- დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ვეტერან დევნილთა განსახლების მიზნით, ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ვეტერანი დევნილების ოჯახებისთვის გამოყოფილია 180 ბინა, მათ შორის 60 – თბილისში, 60 – ზუგდიდში, ხოლო 60- ქუთაისში მდებარეობს.
საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი, ჯამში 1376-მა ოჯახმა შეავსო. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.
სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ვეტერან დევნილებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. მათ საშუალება აქვთ, საბუთები ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – Infoidp@moh.gov.ge გამოგზავნონ ან სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებ ცენტრში განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციისთვის განკუთვნილ სპეციალურ ყუთში მოათავსონ.
ამასთან, დევნილთა სააგენტო ითვალისწინებს არსებულ ვითარებას და ოჯახებს, რომლებიც მოცემულ ვადაში საბუთების შემოტანას ვერ მოახერხებენ, საშუალებას მისცემს, დამატებითი დოკუმენტაცია კომისიის მუშაობის დაწყებამდე წარმოადგინონ.
შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ვეტერან დევნილთა ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება.
ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს განაცხადების იმ რაოდენობას, რომლებსაც მონიტორინგის ჯგუფები გადაამოწმებენ.
მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება.