცნაური აღმოჩნდა ვიზუალური მსგავსება..

 ირაკლი გოგოხია: ხო, გეთანხმებით, მაგრამ გახსნის შემდეგ მადლობების მეტი მე მაგალითად არ გამიგია. როგორც კი შემოვიდა „მაკდონალდსი“, ეგრევე სურვილი გამოთქვა „დანკინ დონატსმა“ და „ვენდისმა“. შეიძინეს უკვე ტერიტორია ყოფილი სახანძროს შენობა და ძალიან მალე ქალაქის ცენტრში „ვენდიც“ გაიხსნება და „დანკინ დონატსის“ რესტორანიც. ინვესტორებიც წამოვიდნენ. დაინტერესებაც უფრო მეტია. ისეთი ბრენდები, როგორიცაა „მაკდონალდსი“, „დანკინ დონატსი“, „ვენდი“ შემოვიდა, ე.ი. შეიძლება ფულის დაბანდება, შეიძლება, რომ მოგება ნახონ.

 „ლაივპრესი“: მოლაპარაკებები მიმდინარეობს?

 ირაკლი გოგოხია: აქ ცალსახად გადაწყვეტილია. ყოფილი სახანძროს შენობა ქალაქის ცენტრში უკვე შეძენილი აქვთ და მომავალ წელს დაიწყებენ მშენებლობას.

 „ლაივპრესი“: „ოდიშის“ პრივატიზებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. ვიცით, რომ იგეგმებოდა ღირებულების შემცირება, რადგან გამოხმაურება არ მოჰყოლია ამ ფაქტს. რა ხდება ამ მიმართულებით? და იგეგმება თუ არა სხვა შენობების პრივატიზება?

 ირაკლი გოგოხია: პირველ რიგში „ოდიშის“ შენობა, მეორე-მესამე სართული, დამწვარი, უსახური შენობა, რომელიც ავადსახსენებელი 90-იანი წლების შემდეგ ასე დგას ჩვენთან, ქალაქის საკუთრება არ იყო, ჩვენ მოვითხოვეთ, გადმოგვეცა, გამოვიტანეთ ტენდერზე. ნუ, გამოხმაურება არ მოჰყვა, კიდევ დავწიეთ ფასი, მომავალ კვირას გამოცხადდება ხელახლა და ვნახოთ.. ვალდებულიანი ტენდერია. ვინც შეისყიდის, ვალდებულია 6 თვეში ფასადი მოაწესრიგოს და იერსახე, როგორც ადრე ქონდა, დაუბრუნდეს.

 „ლაივპრესი“: სხვა შენობების პრივატიზება თუ იგეგმება?

 ირაკლი გოგოხია: კონკრეტულად ნუსხას დაამტკიცებს საკრებულო და იქიდან გამომდინარე, როგორ დაგვჭირდება თანხები ადგილობრივ ბიუჯეტში.

„ლაივპრესი“: შენობის ნაწილზეა ხომ საუბარი?

 ირაკლი გოგოხია: უკანა მეორე-მესამე სართული.

 „ლაივპრესი“: რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, რა ხდება?

 ირაკლი გოგოხია: ზუგდიდში შენდება 32 კორპუსი 12 სართულიანი დევნილებისთვის. 2004 ოჯახი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფართს. სრულად დაკმაყოფილდებიან ისინი, ვინც სახელმწიფოს კუთვნილ ფართში ცხოვრობენ. აქედან გამომდინარე, „ოდიშში“ მცხოვრები დევნილებიც დაკმაყოფილდებიან ფართით, გამოვაცხადებთ ტენდერს, და უკვე ინვესტორი იზრუნებს, რომ ქალაქის ცენტრში შეიცვალოს იერსახე, დაუბრუნდეს ძველი, ან უკეთესი გახდეს.

 „ლაივპრესი“: მერია საუბრობდა აგრეთვე გარევაჭრობის მოწესრიგების საკითხზეც. წარმოდგენილი იყო ესკიზებიც. რა ხდება ამ მიმართულებით? როდის უნდა დაიწყოს ეს სამუშაოები?

