“ზუგდიდელების” სტუმარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის” ჭადრაკის განვითარების განყოფილების მოსწავლე და საქართველოს ჩემპიონი 11 წლამდე ჭაბუკთა შორის, ნიკოლოზ შამათავა.
ნიკოლოზმა, 2018 წელს, ირენა ვარაკომსკას მეორე საერთაშორისო მემორიალის (ბ) ტურნირში, მესამე ადგილი დაიკავა. (18 წლამდე I ადგილი) თასთან ერთად, გადაეცა ფულადი ჯილდო 2200 პოლონური ზლოტი და საერთაშორისო რეიტინგი, რეკორდული მაჩვენებლით, 216 პუნქტით მოიმატა. 2017 წელს, გახდა საქართველოს ჩემპიონი 9 წლამდე ჭაბუკთა შორის. იმავე წელს, ფოთის მე – 12 საერთაშორისო ტურნირში, 10 წლამდე ჭაბუკთა შორის, მეორე ადგილი დაიკავა. არის საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის ლიგის შესარჩევი ტურნირის ფინალისტი (ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე იყო). 2016 წელს, იყო საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 8 წლამდე ჭაბუკთა შორის, იმავე წელს, ფოთის მე-11 საერთაშორისო ტურნირში, 8 წლამდე ჭაბუკთა შორის, მეორე ადგილი დაიკავა. იმავე წელს, მეორე ადგილი მოიპოვა ბათუმის მერიის თასზე 8 წლამდე ჭაბუკთა შორის. ნიკოლოზ შამათავა არის 12 წლამდე (ორი წლით უფროსი ასაკი) ქართველ მოჭადრაკე ჭაბუკთა შორის, ფიდეს რეიტინგსიაში, პირველი ნომერი (რეიტინგი: 1892).
– ნიკოლოზ, მომიყევი შენზე?
– ექვსი წლის ვიყავი, როცა ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში მოვედი. ყოველ დღე, ხუთ საათს ვმეცადინეობ. რა თქმა უნდა, დამღლელი პროცესია, მაგრამ ეს დაღლაც სასიამოვნოა, რადგან ჭადრაკს, ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებული ადგილი უკავია.
– შენს პირველ წარმატებაზე მითხარი.
– პირველი, დასამახსოვრებელი გამარჯვება იყო 2016 წელს, 8 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ვიცე-ჩემპიონობა.
– უკვე საქართველოს ჩემპიონი ხარ… რა გრძნობაა?
– მოულოდნელი არ ყოფილა. რაც შეეხება გრძნობას, ძალიან კარგი გრძნობაა, მაგრამ გაფრთხილება უნდა. მუდამ ფორმაში უნდა იყო.
– სკოლაში როგორ ხვდებიან შენს წარმატებას?
– მასწავლებლებს, კლასელებს და მათ მშობლებს ყოველთვის უხარიათ ჩემი წარმატება, მგულშემატკივრობენ.
– პირველი მოგება თუ გახსოვს?
– უკვე აღარ მახსოვს.
– ცნობილ მოჭადრაკეებს თუ იცნობ?
– დიახ, ნონა გაფრინდაშვილს. ქალბატონ ნონას რამდენჯერმე შევხვდი ერთდროული თამაშის სეანსში მასთან საპატიო ყაიმს მივაღწიე.
– შენი ფავორიტი ჭადრაკში ვინ არის და ვისთან ითამაშებდი?
– ნორვეგიელ მოჭადრაკესთან, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონთან მაგნუს კარლსენთან, პირველი ნომერია მსოფლიოში.
– როგორ ფიქრობ მოუგებ?
– (იცინის) ჯერ ვერა, მაგრამ მოვსინჯავ.
– შენს გამარჯვებას ვის უძღვნი?
– პირველ რიგში, ჩემს ქალაქს, შემდეგ ოჯახს და ჩემს გულშემატკივრებს.
– შენს მასწავლებელზე მომიყევი?
– ჩემი მწვრთნელი გახლავთ მადონა ბოკუჩავა, რომელიც ძალიან მიყვარს. ყველანაირად მიგებს და მგულშემატკივრობს. ზოგჯერ მკაცრია, მაგრამ სწორ შენიშვნებს მაძლევს. მუდამ გვერდში მიდგას, მის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ. ვცდილობ, მისი იმედები გავამართლო.
