“სანუსი” ჩემი მეორე სახლია


  • ექიმი -კარდიოლოგი ნანი ბულია, წლებია, სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში “სანუსი”  პაციენტების ჯანმრთელობაზე  და კარდიოლოგიურ პრობლემებზე ზრუნავს. დღეს, მისგან თქვენც მოისმენთ ბევრ საინტერესო რჩევას, თუ როგორ უნდა გაუფრთხილეთ გულს.

ნანი ბულია: “დავამთავრე ზუგდიდის მეოთხე საშუალო სკოლა (რუსული სექტორი). სწავლა გავაგრძელე ლიეტუვაში ქალაქ კაუნასის სამედიცინო ინსტიტუტში, ბოლო კურსზე შევქმენი ოჯახი. ინტერნატურა და შემდეგ კლინიკური ორდინატურა გავიარე თბილისის თერაპიის ინსტიტუტში. “სანუსში” ვმუშაობ მისი დაარსების დღიდან, ანუ 1996  წლიდან. ეს იყო პირველი კერძო დიაგნოსტიკური ცენტრი ზუგდიდში. მუშაობა დავიწყე ისეთ კოორიფეებთან, როგორებიც იყვნენ: ბატონი შოთა კვირკველია, ქალბატონი ლუშა წურწუმია, შემდეგ შემოგვიერთნენ: ნინა მაქაცარია, ელვირა კუზმენკო, თანდილა ქარჩავა და სხვები. სამწუხაროდ, დღეს არცერთი არ არის ცოცხალი. ისინი იყვნენ ჩვენთვის სამაგალითო ექიმები. ბოლო დროს, ჩვენი ტკივილია ქირურგი ვიქტორ კონწურაშვილი, ინტელიგენტი ადამიანი, პროფესიონალი ექიმი.

‘სანუსის” დღევანდელი გუნდიც არის ერთი დიდი ოჯახი, დაკომპლექტებული გამოცდილი, პროფესიონალი ექიმებით, სადაც პაციენტის მიმართ არის სითბო და სიყვარული. გუნდის ჩამოყალიბებაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვის დიაგნოსტიკური ცენტრის დამფუძნებელს, ბატონ შაქრო კვაშილავას, რომელიც  მუდამ ცენტრის განვითარებაზეა ორიენტირებული. სწორედ ეს გახლავთ, ერთ-ერთი ძირითადი პირობა იმისა, რომ “სანუსს” და მის გუნდს ენდობიან პაციენტები არა მარტო ზუგდიდში, მთელ რეგიონში. გარდა ამისა, “სანუსი” იყო და არის ტრამპლინი ბევრი ახალგაზრდა დამწყები ექიმისთვის, რომლებიც ახლა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში წარმატებულად მოღვაწეობენ.

-პირველი პაციენტი თუ გახსოვთ?

-რაც შეეხება პირველ პაციენტს, მახსოვს…  კარგად მახსოვს… ძალიან დავიბენი, ვინერვიულე… ეს ბუნებრივია… მერე თანდათან ეჩვევი, იწაფები… თუმცა, დღემდე “მეშინია” ახალი პაციენტის მიღების, ვცდილობ, არაფერი გამომეპაროს, მცირედი დეტალიც კი,  რომ მკურნალობას მივცე სწორი მიმართულება.

-სამედიცინო განათლება საზღვარგარეთ მიიღეთ… მოგვიყევით ლიეტუველ კოლეგებზე, გაქვთ მათთან ურთიერთობა?

-ლიეტუვაში, კერძოდ, კაუნასში და ვილნიუსში მყავს ბევრი მეგობარი. დრო და დრო ვეხმიანებით ერთმანეთს.  ბევრი მეგობარი  ლიეტუვადან სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად. ტრადიცია გვაქვს-ძველით ახალ-წელს ვერთვებით ერთმანეთს “სკაიპში” და მოვიკითხავთ. ეს დიდი სიხარული და პოზიტივია თითოეული ჩვენგანისთვის.

-რას გვირჩევს კარდიოლოგი, როგორ მოვეფეროთ გულს…

-როგორც კარდიოლოგი გეტყვით, რომ გულს ნამდვილად სჭირდება მოფერება, რამეთუ ყველა ტკივილი, ფიზიკური, თუ სულიერი მიდის გულთან, ამიტომ მას უნდა გავუფრთხილდეთ. უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, უნდა გამოვიძინოთ კარგად, ვიკვებოთ სწორად, ვისეირნოთ სუფთა ჰაერზე. არ მივიღოთ წამალი ექიმის გარეშე, მოვერიდოთ სტრესებს, გადაღლას, თამბაქოს და ალკოჰოლს. დროულად მივაქციოთ ყურადღება ამა თუ იმ სიმპტომს. ჩვენი ჯანმრთელობა უნდა დავაყენოთ პირველ ადგილზე.

გვერდს ვერ ავუვლით კორონავირუსს, რომელმაც მთელი მსოფლიო ააფორიაქა, უნდა ვიყოთ ფრთხილად, ეს არის ძალიან ვერაგი ვირუსი, რომელიც აზიანებს თითქმის ყველა ორგანოს, ტოვებს კვალს და ჯერჯერობით, რჩება შეუსწავლელი. იმედია, მალე გამოჩნდება ვაქცინა.

-ორიოდ სიტყვით მშობლებზე, ოჯახზე…

-მამაჩემი გიორგი ბულია იყო ფინანსისტი, მთელი ცხოვრება მუშაობდა რაიონის ფინანსურ განყოფილებაში. დედა, მარგო როგავა-ბულია კი ბუღალტერი იყო, 50 წელი იმუშავა ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში. ამჟამად არის 85 წლის, არის ჯანსაღად და მხნედ.

მეუღლე სოსო ცირდავა, პროფესიით ინჟინერი, მუშაობდა ზუგდიდის სხვადასხვა სამშენებლო ობიექტზე. სარგებლობდა ზუგდიდიდელების დიდი პატივისცემით და სიყვარულით. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ, უეცრად გარდაიცვალა. მყავს ორი შვილი შოთა და სოფიო. შოთა იურისტია, სოფიო ექიმი, ასევე ექიმია შოთას მეუღლე ლანა ქებურია. შვილები, ოჯახებით, ცხოვრობენ და მუშაობენ თბილისში. მყავს ერთი შვილიშვილი დავით ცირდავა, რომელიც მაბედნიერებს და მიხალისებს ცხოვრებას.

-და ბოლოს…

-და ბოლოს, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, სულიერი სიმშვიდე, გახარებულ, გაღიმებულ ქვეყანაში ცხოვრება. “სანუსის” ექიმთა გუნდი გვიგულეთ თქვენს გვერდით.

ანა სართანია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!