 ირაკლი გოგოხია: არჩევნების შემდეგ გახდა 12 თვითმმართველი ქალაქი. მანამდე იყო თბილისი, ბათუმი და ჩანაწერი გარევაჭრობასთან და რეგულაციასთან დაკავშირებით იყო მარტო ორ ქალაქზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრობლემები გვქონდა და ინიციატივით შევედით, რომ ცვლილებები შევიდეს თვითმმართველობის კანონშიც. იურისტებიც დაკავდნენ, თუ როგორ მოვაწესრიგოთ, იმიტომ, რომ ჩვენ დაჯარიმების უფლება არ გვაქვს. დაჯარიმების უფლება აქვს მარტო პოლიციას. აქტიურად ვთანამშრომლობთ პოლიციასთან და მე მგონი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამასაც მოვაწესრიგებთ.

 „ლაივპრესი“: საკრებულოს სხდომებზე არაერთხელ დამდგარა საკითხი გამარტივებულ ტენდერებთან დაკავშირებით. აღნიშნავენ ოპონენტები, რომ ეს უკვე ტენდენციად ყალიბდება.

 ირაკლი გოგოხია: ვერ დაგეთანხმებით. თქვენ შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითი მოიყვანოთ? ეს შეიძლება იყოს მთელი ტენდერების ერთი ან ორი პროცენტი. მეტი არა. იყო რამდენჯერმე, დროის ფაქტორიდან გამომდინარე. და ისეთი ტენდერები, რომლებიც ერთხელ ჩავარდა, ორჯერ ჩავარდა..სამჯერ ან ხუთჯერ. არ მიიღო არავინ მონაწილეობა. აქედან გამომდინარე ობიექტური დასკვნა ყოველთვის მიყვებოდა. საკრებულო იმიტომ მსჯელობდა, დაემტკიცებინა, მოეცა ჩვენთვის თუ არ მოეცა. იყო რამდენიმე, დასუფთავების სამსახურმა გამოაცხადა 5-ჯერ ტენდერი და მანქანების ნაწილების შესყიდვაზე და ესეთი ტენდერები იყო, რომელიც დააკმაყოფილა საკრებულომ. საკრებულოს პრეროგატივაა. შეუძლია დააკმაყოფილოს, შეუძლია არ დააკმაყოფილოს. შეგიძლიათ მოიძიოთ. Spa.ge-ზე ატვირთულია ყველაფერი. ანალიზი შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გააკეთოთ.

 „ლაივპრესი“: საკრებულოს თავმჯდომარემ ერთ-ერთ წინა სხდომაზე დააყენა საკითხი, ლაზის და თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული 20 ჰექტარი მიწის თაობაზე. და თხოვა მერიას, მიაწოდოთ ინფორმაცია, რა ხდება ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.. ვის ეკუთვნის, რა სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო.

 ირაკლი გოგოხია: კონკრეტულად კომპანიის დასახელება მე არ ვიცი. ჩვენი სამსახურები მოგაწვდიან.. კერძო საკუთრებაა. აქედან გამომდინარე იურიდიულად, კანონიერადაა ყველაფერი. მე ხელ-ფეხი მაქვს შეკრული, რომ რაღაც მოვითხოვო, წავართვა. ვცდილობთ მოლაპარაკებები.. ვნახოთ რა მოხდება. გვინდა დავძრათ ეს საკითხი და ოფიციალურად პასუხს გავცემთ საკრებულოს. ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით.

 „ლაივპრესი“: ოპონენტებს არაერთხელ უსაუბრიათ ამ თემაზე – ნეპოტიზმი მერიაში. თქვენ ნაწილობრ გაეცით ამ კითხვას პასუხი, რომ მოხვედით თქვენი გუნდით. საუბარია არამხოლოდ სამსახურის უფროსებზე, არამედ იმ კადრებზეც, რომლებიც ტესტირების შედეგად შეირჩნენ. მოქალაქეების ნაწილს, რომლებიც იღებდნენ მასში იღებდნენ და საბოლოოდ მერიის მიღმა აღმოჩნდნენ, დარჩათ განცდა, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ არ ჰყავდათ ზურგი, ამის გამო ვერ დასაქმდნენ.

 ირაკლი გოგოხია: ვერ დაგეთანხმებით.

 „ლაივპრესი“: მაგალითად, საუბარია დიმიტრი სოსელიაზე, მამუკა ციმინტიაზე, ლული ქიქავაზე.. ესენი თქვენს ოჯახთან დაახლოებული პირები არიან.