– თამაშის დროს მასწავლებლისთვის მოგიგია?
– ჯერ არა… მისი სახით, ძლიერი მეტოქე მყავს.
– რა განწყობა და დამოკიდებულება გაქვს თამაშის დროს მეტოქესთან?
– წესია – მათ პატივი უნდა ვცეთ.
– სახლში შენს გარდა ვინმე თუ თამაშობს ჭადრაკს?
– არა, სახლში არავინ თამაშობს.
– თავისუფალ დროს რას აკეთებ?
– თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს.
– ჭადრაკის გარდა, სპორტის კიდევ რომელ სახეობას მისდევ?
– ჯერჯერობით, სხვას ვერ ვახერხებ.
– რა არის შენი ოცნება?
– ჩემი ოცნებაა, ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი გავხდე. შემდეგ კი, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოვიპოვო.
– ოჯახი, ალბათ, შენით ამაყობს…
– დიახ, ძალიან უხარიათ ჩემი წარმატება. დედა, ანა გაგუა, მამა, ელგუჯა შამათავა. მყავს უმცროსი ძმა გიგი, ხუთი წლისაა, ბაღში დადის. ასაკის მიუხედავად, ჩემი დიდი გულშემატკივარია, ყველა თამაშს ესწრება. ჩემს წარმატებას მუდამ თვალს მიადევნებს ბიძაჩემი ირაკლიც. პოლონეთში თამაშის დროს, ჩემთან იყო და მამხნევებდა. შესაძლებლობის ფარგლებში, ფინანსურადაც მეხმარება. ჩემი გულშემატკივარი არის ზოია ბებია, რომელიც ტურნირებზე მუდამ ჩემს გვერდითაა.
„ზუგდიდელებთან“ საუბრობს ნიკას მწვრთნელი მადონა ბოკუჩავა:
– ნიკა, ჭადრაკის თამაშის ხელოვნებას 4 წელია ეუფლება. უცნაურ და საინტერესო ვითარებაში გავიცანი: იმ პერიოდში, ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში ვმუშაობდი როგორც მეთოდისტი და ვესწრებოდი ყველა მასწავლებლის გაკვეთილს. ნიკა, მაშინ, ახალი მოსული იყო. ჩემმა ყოფილმა მასწავლებელმა, ბატონმა გოჩა თორიამ მითხრა, ერთი პატარა ბიჭი უნდა გაგაცნოო. მაშინ ნიკა პირველკლასელი იყო, ძალიან ცელქი, უჭირდა ერთ ადგილას გაჩერება და ვიფიქრე, რომ მას გაუჭირდებოდა დაფასთან ხუთი საათი ბრძოლა. მაგრამ გოჩა მასწავლებელი მიმეორებდა, მას აქვს ისეთი რაღაც, რაც არ აქვს სხვა ბავშვსო. დავიწყე დაკვირვება. რა უყვარდა, რატომ ვერ შორდებოდა ჭადრაკის დაფას. მიუხედავად მისი სიცელქისა, იყო ბრძოლისუნარიანი. ბატონმა გოჩამ ორ ჯგუფში დატოვა. ავარჯიშებდა, როგორც პატარების, ისევე დიდების ჯგუფში. ერთ დღეს, მითხრა, რომ მას სჭირდებოდა ინდივიდუალური მეცადინეობა და ისეთი ადამიანი, რომელიც გაიყვანდა დიდ ასპარეზზე. ერთი სიტყვით, ნიკა ჩამაბარა. ამ ფაქტს ნიკას დედაც დადებითად შეხვდა. მახსოვს მისი სიტყვები: “მთავარია, კარგ ქართველად გამიზარდო და შემდეგ კარგი მოჭადრაკე თუ გახდა, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება”. მოგვიანებით, მოხდა ნიკას ხასიათის რადიკალური ცვლილება, აბსოლუტურად სხვა გახდა. ვუთხარი კიდეც, თუ გინდა გახდე დიდი მოჭადრაკე, ბევრი უნდა იმეცადინო, სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა. ვმეცადინეობდით ძალიან ბევრს, დღეში ხსნიდა დაახლოებით 70 ამოცანას. ზაფხულის პერიოდი ნაყოფიერი გვქონდა. მასთან სამეცადინოდ გამოვიყენე ევროპაში და მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, პატარა ასაკიდანვე ვათამაშებდი საკმაოდ მაღალი რანგის, გამოცდილ, მოჭადრაკეებთან.
