- პარლამენტმა პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 76 ხმით დაამტკიცა.
ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება გამოიწვევს ამ სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.
პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს პირბადის ტარება სავალდებულო ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობის დროსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წესის დამრღვევი პირი, იქნება ეს მგზავრი თუ მძღოლი, დაჯარიმდება 20 ლარით.
უფრო კონკრეტულად, როგორი პირბადის ტარება იქნება სავალდებულო, ამ წესს საქართველოს მთავრობა ან შესაბამისი სამინისტრო დაადგენს.