ირაკლი გოგოხია: დიმიტრი სოსელია გავიცანი მას მერე, რაც მერიაში დაიწყო მუშაობა. რაც შეეხება მამუკა ციმინტიას, გითხარით, რომ მე გუნდთან ერთად მოვედი. პასუხისმგებლობას ვიღებთ და წლის ბოლოს ნახავთ, რომ უკეთესი გახდება ჩვენი ზუგდიდი და მომავალ წელს კიდევ უფრო უკეთესი. ამიტომ არასერიოზულად მიმაჩნია, რომ ამას პასუხი გავცე. 700 კაცი მუშაობს მერიაში და მერიის სტრუქტურებში და 700-დან 2-3-ის მეტი ვერ ნახა ოპოზიციამ? შეიძლება გაგეცინოთ ხომ? 700 მუშაობს. მე უკვე გავეცი პასუხი. 150 ქალაქის მერიაში. 11 ააიპ-ია. სასაცილოა.

 „ლაივპრესი“: თქვენს მიმართ არაერთხელ ყოფილა პრეტენზია, რომ ცალკეულ კომპანიებს ლობირებთ. მაგალითად, იგივე გარერეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით ბულვარის ტერიტორიაზე დეპუტატ ანა წითლიძეს არაერთხელ უხსენებია „ვისოლის“ ინტერესი და ის, რომ მას თქვენ ლობირებთ.

 ირაკლი გოგოხია: ანა წითლიძემ ერთხელ საკრებულოს სხდომაზეც აღნიშნა, რომ თურმე ვლობირებ „ვისოლს“ და ახლა „სმარტის“ ახალი შენობა რომ შენდება, მე გადმომიცია ტერიტორია. არადა წინა ხელისუფლებამ გადასცა ის ტერიტორია, რომ გადავხედოთ ისტორიას და ძალიან ბევრი ზუგდიდელი დარჩა უკმაყოფილო. იქ ბინათმშენებლობა ქონდათ დაწყებული და უკმაყოფილო ხალხი ახლაც შეგიძლიათ მოიძიოთ. თქვენც შეგიძლიათ მოიძიოთ, როგორ გადასცა წინა ხელისუფლებამ „ვისოლს“. გარერეკლამასთან დაკავშირებით, მე დაინტერესებული ვარ, რომ სერიოზული კომპანიები შემოვიდეს და დიდი თანხა დაიხარჯოს და ვიზუალიც გალამაზდეს და გარერეკლამაც ისეთი იყოს, როგორც ცივილიზებულ დიდ ქალაქებში. მე ვლობირებ მხოლოდ და მხოლოდ ამას.

 „ლაივპრესი“: იყო საუბარი ენგურ-ქაღალდ კომბინატში ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე, სადაც 700 ადამიანი დასაქმდებოდა და საშუალო ხელფასი იქნებოდა 1000 ლარი. რა ხდება ამ მიმართულებით? რეალურია ეს მოლაპარაკებები?

 ირაკლი გოგოხია: სურვილი განაცხადეს და მე ვერ გეტყვით კონკრეტულად ჯერ, მაგრამ ერთ თვეში შეიძლება დავუბრუნდეთ ამ საკითხს. ეს ინვესტორზეა დამოკიდებული. კეთილი ნება და სურვილი რომ გამოხატა, ფაქტია. გარკვეული სამუშაოები რომ ტარდება, ესეც ვიცი. დანარჩენი ვნახოთ.

 „ლაივპრესი“: თქვენს ოპონენტებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. რამდენად მიიჩნევთ მათ თქვენს კონკურენტად. რამდენად მისაღებია და იღებთ მათ შენიშვნებს, კრიტიკას. რამდენად ძლიერადაა წარმოდგენილი ადგილზე ოპოზიცია წარმოდგენილი, და რამდენად შეუძლიათ მათ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა?

 ირაკლი გოგოხია: ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია. ეს ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს და ზღვარგადასული არ უნდა იყოს, და არ უნდა გადავიდეს ლანძღვასა და გინებაში, თორემ უშეცდომო ადამიანია ის, ვინც არაფერს არ აკეთებს. შეიძლება ოპოზიციასაც ქონდეს ისეთი აზრი და იდეა, რომელიც მისაღები იყოს ჩვენთვის. არავითარი პრობლემა, რომ მივიღო და გავითვალისწინო კრიტიკა, მე არ მაქვს.

 „ლაივპრესი“: კონკურენტად თუ აღიქვამთ, ანუ რამდენად ძლიერია ოპოზიცია ზუგდიდში და რამდენად შეუძლიათ მათ თუნდაც მომავალ არჩევნებზე რაიმე რეალური ცვლილებები მოიტანონ?

