- დღეს, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში, ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პედაგოგებს ჰქონდეთ სწორი და სრულფასოვანი ინფორმაცია, ნატოსა და ევრო-ატლანტიკური მნიშვნელობის შესახებ. “პედაგოგები, არიან ის ადამიანები ვინც შემდგომში ინფორმაციას ავრცელებენ მოსწავლეებთან. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება”.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ განმარტა, რომ მასწავლებლებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. “მასწავლებლებს უშუალო შეხვედრა აქვთ სკოლის მოსწავლეებთან, გვინდა ადრეულ ასაკში ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ”.
პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.