– როდის მოვიდა პირველი წარმატება?
– ნიკამ თავიდანვე დაიწყო გულშემატკივრის გაოცება. პირველი ტურნირი, რომელიც შოკისმომგვრელი იყო ყველასთვის, გახლდათ საქართველოს ჩემპიონატი რვა წლამდე ჭაბუკთა შორის, სადაც მთელი ტურნირის განმავლობაში იყო ლიდერი. ერთი უცნობი, ზუგდიდელი მოჭადრაკე, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი წარმატება, უცებ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მართალია, ჩემპიონი სხვა გახდა, მაგრამ ნიკამ მეორე ადგილი მოიპოვა და ეს იყო პირველი დიდი წარმატება, რომელმაც სახელი გაუთქვა. შემდგომ უკვე ასპარეზობდა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე. იყო ჩეხეთში და რუმინეთში. ჭადრაკი არის სპორტის ძვირადღირებული სახეობა. არცერთ შეჯიბრებაზე მე მას არ ვახლდი საზღვარგარეთ. ნიკამ მიიღო ძალიან ვაჟკაცური გადაწყვეტილება, რვა წლის ასაკში, პირველად, დელეგაციასთან ერთად, მწვრთნელისა და მშობლის გარეშე წავიდა. ძალიან გაუჭირდა. ეს აისახა შედეგზეც. ყოველი ჩართვა სკაიპით, იწყებოდა ტირილით, წუწუნით, რომ ის არის მარტო, გვეუბნებოდა, რომ ყველას მწვრთნელი და მშობელი ახლდა. ჩემთვის ამის მოსმენა მძიმე იყო. შემდეგ საქართველოს ჩემპიონი გახდა ცხრა წლამდე, მოგვიანებით, საქართველოს ჩემპიონი 11 წლამდე. მე ვთვლი, რომ მის კარიერაში, ყველაზე დიდ წარმატებას პოლონეთში, ირენა ვარაკომსკას საერთაშორისო მემორიალზე მიაღწია, აღნიშნულ ტურნირზე გზის ხარჯები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუფინანსა. მოახდინა სენსაცია-მთელი ტურნირის განმავლობაში იყო ლიდერი, საბოლოოდ, დასჯერდა მესამე ადგილს, მაგრამ… ეს იყო ძალიან კარგი შედეგი.
– რას გეუბნებიან ნიკაზე თქვენი კოლეგები?
– ჯერ კიდევ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე, როდესაც ვათამაშებდი დიდებთან, ბევრი კარგი მოჭადრაკისგან დაიმსახურა ქება, რომ ის არის კარგი მოჭადრაკე, რომ მას დიდი მომავალი აქვს. ვფიქრობ, რომ მისი სახით ქართულ ჭადრაკს ეზრდება ძალიან ძლიერი მოჭადრაკე. მახსოვს, ერთმა გულშემატკივარმა მითხრა, ნიკა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბავშვია, მაგრამ როცა შედის საჭადრაკო დარბაზის ოთახში, სადაც ტურნირი ტარდება, თითქოს გარეთ ტოვებსო ბავშურ სიცელქეს და დაბრძენებული კაცის სიდინჯით, ექვსი საათი იბრძვისო ნებისმიერი პარტიის მოსაგებად. მის მიმართ საკმაოდ მკაცრი ვარ, რადგან დარწმუნებლი ვარ, მის შესაძლებლობებში. მას არასდროს ვსაყვედურობ, რატომ წააგო პარტია. მეც მოჭადრაკე ვარ და ვიცი, როგორი შეურაცხმყოფელია ეს მოჭადრაკისთვის. ერთადერთი, რასაც არ ვპატიობ, ეს არის – სილაჩრე, როდესაც მაღალი რანგის მოჭადრაკეს ეთამაშები და ფიქრობ, რომ ის ძლიერია და მომიგებს. მოჭადრაკე უნდა იყოს ძლიერი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. სულ ვეუბნები, რკინის ნერვებიც არ გეყოფა ჭადრაკში, შეიძლება დაგიჟანგდეს, ძლიერი ნერვები უნდა ჰქონდეს მეთქი.