 ირაკლი გოგოხია: ამას არჩევნები გვანახებს 2016 წლამდე და ჩვენ როგორგ ვიმუშავებთ 2016 და 2017 წლის არჩევნებამდე. ვნახოთ. ჩვენ ვიცით, რომ მივდივართ – ვაკეთებთ იმას, რასაც ქალაქის კეთილდღეობა ქვია და ჩვენს მერე ვინც მოვა, უნდა დავახვედროთ უკეთესი ქალაქი. და მე მგონი, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი მოსახლეობა ამას იგრძნობს და შეამჩნევს ძალიან მალე.

 „ლაივპრესი“: რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერი აქცია. მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია, როგორ აღიქვამთ და აფასებთ იმ პროცესებს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ამ ტელევიზიის ირგვლივ ვითარდება?

 ირაკლი გოგოხია: მე პროკურორი არ ვარ და არც ადვოკატი. კანონის ჩარჩოში უნდა გადაწყდეს ყველაფერი. იმსჯელებს სასამართლო და გადაწყვეტილებას მიიღებს. დამოუკიდებელია სასამართლო.

 „ლაივპრესი“: მოქალაქეების და საზოგადოების ნაწილმა ეს პროცესები აღიქვა, როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლად…

 ირაკლი გოგოხია: ყველას თავისი პოზიცია აქვს, მე ჩემი პოზიცია მაქვს.

 „ლაივპრესი“: მაშინ ასე დავსვამ კითხვას, თქვენთვის რამდენად არის „რუსთავი 2“ თავისუფალი მედია?

 ირაკლი გოგოხია: ჩემთვის მხარეა. იმიტომ, რომ არცერთი განცხადება ჩემი მაგალითად, როგორც მე გავეცი, არ გასულა „რუსთავი 2-ის“ ეთერში. ყველაფერი გაჭრილი, ჩაჭრილი და როგორც მათ აწყობდათ. ცალსახად შემიძლია განვაცხადო. აქედან გამომდინარე ჩემთვის მხარეა.

 „ლაივპრესი“: ზოგადად მედიის წინააღმდეგ…

 ირაკლი გოგოხია: როგორ გეკადრებათ, რაზეა საუბარი. თქვენ გქონიათ ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა, ან ინტერვიუსთან? არანაირი. ყოველთვის ღია ვარ. ტელეფონზეც ვპასუხობ და ინტერვიუზეც არასდროს არ მითქვამს უარი. ასე რომ, პირიქით. თუ რამე შემიძლია, ყოველთვის შემიძლია გვერდში დაგიდგეთ.

 „ლაივპრესი“: ახალგაზრდების ხელშეწყობასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. მე გამოკითხვაც მქონია, მასალაც მომიმზადებია ამ თემაზე.. მათ აქვთ განცდა, რომ ქალაქში არ არის განტვირთვის საშუალებები, ვერ საქმდებიან, გადინება ხდება ქალაქიდან. რა შეიძლება მერიამ გააკეთოს, ან ხელი შეუწყოს, რომ პრობლემა მინიმუმადე შემცირდეს.

 ირაკლი გოგოხია: აქცენტი კონკურსის შემდეგ ავიღეთ ახალგაზრდებზე და შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი ახალგაზრდა მუშაობს დღეს მერიაში. როგორც კი მერიამ დაიწყო ფუნქციონირება, ეგრევე განვაცხადეთ, თუმცა ერთ წელიწადში ამას ვერ მოვხსნით. თავი არ უნდა მოვიტყუოთ. ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ. გაცვლითი პროგრამა რომ დავაფინანსოთ, გავუშვათ საზღვარგარეთ, გაცვლით პროგრამებში ჩავრთოთ და მერე ვთხოვოთ, რომ თუ ორი წელი ზუგდიდის მერიამ გაიღო თანადაფინანსება, მიიღონ განათლება, ჩამოვიდნენ და დასაქმდნენ, ქალაქ ზუგდიდში. ნელ-ნელა, ვცდილობთ, რომ ინვესტორები მოვიყვანოთ, ვცდილობთ, რომ ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ. ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნესმენებს, რომ ბარიერები არ შევუქმნათ, დააბანდონ და მათ უნდა შექმნან სამუშაო ადგილები. ჩვენ არ ვქმნით სამუშაო ადგილებს, ელემენტარულად ჩვენ ხელს ვუწყობთ. არის ახალგაზრდული საბჭო მერთან არსებული, რომლებიც თავიანთი იდეებით მოდიან. მე მგონი თქვენც რამდენჯერმე ესწრებოდით, როცა პირველი პროექტი შემოიტანეს და რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ. ნებისმიერ იდეას, რომელსაც მოგვაწვდიან, აუცილებლად გავითვალისწინებთ. იყო პრობლემები, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი 18:00 საათის შემდეგ არ მუშაობდა, გვიჭირსo სოფლებში სიარული. შეძლებისდაგვარად ჩვენ ამასაც ვითვალისწინებთ, რომ მხარი დავუჭიროთ. როცა ქალაქი დაიტვირთება, სამუშაო ადგილები გაჩნდება, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარეა ეს ყველაფერი. ნელ-ნელა მოგვარდება.

