- სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე უარის თქმას და მუშაობით ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას აპირებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი აპირებენ თავიანთი დრო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის გაანაწილონ.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი განმარტავენ, რომ დედოფლის მიმართ თავიანთი მოვალეობების შესრულებას გააგრძელებენ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წყვილი საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნას აპირებს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის განცხადების გაკეთებამდე კონსულტაცია სამეფო ოჯახის არცერთ წევრთან გაუვლიათ და ბუკინგემის სასახლე მათი გადწყვეტილებით „იმედგაცრუებულია.“
სასახლის პრესსპიკერის განცხადებით, ისინი აცნობიერებენ პრინცისა და მისი მეუღლის სურვილის, უარი თქვან სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე, თუმცა საკითხი გარკვეულ სირთულეებს შეიცავს, რის მოსაგვარებლადაც დროა საჭირო.
პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი 2018 წლის მაისში დაქორწინდნენ. ქორწინების შემდეგ ისინი სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია გახდნენ. მათ 2019 წლის მაისში ვაჟი – არჩი შეეძინათ.