- სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პოლიცია არავის მისცემს სიტუაციის გამწვავების შესაძლებლობას და არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი.
“2019 წლის 19 მაისს შუალედურ და რიგგარეშე არჩევნების პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. გარდა ამისა, საჭიროების მიხედვით, ამ პერიოდში მოხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით. პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს და ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ პოლიციას და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. საარჩევნო პროცესების დროს პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს. პოლიცია არავის მისცემს სიტუაციის გამწვავების შესაძლებლობას და არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი. პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას, საკუთარი არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში”.-ნათქვამია განცხადებაში.