 „ლაივპრესი“: ტრანსპორტთან დაკავშირებით მაინტერესებს, ვიცით, რომ ქალაქს არ აქვს საკუთარი ავტოპარკი. რა იგეგმება, და როდის შეიძლება გადაწყდეს ეს პრობლემა?

 ირაკლი გოგოხია: არ არის ძალიან მარტივი პრობლემა. საშუალოდ ერთი ავტობუსი 50 ათასი ევრო ღირს. მინიმუ ქალაქს 14-15 ავტობუსი სჭირდება. ვმუშაობთ ფონდებთან, თანადაფინანსება რომ ვიშოვოთ, მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომ მთლიანად ახალი ავტოპარკი შევიძინოთ.

 „ლაივპრესი“: ეს როდის დაახლოებით?

 ირაკლი გოგოხია: ვერ გეტყვით. თუ მომავალ წელს ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ შევავსეთ პარკი, მე ბედნიერი ვიქნები, რომ 2017 წლის ბოლომდე გამართული სტრუქტურა ჩვენ თუ დავტოვეთ. არ არის მარტივი, ძალიან დიდი თანხებია საჭირო.

 „ლაივპრესი“: ახალგაზრდულ საბჭოსთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. რამდენად ეფექტურია ეს მექანიზმი, რომელიც შემუშავდა. ეს არის პირველი შემთხვევა თვითმმართველი ქალაქების ისტორიაში, როცა მერიისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა მსგავსი ორგანო. რაზე აკეთებენ ახალგაზრდები ძირითადად აქცენტს და როგორია თქვენი თანამშრომლობა?

 ირაკლი გოგოხია: საბჭომ მოითხოვა, რომ თვეში ერთხელ მაინც მოხდეს მერთან შეხვედრა. ჩემი თქმით, იმდენჯერ შევხვდეთ ერთმანეთს, რამდენჯერაც საჭირო იქნება. რამდენი ინიციატიოვებიც ექნებათ, შეუძლიათ ჩემთან ერთად განიხილონ. აქედან გამომდინარე, აღვნიშნე, რომ წლის ბოლომდე ეს ერთი პროექტი განხორციელდება. ნახავენ თვითონაც, რომ მათი იდეა განხორციელდება და მერე კიდევ უფრო იქნებიან დაინტერესებული. მე მგონი, წარმატებული იქნება ეს პროექტი და იმუშავებს. მომავალ წელს სხვა ახალი ჯგუფი ჩაერთვება.

„ლაივპრესი“: იყო ასეთი სლოგანი, – „ზუგდიდი სისუფთავის ქალაქი“. თუმცა ამის მიუხედავად, ვნახავთ იგივე ქალაქის ცენტრში, რომ მოუწესრიგებელია ტროტუარები, და არა მხოლოდ ტროტუარები. გავრცელდა სოციალურ ქსელში ფოტო, „მაკდონალდსთან“ ძროხის. რატომ ხდება ასე?

