- შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, ზუგდიდში, ფოლკლორის სახლში, სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, რომელიც სამეგრელოს რეგიონის უნიკალურ ტრადიციებს და მეგრულ კერძებს გაეცნო.
ფოლკლორის სახლში ყოფნისას, ელჩს, ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა: დიმიტრი ქარჩავამ, საბა ფიფიამ და ნიკოლოზ ლატარიამ გააცნეს მეგრული ფოლკლორი.
დიმიტრი ქარჩავა: “ბატონმა ბესო ჭითანავამ, საბა ფიფიას, ნიკოლოზ ლატარიას და მე, გვთხოვა, ფოლკლორის სახლის სტუმრებისთვის, ჩვენი კულტურა გაგვეცნო. ელჩი კელი დეგნანი თავისი დელეგაციით იყო ჩამოსული. მათ ისადილეს ჩვენთან ერთად, დააგემოვნეს კერძები. პირველ რიგში, გავაცანით მეგრული ფოლკლორის ნიმუშები ხალხური სიმღერების სახით, რომელიც შევასრულეთ ჩონგურის თანხლებით. წარმოდგენილი მქონდა ყველა ინსტრუმენტი, რაზეც ვუკრავ, მაგრამ დროის სიმცირის გამო, ყველა მათგანი ვერ გავაცანი, ამიტომ გადავწყვიტე, უპირატესობა მიმენიჭებინა ლარჭემისთვის, რომელიც მე თვითონ აღვადგინე და პოპულარიზება გავუწიე. მოგეხსნებათ, ამ საკითხზე ოთხი წელია ვმუშაობ. ელჩს ლარჭემის შესახებ, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე ვესაუბრე, რადგანაც დელეგაციის ყველა წარმომადგენლისთვის უფრო გასაგებად მიმეწოდებინა ინფორმაცია. მოგეხსენებათ, ტერმინოლოგია შედარებით რთულია და მთარგმნელს შეიძლება გასჭირვებოდა ზუსტად გადაცემა. როგორც აღვნიშნე, ელჩს ვესაუბრე ლარჭემის ისტორიის შესახებ, მას მოვუყევი, რომ ეს იყო მწყემსების საკრავი. გავუმხილე იმ საექსპედიციო მასალებისა და აუდიო ჩანაწერების შესახებ, რომელსაც მე ვფლობ და ერთმა კეთილმოსურნე ქალბატონმა უშუალოდ გადმომცა. შემდეგ პარალელი გავავლე მათ კულტურასთან უფრო ახლოს მდგომ საკრავთან, რომელიც მსოფლიოში უფრო პოპულარულია – ეს გახლავთ ეკვატორული როდანდორი. შემდეგ ელჩს მოვასმენინე ჩემი აღდგენილი ძველი მეგრული მელოდიები, რომელიც საექსპედიციო მასალებიდან გავარჩიე პანდემიის დროს. ისინი მეტად ორიგინალური და მელოდიურია, გამორჩეულია მთელ ქართულ ფოლკლორში. ეს არის უცხო და არქაული მუსიკა, რომელიც ვერასდროს ჩაივლის აღტაცების და ოვაციების გარეშე. ამ შემთხვევაშიც, ამერიკის ელჩი და მისი დელეგაცია დარჩა საკმაოდ მოხიბლული. შეხვედრის ბოლოს, სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ, შემდეგ ელჩმა მე, ნიკოლოზ ლატარიას და საბა ფიფიას გადმოგვცა სამახსოვოროდ ამერიკის საელჩოს მედლები, საკმაოდ ლამაზი და ორიგინალური.
ამის შემდეგ უშუალოდ გადავინაცვლეთ კულინარიული მასტერკლასების ნაწილში. ბატონმა ბესომ სტუმრებს ჩაუტარა გებჟალიის მომზადების მასტერკლასი, რამაც ისინი აღაფრთოვანა. საბოლოო ჯამში, სტუმრები კმაყოფილები გავაცილეთ სვანეთისკენ”.