ქეთი ჩახაია კი არ გაჰყვება მხატვრობას, მხატვრობა გაჰყვება ქეთი ჩახაიას


  • კახათის N1 საჯარო სკოლის მეათეკლასელი ქეთი ჩახაია ნიჭიერი შემოქმედი და საინტერესო ახალგაზრდაა. სამხატვრო სკოლის დირექტორი, მხატვარი ჯანსუღ ჭურღულია ამბობს, რომ ქეთის ძალიან ორიგინალური ხედვა და ხელწერა აქვს, რომ მისი შემოქმედება მრავალმხრივია და ცალსახად გამორჩეული. ამბობს, მისი დახატული სიმახინჯეებიდანაც მშვენიერება ჩანსო. მხატვრობა და საყვარელი მხატვარი, ფოტოგრაფია, მწერლობა, მუსიკა…-აი, რაზე საუბრობს ქეთი ჩვენთან.

– მე ვარ ქეთი ჩახაია, 15 წლის, ვეტრფი შემოდგომას და ვემსახურები ხელოვნებას, უფრო სწორედ, მხატვრობას, ფოტოხელოვნებასა და მწერლობას. ვისწრაფვი პოლიგლოტობისკენ და ამ ეტაპზე რიგით მე-5 ენას ვსწავლობ.

-ვინ არის შენი საყვარელი მხატვარი?

-ახალგაზრდა იტალიელი მხატვარი, ვინმე მარკო გრასი. მოკლედ თუ განვიხილავ, ის ჰიპერრელისტი მხატვარია, რომლის ნამუშევრებშიც მიკროდეტალებიც კი მკვეთრადაა გამოსახული.

– შენი საყვარელი მიმართულებაც ჰიპერრეალიზმია, არა?

-დიახ, ჰიპერრეალიზმი, რომლის დაუფლებასაც დიდი შრომა სჭირდება.

-რომელი მხატვრის გავლენა იგრძნობა შენს ნამუშევრებში?

-შეიძლება უცნაურად გაიჟღეროს, მაგრამ მხატვრის – არც ერთის, ჩემზე გავლენას უფრო ხშირად მწერლები ახდენენ.

-ყველაზე მეტად შენი რომელი ნამუშევარი გიყვარს?

-ჩემს თითოეულ ნამუშევარში დევს რაღაც ჩემეული დეტალი, აქედან გამომდინარე, მათი გარჩევა ჩემთვის მეტად ძნელია.

-ვიცი, როდესაც ხატავ უსმენ მუსიკას…

-მელომანი ვარ, შესაბამისად, ხასიათს გააჩნია, რას მოვუსმენ ხატვის პროცესში, ბოლო დროს, ჩემი არჩევანი, უმეტესად ჯაზზე ან საერთოდ, პოეზიაზე ჩერდება.

-რა გჭირდება ნამუშევრის შესაქმნელად?

-ამ კითხვაზე, ყველაზე ხშირი პასუხია სიტყვა „მუზა”, მაგრამ არა ჩემთან, იმიტომ, რომ დიდი ხნის გააზრებული მაქვს, არ ღირს მოტივაციაზე იყო დამოკიდებული, ის, რაც მე მჭირდება, მხოლოდ იმის ცოდნაა, რომ საკმაო დრო მაქვს შექმნისთვის და აჩქარება არ დამჭირდება.

-შენი სათქმელის გამოხატვის რომელ ტექნიკას ანიჭებ უპირატესობას?

-ახლა უკვე ფერწერას… სულ რამდენიმე თვეა,  ხელი მოვკიდე.

-აპირებ მხატვრობას გაჰყვე?

-ჩემთვის მხატვრობა არ არის ჰობი, ეს ისეთივეა, როგორც საკვები ან ძილი, ანუ განუყოფელი ნაწილი, რომელიც პირიქით, მე გამყვება მთელი ცხოვრების მანძილზე.