 ირაკლი გოგოხია: ზუგდიდი ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქალაქია. და ჩვენმა რეგიონმაც ყველაზე სუფთა რეგიონის ჯილდო აიღონ შარშან. ძროხებთან დაკავშირებით.. 21-ე საუკუნეში ცოტა რთულია ამაზე საუბარი. მენტალიტეტის პრობლემაც არის მოსახლეობის. დაკავება ხდება, დაჯარიმება ხდება 20-დან 50 ლარამდე ყოველ დღე. შემიძლია მაგალითიც გითხრათ. ერთი ოჯახი დაჯარიმდა 180 ლარით. საშუალო ჯარიმის ოდენობა იყო 20 ლარი. შეგიძლიათ მითხრათ რატომ? ძალიან რთულია. განცხადებებს ვაკეთებთ, პრევენცია არის, მორიგეობაა, რომ არ გამოვიდეს ძროხები, და ასე შემდეგ. სირცხვილია ამაზე საუბარი ახლა, მაგრამ თვითონ მოსახლეობის მენტალიტეტის პრობლემაც არის, არა მარტო ჩვენი, მერიის სტრუქტურები რომ ვერ მუშაობენ. თქვენთან ერთად მოვაწყოთ თუ გინდათ რეიდი და ვნახოთ, რა ხდება და როგორ ხდება.

 „ლაივპრესი“: იგივე ჩვენც შეგვიძლია განახოთ რა ხდება ტროტუარებთან დაკავშირებით..

 ირაკლი გოგოხია: ტროტუარებთან დაკავშირებით ეს რომ პრობლემაა, იმიტომ აღვნიშნე, რომ ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, არ დაგვიმთავრებია და კიდევ შეიძლება გავაგრძელოთ დიდხანს და დიდხანს. ხომ გეუბნებით, ქალაქის ცენტრში მიმდებარე ტერიტორია 2 მილიონამდე დაიხარჯება წელს და მომავალ წელს და მთლიანად მოწესრიგდება ტროტუარები. 29 ადგილას ვაკეთებთ თანამედროვე სტანდარტებით პანდუსებს. პლიუს ვითვალისწინებთ იმასაც, რომ არა მხოლოდ პანდუსები, არამედ არის შეღწევადობის პრობლემა. ჩვენ ვიწყებთ მერიიდან, იმიტომ, რომ აქ არც პანდუსი არ იყო. მერე მეორე, მესამე სართულზე ლიფტები შევცვალეთ. მოზარდ-ახალგაზრდობის სასახლე, რომელსაც ვაკეთებთ, ელექტროლიფტები იქნება და ყველგან ვითვალისწინებთ, სადაც მოსახლეობას სჭირდება, რომ ის პრობლემა არ დაგვრჩეს, რაც მათ აწუხებთ. თქვენ არ გაგიმახვილებიათ ყურადღება, ბაღებში იყო ძალიან ცუდი სიტუაცია. 16 ბაღი გვაქვს ჩვენ და აქედან 14-ში დევნილი მოსახლეობაა განთავსებული. ისინი ძალიან მძიმე სიტუაციაში, ბავშვები ძალიან მძიმე სიტუაციაში არიან. დავიწყეთ ეტაპობრივად. ახლა მე-10-ე ბაღის რეაბილიტაცია ხდება. მე-4, მე-13-ე ბაღის რეაბილიტაციას დავიწყებთ. მომავალ წელს ერთი მილიონი ლარი გვაქვს გამოყოფილი, რომ 2017 წლის ბოლომდე, თუ მთლიანად, 100%-ით არ მოხდა ყველა ბაღის რეაბილიტაცია, ერთი 60-70% ბაღის რეაბილიტაცია დავიწყოთ. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. სკოლებთან დაკავშირებით პროგრამა გვაქვს, 110 ათასი ლარია გამოყოფილი, და ვინც განცხადებით მოგვმართა, ყველა დავაკმაყოფილეთ. ზოგან საკლასო ოთახების რეაბილიტაციაა დაწყებული, ზოგან საპირფარეშოების, ზოგან პანდუსების. რომელმა სკოლამაც მოგვმართა, ჩვენ გვერდში ვუდგავართ, ვახორციელებთ და ვალამაზებთ სკოლებსაც.

 „ლაივპრესი“: რა ხდება რაგბის სტადიონთან დაკავშირებით?

 ირაკლი გოგოხია: ტერიტორია გამოვყავით. არ იყო ჩვენს საკუთრებაში და 4 ჰექტარი გამოვყავით, რომ აშენდეს ორი სტადიონი. დამხმარე, ძირითადი და სასტუმრო. ცოტა გეგმები შეცვალა, რომ ალაფი 18 წლამდელების ტარდება ქუთაისში და საქართველოში, შეიძლება მომავალ წლამდე გადაიწიოს, მაგრამ ველოდებით უკვე რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს და იმ კომპანიის წარმომადგენლებს, ვინც უნდა ააშენოს და ალბათ ერთ თვეში უკვე ჩამოვყალიბდებით. კონკრეტულად გეტყვით თარიღს, წელს დაიწყება თუ მომავალ წელს დაიწყება და დასრულდება.

 „ლაივპრესი“: სად არის ეს ტერიტორია გამოყოფილი?

 ირაკლი გოგოხია: ხუბულავას ქუჩაზე. საპატრულო პოლიციის შენობას რომ გაცდებით.

 „ლაივპრესი“: რა ხდება საცურაო აუზთან დაკავშირებით, რომელიც კომბინატში უნდა იყოს?

 ირაკლი გოგოხია: პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ კომბინატის მიმართულება არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული. იმიტომ, რომ ქალაქის განტვირთვაც უნდა მოხდეს, ყველაფერი არის ქალაქის ცენტრში. კომბინატის ტერიტორია, ფაიფურის ტერიტორია, კომკავშირული პარკის ტერიტორია არის თითქოს მოწყვეტილი სიცოცხლეს. პროექტები გავაკეთეთ, რომ კომბინატში ტროტუარები და შიდა ეზოები მოვაწესრიგოთ. ინვესტორს სურვილი აქვს, რომ სასტუმრო „ეგრისი“ რომელიც დამწვარი არის, რეაბილიტაცია მოახდინოს და იქ სასტუმროც იყოს, და მომგებიანიც იქნება, იმიტომ, რომ სტადიონის მშენებლობა იწყება. რაც შეეხება საცურაო აუზს, გვქონდა მოლაპარაკება, რომ სიმბოლურ თანხად გადაეცეს ნებისმიერ მსურველს, ვინც რეაბილიტაციას მოახდენს. იგივე ყოფილ მესაკუთრებთან გვქონდა მოლაპარაკებები და ამ ეტაპზე შეჩერებულია, იმიტომ, რომ ინვესტიციის პრობლემა შეექმნა, ვნახოთ. სურვილი აქვს რამდენიმე კომპანიას და იქიდან გამომდინარე, საბოლოოდ აუცილებლად მივიყვანთ ალბათ ბოლომდე.

 „ლაივპრესი“: როდის დაახლოებით?

 ირაკლი გოგოხია: ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს არის კერძო მესაკუთრის დაინტერესებაზე დამოკიდებული. აქედან გამომდინარე ვნახოთ. წლის ბოლომდე გეტყვით. მინიმუმ, ჩვენი გათვლებით, 2 მილიონი დოლარი უნდა, რომ რეაბილიტაცია განხორციელდეს. სერიოზული ინვესტიცია ჭირდება და ვნახოთ.

 „ლაივპრესი“: ბაზრის თემასთან დაკავშირებით გამომრჩა. როგორც ვიცი იგეგმებოდა ბაზრის განტვირთვა, მისი გადატანა სხვა ტერიტორიაზე…

 ირაკლი გოგოხია: ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით, პირველად მესმის. კერძო საკუთრებაა.

 „ლაივპრესი“: ცხოველებს და ფრინველებს სადაც ყიდიან, ის ტერიტორია.

 ირაკლი გოგოხია: უკანა მხარეს მეფრინველეობა? კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით არ გვქონია. ჩვენ პროექტი გვინდა მოვამზადოთ, რომ მთლიანად განტვირთვა მოხდეს სამანქანო გზის, სავალი გზის. საცობებია ბაზრის წინ და ახალი, ალტერნატიული სამანქანო ხიდი ჯავახიშვილი-კედიას ქუჩაზე მშენებლობა დავიწყოთ. მარჯვენა და მარცხენა სანაპირო რომ დაგვეგრძელებინა, ამაზე იყო საუბარი. საპროექტო საშუალოდ 300 ათას ლარამდე უნდა და შემდეგ.. წლევანდელი პროექტი არ არის, იმიტომ, რომ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მინიმუ 10-15 მილიონი ლარი უნდა.

 „ლაივპრესი“: ქალაქის შემოსავლების გაზრდასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, თუ აქვს ქალაქის მერიას რაიმე გეგმა, ხედვა, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ეს შემოსავლები?

