- გარემოს დაცვის მსოფლიო ფონდის [WWF] ინფორმაციით, კავკასიის სამუხის ველზე, ქურციკების, [იგივე ჯეირანი] ნაშიერები, ლიკლიკები გამოჩნდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში ამ სახეობის სრულფასოვანი პოპულაციის აღდგენისათვის.
ქურციკი წითელ წიგნშია შეტანილი. განსაკუთრებით მკვეთრად შემცირდა მათი გავრცელება XX საუკუნის დასაწყისში ტერიტორიების სასოფლო-სამეურნეო მიზნით ათვისების გამო.
ქურციკის ბუნებრივ ადგილსამყოფელზე ცხვრის ფარები ძოვენ მასიურად, რამაც მათი რაოდენობის შემცირება განაპირობა გარკვეულწილად.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი – WWF Georgia ქურციკების აღდგენის პროექტს ახორციელებს. ფონდში მიიჩნევენ, რომ შედეგები იმედის მომცემია, მაგრამ საჭიროა გაგრძელდეს მუშაობა, მონიტორინგი და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რომ ხელშემშლელმა ფაქტორებმა სახეობის გამრავლებას არ შეუშალოს ხელი.