დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა საარჩევნო შტაბში, გუშინ მომხდარი ინციდენტი შეაფასა და დაასახელა ის პირები, ვინც ინციდენტში ღებულობდა მონაწილეობას. ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ “კრიმინალად გადაქცეული” პოლიციელები დასდევდნენ სანდრა რულოვსს და ცდილობდნენ საარჩევნო კამპანიის ჩაშლას. “ეს ქმედებები არის მიმართული პოლიტიკური პროცესის ჩასაშლელად. მიმართულია ხელისუფლების გარდაუვალი მარცხის შესაჩერებლად, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიცია გააკეთებს ყველაფერს, იმისათვის, რომ ჩვენი კამპანია იყოს მშვიდობიანი. ჩვენ ვართ ორიენტირებული წინსლისათვის”.
ანა წითლიძემ, რომელიც ამ ინციდენტისას დააკავეს და წუხელ, გვიან ღამით გაათავისუფლეს, ჟურნალისტებს უჩვენა ფოტომასალა, სადაც ჩანან ინციდენტის მონაწილე ადამიანები. მისი ინფორმაციით, ნარაზენის ინციდენტში მონაწილეობას ღებულობდა ნარაზენის პოლიციის უფროსი გია ყალიჩავა, სამხარეო პოლიციის თანამშრომელი არისტონ კვარაცხელია და “დაიცავი საქართველოს” წარმომადგენელი საშკა მოლაშხია. დღევანდელ ბრიფინგზე, ანა წითლიძემ ურთის ინციდენტში მონაწილე პირებიც დაასახელა. “ეს არის ლევან მალანია, რომელიც არის “ქართული ოცნების” შტაბის უფროსი ურთაში, ცოტნე ქორთუა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრია. მთელი დღის განმავლობაში ქალბატონ სანდრას დაჰყვებოდა ხვიჩა ლატარია, დიტო მალანია, დიმა მალანია და დათო ქირია, რომლებიც არიან “ქართული ოცნების” აქტივისტები”.
გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა მამუკა წოწერიამ. მისი თქმით, პროვაკიციები “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა. “ყველა ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. “ქართული ოცნება” მოწოდებულია საარჩევნო კამპანია აწარმოოს კონკრეტული გზავნილებით და ზუგდიდის განვითარების გეგმით, ხოლო “ნაციონალური მოძრაობისთვის” და ქალბატონი სანდრასთვის, ზუგდიდი არის უცხო, შესაბამისად, მათთვის კამპანიის წარმოება არის ძალიან რთული, აქედან გამომდინარე ისინი ეწევიან გარკვეულ სპეკულაციას”.