- ბოტანიკურ ბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელი სამშენებლო კომპანიის “ჯავას” სპეციალისტები, ბაღში, რამდენიმე ადგილას, სადრენაჟე ნიმუშებს თხრიან. რის შემდეგაც გაირკვევა, ბაღის სხვა ლოკაციებში წყლის ზომიერად გასაწოვად რომელი სახის დრენაჟი გამოიყენონ.
“ზუგდიდელებთან” საუბარში ბოტანიკური ბაღის მენეჯერი ზვიად ქარჩავა ამბობს: “პარასკევს, ჩვენი შეტყობინების საფუძველზე, ჩამოვიდნენ კომპანია “ჯავას” სპეციალისტები. ისინი ბაღის ტერიტორიაზე აკეთებენ სანიმუშო დრენაჟებს–წერტილოვანს და ჰორიზონტალურს. იმის მიხედვით, თუ რა ტიპის დრენაჟი გაიწოვს წყალს ზომიერად, შემდეგ იგივე ტიპის რამდენიმე დრენაჟი გაკეთდება ბაღის ტერიტორიაზე. დრენაჟმა არ უნდა გამოიწვიოს გრუნტის წყლის სრული გაწოვა. ეს მცენარეების ფესვებისთვის საზიანო იქნება.
სადრენაჟო სისტემა ბაღის ტერიტორიაზე განლაგებულია სავალი ბილიკების ქვეშ. ეს რომ ბაღის მთელ ტერიტორიაზე გაკეთებულიყო, მცენარეებს შეაწუხებდა. კომპანია “ჯავა”, რომელიც აწარმოებდა ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ვალდებულია, ერთი წლის განმავლობაში შეისწავლოს და აღმოფხვრას ყველა ის ხარვეზი, რომელიც გამოიხატება ბოტანიკურ ბაღში ამ ხნის განმავლობაში.”
სამწუხაროდ, ჟურნალისტებთან საუბრის სურვილი არ აქვთ “ჯავას” სპეციალისტებს: ზაზა კეკენაძეს (ტექნიკური დირექტორი) და გურამ როზომაშვილს (სამუშაოთა მწარმოებელი) და საკმაოდ აგრესიულად შენიშნავენ, რომ დატბორვა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. რეაბილიტაციამდე რომ ჩამოვედით, ნაწვიმარი იყო და ბაღის ტერიტორიაზე ბოლომდე ვერ გავედით, დატბორილი იყოო. ის რაც ახლა ხდება, ანუ ორი დღის ნალექის შემდეგ გაჩენილი ტბა–გუბეები, მათ ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ,- ტყეში არ ყოფილხართ და არ გინახავთ, როგორ ხდება? რატომ წერთ სულ ტყუილებს? დათბება და გაიწოვს ამ წყალს, აქ კი არ დარჩებაო. და ასეთი მრავალი ტექსტი, მათ შორის ის, რომ ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში მიმდინარე გათხრა არ ეხება დატბორვას, უბრალოდ თხრიდნენ იმიტომ, რომ ეძებდნენ გაწყვეტილ კაბელს. ვიპოვით, შევაერთებთ და ყველა სანათური განათდებაო. ერთი სიტყვით, ეტყობა, ჩვენს სტუმრებს, მასპინძელმა ჟურნალისტებმა იმდენად მოვაბეზრეთ თავი, ფაქტის განმარტებას, შავი იუმორი არჩიეს. დამშვიდობებისას, ისიც მოგვაძახეს, თქვენ ამ გზით მიდიოდით და ახლა იმ გზით საით მიდიხართ, ანუ ისე დაგაბნიეთ, გზაც კი შეგეშალათო. აშკარაა, აუნაზღაურებელი შრომა ეზედმეტებათ და ერთი წლის განმავლობაში გარანტიით ჩაბარებული ობიექტის ხარვეზების უზრუნველყოფის ვალდებულება აღიზიანებთ.