-შენი ფოტოხელოვნებაც არანაკლებ შთამბეჭდავია…

-იმდენად პატარა ვიყავი, არც კი მახსოვს, როდის დაიწყო ჩემი დაინტერესება ფოტოხელოვნებით. ყოველთვის მაინტერესებდა გადაღებებთან დაკავშირებული იდეები.

-ვინ გიღებს ფოტოებს?

-ხშირად უმცროსი ძმა, სხვა შემთხვევაში, ჩემით მიწევს ყველაფრის მოგვარება, ანუ, ჩემით ვიღებ…

-რატომ გადაგყავს შენი თავი სხვადასხვა ეპოქაში?

-ერთ-ერთი იმათთაგანი ვარ, რომელთაც ჰგონიათ, რომ მცდარ ეპოქაში მოევლილნენ სამყაროს და ამასთან ერთად, ხვდებიან, რომ ეს არც ისე მართებული აზრია. ფოტოხელოვნებით კი, საკუთარი თავის წარსულში „დაბრუნებას” ვცდილობ, ცოტა ხნით მაინც.

-რას საქმიანობ თავისუფალ დროს?

-ფილმებს ვუყურებ, უფრო ხშირად – კოსტუმირებულს, სწორედ აქედან მოდის ინსპირაცია, რომელსაც ფოტოხელოვნებაში ვიყენებ.

-მწერალი რომელიც მოგწონს?

-ერთ დროს, ერნესტ ჰემინგუეიმ თავისი წიგნით „განუყრელი დღესასწაული” საერთოდ სხვანაირად შემახედა შემოდგომისთვის და გასული საუკუნის 20-იანი წლებისთვის. ჩემთვის საყვარელი მწერლის წოდება სწორედ მას ეკუთვნის.

-საყვარელი ჟანრი?

-ფსიქოლოგიური ჟანრის წიგნებისკენ ვიხრები.

-პოეზია გიყვარს…

– იაკი კაბესა (იგივე ირაკლი კაკაბაძე) და მის სტილს ვანიჭებ უპირატესობას, რომელიც ქართული და იაპონური სტილის შერწყმით იქნა მიღებული.

-ვიცი, შემოდგომა გიყვარს…

-როგორც უკვე ვთქვი, ერნესტმა შემახედა სხვანაირად შემოდგომისთვის. ამის გარდა, ალექსანდრე პუშკინს ეკუთვნის ერთი ფრაზა, რომელიც სრულიად აღწერს ჩემს პიროვნებას: „ყოველ შემოდგომაზე თავიდან ვიფურჩქნები”. არ ვიცი, რაზეა ეს დამოკიდებული, მაგრამ მართლაც, ყოველ ჯერზე ამართლებს.

-რა გეესთეტიურება ყველაზე მეტად ბუნებაში?

-თუკი ბუნებას რაიმეს შექმნაში ურევია ხელი, ყველაფერი მეესთეტიურება, ისიც კი, რაც დანარჩენებს არაფრად მიაჩნიათ. მაგრამ ზღვა…ზღვა ძალიან მიყვარს, გარკვეული მიზეზების გამო.

-რა არის შენი მთვარი მიზანი ცხოვრებაში?

-მაქვს ერთი მთავარი მიზანი: 10-15 წლის შემდეგ ვიღვიძებდე და ვხვდებოდე, რომ ვარ იქ, სადაც ჩემი ადგილია, ვურთიერთობ იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ვვითარდები და საერთოდ, ვაკეთებ იმას, რაც სიამოვნებას მანიჭებს. მე ვიცი, ასეთ მომავალს დიდი მუშაობა სჭირდება, მაგრამ ყველაფერი ჩემს ხელშია, მხოლოდ ჩემს ხელში.

სალომე ნარმანია,

სპეციალურად „ზუგდიდელებისთვის“,

ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე,

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის „სარკმელის“ წევრი

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!