– ალბათ, მასწავლებელი, მოსწავლეს სულ უგებს…
– სავარჯიშო პარტიებს ვთამაშობთ ხოლმე, ნიკა თავიდან მეუბნებოდა: – მე თქვენ ვერასდროს ვერ მოგიგებთ, რაც მაღიზიანებდა. ზოგადად, არ მიყვარს, როცა მოსწავლე პესიმისტურად არის განწყობილი. სამეგრელოს ჩემპიონატში ვმონაწილოებდი. ნიკა წავიყვანე გამოცდილების მისაღებად. მოხდა ისე, რომ შევხვდით ერთმანეთს მეორე ტურში. დებიუტში კარგად ითამაშა, მქონდა მცირე უპირატესობა, მაგრამ ცოტა ხანში ვხედავ, რომ მოგება მიჭირს, რეალურად მაშინ მივხვდი, რომ ის ძალიან გაიზარდა.
– იქნებ, გაიხსენოთ, გამორჩეული ტურნირი…
– ნიკამ, ბათუმში, ვაჟთა ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. რეიტინგით ბოლო ნომერი იყო. პირველ ტურში შეხვდა ლეგენდარულ მოჭადრაკეს მსოფლიოს ექს ჩემპიონს, ბულგარელ ანტოანეტა სტეფანოვას. ძალიან დიდხანს გაგრძელდა ეს ბრძოლა. დაახლოებით ოთხი საათი თამაშობდა მაღალი რანგის მოჭადრაკესთან. ანტოანეტა იყო ცაიტნოტში, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ანტოანეტა მოუგებდა, მაგრამ ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა. ძლიერ მოწინააღმდეგესთან შესძლო საკმოდ სერიოზული პრობლემების შექმნა. სულ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდებით ვიმუშავოთ. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის წინ წავა და გაიზრდება მასზე უფრო მაღალი რანგის მოჭადრაკეებთან თამაშით. ნიკა ხშირად მეუბნება: “თუ ვერ შევძელი მსოფლიოში ვიყო ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი, ვეცდები, ყველაზე ახალგაზრდა ქართველი დიდოსტატი მაინც ვიყო”. მინდა, ერთი შემთხვევა გავიხსენო, ნიკა როცა პოლონეთში მიდიოდა, სპეციალუარად დავამზადებინეთ მაისური. ერთ-ერთ გაკვეთილზე, სიას გადახედა, ნახა, რომ 52 ნომერია და მითხრა: “მას, მე აქ რა უნდა ვქნა?” ჩვენი სკოლის დირექტორი, ბატონი გიორგი ბერაია გვერდით იჯდა და ასეთი ფრაზა უთხრა: ნიკა, რატომ ამბობ ამას, შეუძლებელი არაფერია. ეს ფრაზა ავიტაცეთ. მაისური დავამზადებინეთ, სადაც ეწერა ქართულად, რუსულად, პოლონურად და ინგლისურად “შეუძლებელი არაფერია”. ნებისმიერ ტურნირში ის იმეორებს ამ ფრაზას. როცა ეტყვიან, ის ძლიერი მეტოქეა და რა უნდა ქნა მასთან, მოგიგებს, მაშინ ის პასუხობს: “შეუძლებელი არაფერია”. ნიკამ ძალიან ბევრ ტურნირში დაამტკიცა, რომ მართლაც შეუძლებელი არაფერია.
– როგორც ვიცი, ნიკას, ნონას თასზე უნდა მიეღო მონაწილეობა…
– ნონას თასი არ ჩატარდა წელს. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის გუნდმა მეექვსე ადგილი დაიკავა, ნიკაც იყო გუნდში და დიდი გამოცდილება მიიღო დიდოსტატებთან ბრძოლაში.
– თქვენი სამომავლო გეგმები…
– ჩვენი მიზანია, უახლოეს მომავალში, უფრო მეტად მოიმატოს ნიკამ რეიტინგი. იასპარეზოს ბევრ საერთაშორისო ტურნირზე. ნიკას სპონსორი სჭირდება, სხვანაირად, მარტო ნიჭით და შრომით ვერ გახდება დიდი მოჭადრაკე. საზღვარგარეთ, ბევრი მაღალი დონის ტურნირი უნდა ითამაშოს, რაც თავისთავად, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ეკა ფარულავა