- “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ქალაქის უბნის უფროსი როინ შანავა სპეციალობით ინჟინერ-მექანიკოსია. აღნიშნულ თანამდებობაზე, 2008 წლიდან მუშაობს. ყოველ დილით დასუფთავების პროცესში თვითონაც ღებულობს მონაწილეობას. ამბობს, რომ თავის გუნდთან ერთად ყველაფერს აკეთებს ქალაქის სისუფთავის დასაცავად. როინ შანავა “ზუგდიდელებთან” საუბრობს კოვიდპანდემიის დროს,”ზუგდიდდასუფთავების” მუშაობაზე.
როინ შანავა: “ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მთავრობის მიერ, გატარებული ეფექტური ღონისძიებების და ექიმების გმირული ბრძოლის შედეგად, ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა. კოვიდპანდემიის დროს, თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ და მასთან ერთად ააიპ “ზუგდიდიდასუფთავების ცენტრმა”, რომელსაც მიუხედავად შექმნილი რთული მდგომარეობისა, არც ერთი დღით არ შეუჩერებია მუშაობა. ცენტრის ყველა თანამშრომელი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქად, ისე სოფლად მყარი ნარჩენების მართვაში არც ერთი შეფერხება და ხარვეზი არ დაფიქსირებულა.
კოვიდპანდემიის პერიოდში, ცენტრი აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მერიის მიერ გატარებულ სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ შორის ცენტრის მმართველი აპარატის მუშაკებისაგან შემდგარი 28 კაციანი ჯგუფი უწყვეტად ღებულობდა მონაწილეობას ქალაქის 10 ცენტრალური (ზვ. გამსახურდიას, რუსთაველის, ცოტნე დადიანის, მეუნარგიას, გამარჯვების, კონსტანტინე გამსახურდიას, აღმაშენებლის, კოსტავას, თამარ მეფის და ქუჯის ქუჩები) და სოფლების ცენტრების სადეზინფექციო სამუშაოებში, ქალაქის ცენტრალური სუპარმარკეტის (აგრარული ბაზრის) შიდა ტერიტორიის მოწესრიგება-დასუფთავებაში და სხვა დაუგეგმავი ლოკალური სამუშაოების შესრულებაში.
ამ სამუშაოების შესასრულებლად ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა” საკუთარი ბიუჯეტიდან გახარჯა 18 ათასი ლარი. ცენტრის თანამშრომლებმა კი საკუთარი ხელფასის დანაზოგიდან კოვიდინფექციის ფონდში ჩარიცხეს 10 ათას ლარზე მეტი”.