 ირაკლი გოგოხია: ჩვენ ქალაქის შემოსავლები მე მგონი ერთი მილიონი ლარით გავზარდეთ. ახლა ჯერ მოკლედ გეტყვით. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ხომ იყო, საშუალო ბიუჯეტი იყო 25 მილიონი ლარი. ჩვენი, ქალაქის და მუნიციპალიტეტის თითქმის იგივეა. აქედან გამომდინარე ორჯერ მეტი თანხები იხარჯება თითქმის ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონში. ადგილობრივი შემოსავლები მოსაკრებლებია, ძირითადად ჯარიმებიდან, სათამაშო ბიზნესიდან. სხვა ბერკეტი ჩვენ ახლა ნამდვილად არ გვაქვს. შემოვიღეთ დასუფთავების გადასახადი და მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ზუგდიდის მოსახლეობას, რომ ძალიან კარგად შემოდის თანხა. ჩვენი სამსახურიც შედარებით უკეთ მუშაობს და ყველა ქუჩას ემსახურება. დანარჩენი, თუ ცვლილებები შევიდა კანონში და საშემოსავლო გადასახადი ზუგდიდს ნაწილობრივ გაუტოლეს, შემოსავლები გაიზრდება. ჩვენ მაინც ძირითადად ფინანსთან სამინისტროს, ტრანსფერებზე ვართ დამოკიდებული.

 „ლაივპრესი“: თქვენ როცა შეუდექით მოვალეობის შესრულებას, აღნიშნეთ, რომ ეტაპობრივად მოხდებოდა ის, რომ ქალაქი გახდებოდა თვითკმარი. ახლა პირველი წელია თქვენი მერად არჩევიდან.

 ირაკლი გოგოხია: აი საშემოსავლო გადასახადი.. თვითკმარი სხვანაირად ვერ ვიქნებით. რომ ადგილზევე დატოვონ საშემოსავლო. ეს პროექტში დევს და ეტაპობრივად, ნელ-ნელა უნდა დაიწყოს. სახელმწიფოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული პირველ რიგში.

 „ლაივპრესი“: დეცენტრალიზებული რამდენად არის თქვენი ინსტიტუტი, რამდენად ეფექტურია ის რეფორმა, რაც განხორციელდა. რამდენად ხართ დამოუკიდებული?

 ირაკლი გოგოხია: მე უკვე აგიხსენით. ზუგდიდის ბიუჯეტი, ზუგდიდის რაიონის ბიუჯეტი გაორმაგებულია. უკეთესობისკენ მივდივართ.

 „ლაივპრესი“: თქვენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში რამდენად დამოუკიდებელი ხართ?

 ირაკლი გოგოხია: არანაირად არ ვარ შეზღუდული. საკრებულო, და მე აღმასრულებელი ვარ. ბიუჯეტს ამტკიცებს, მერე მე ვასრულებ. არანაირად არ ვართ შეზღუდულები და ხელ-ფეხ შეკრულები.

 „ლაივპრესი“: რამეს ხომ არ დაამატებით? ხომ არ გინდათ უთხრათ რამე თქვენს ამომრჩეველს?

 ირაკლი გოგოხია: მინდა, რომ მოსახლეობა, ჩვენ, თვითმმართველობაში დასაქმებულები ერთმანეთს ამოვუდგეთ, და ჩატეხილი ხიდი არ იყოს. შეხვედრები მაქვს თითქმის ყოველ დღე. მიღების საათები მაქვს ოთხშაბათს დილიდან საღამომდე. 50-60 ადგილობრივს ვხვდები.

 „ლაივპრესი“: ხომ არ არის ისეთი სიახლე, რომელიც პირველად გინდათ უთხრათ ამომრჩეველს ჩვენი საშუალებით?

 ირაკლი გოგოხია: დაველოდოთ, დაველოდოთ. თქვენ გეტყვით პირველ რიგში, და ერთ-ორ კვირაში მე მგონი სიახლეებიც გვექნება. მე მინდა ის, რომ ერთმანეთს დავუდგეთ და უფრო სუფთა იყოს ჩვენი ქალაქი. ახლა თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ სიუჟეტი. ჩვენ გავწმინდეთ მდინარე ჩხოუშის სანაპირო ზევით ქვემოთ, დავასუფთავეთ და ახლა გული მიკვდება, ერთ თვეში ისევ ისეთია. ზუგდიდის მოსახლეობა ყრის იქ ნაგავს. ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის.

 „ლაივპრესი“: დიდი მადლობა ინტერვისუთვის.

 ირაკლი გოგოხია: მე მგონი ერთად დგომით ყველაფერს მივაღწევთ და უკეთეს ქალაქში ვიცხოვრებთ.

ნინო თოლორაია, “ლაივპრესი”

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!